Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შეხვედრა "დიდი შესვენების" შემდეგ

შეხვედრა "დიდი შესვენების" შემდეგ
არასდროს არ არის ზღვა ისეთი მშვიდი, უშფოთველი, თვინიერი და წყნარი როგორც ოქტომბერში. არაერთგზის მითქვამს ეს და არაერთგზის დავრწმუნებულვარ ამაში როცა ზღვასთან ახლოს მიწევს ყოფნა.

რბილი სავარძელი, მუხლებზე გადაფარებული თბილი „პლედი“, ხელის გულებში დიდი ჩაის ჭიქიდან ჩაღვრილი სითბო, შემოდგომის დაღლილი ზღვა და ის საამო შეგრძნება, სითბოს, გახსნილი სივრცის, სიმშვიდის და კმაყოფილების ნაზავს რომ წარმოადგენს და ასე ძალიან რომ გავს სიტყვას „შინ“. გსიამოვნებს რბილი სავარძლის ზურგში ლამის შემალვა და ის რომ არ გცივა. გსიამოვნებს რომ არ წვიმს და საავდრო ღრუბლები მხოლოდ ჰორიზონტზე ზოლად რომ ფარავენ ჩამავალ მზეს. გსიამოვნებს რომ ირგვლივ სიჩუმეა და ოქტომბერია. შენ და ზღვა რომ ხართ... უფრო სწორედ შენ და შენი ზღვა ფიქრები...

რამოდენიმე ხნის წინ კლასელები შევიყარეთ. 15 წლის წინ შედგა ჩემი და მათი ერთობლივი თავშეყრა. შეკრებამდე სკოლის დამთავრების წელი რომ გამოვიანგარიშეთ ცოტა არ იყოს შევცბით. „თხუტმეტი წელი გავიდა? ამდენი?“. მაგრამ ეგ უცაბედი არითმეტიკული შეშფოთება ისე გააქარწყლა ერთმანეთის ხილვით გამოწვეულმა ღიმილმა და ერთმანეთის ხუმრობებით გამოწვეულმა სიცილმა რომ არავის გახსენებია ციფრები. გვახსოვდა მხოლოდ ის რომ გუშინ დერეფნებში დავრბოდით.

გუშინ მერხები გადავყარეთ მესამე სართულიდან.

გუშინ შატალო გავაკეთეთ, დაგვიჭირეს და მთელი კლასი გაგვრიცხეს- მაგრამ ნახევარ საათში აღგვადგინეს.

გუშინ სამხედრო „დიმაუშკა“ გავუშვით დერეფანში და ჩავშალეთ გაკვეთილები.

გუშინ ისევ გავაკეთეთ შატალო და იპოდრომზე „ბრის ილი მიაუ“ს ვთამაშობდით.

გუშინ გაკვეთილზე ჩუმად ვცლიდით საწერი კალმების გულებს, ვაკეთებდით „ტრუბკებს“, ვღეჭავდით ფურცლებს და ვამწარებდით ერთმანეთს გაკვეთილებზე.


ისევ მოვედით შაბათს და ისევ „გავარემონტეთ“ ჩვენივე მერამდენედ დალეწილი მერხები. როგორ დავხიეთ პიონერის ყელსახვევები და როგორ ვკითხულბდით ლექსებს 9 აპრილისადმი მიძღვნილ დადგმებზე.


გუშინ გავიდეთ მხარზე მერხი, დავიჭირეთ ხელში ეგნატე ნინოშვილის სურათი, გავიდევნეთ წინ და წივილ კივილით გამოვასვენეთ საკლასო ოთახიდან დირექტორის კაბინეტამდე. სანამ სამგლოვიარო პროცესია არ ჩაშალა გამოვარდნილმა დირექტორმა.


გუშინ ვიყიდეთ საღეჭი რეზინი "ლოვე" და ჩუმად ჩავუდეთ ჩანთაში შეყვარებულ გოგონებს

გუშინ სამხედროს მასწავლებელს ისევ მოვაყოლიეთ პალიასტომზე მის მიერ დაჭერილი ვეებერთელა თევზის ამბავი და გადავრჩით გამოძახებას.

გუშინ ქართულში საკონტროლოს დაწერამდე ერთხმად წავიკითხეთ მამაო ჩვენო.

გუშინ, დიდ დასვენებაზე ერთმანეთზე გასწრებით ჩავასკდით დაღმართს სიფრიფანა პერაშკების საყიდლად და ნება-ნება მოვილუკმებოდით.

გუშინ გაგვყვეს ქიმია-ბიოლოგიურ და ჰუმანიტარულ ჯგუფებად. თუმცა ეს მხოლოდ პირობითი გაყოფა იყო. მაინც ერთად დავდიოდით შატალოზე.

გუშინ მოვირგეთ პირველად ბიჭებმა პიჯაკები და ძალად შებნეული ჰალსტუკების წვალებით, გამოპრანჭულ გოგონებთან ხელკავგამოდებულებმა გავიარეთ ბოლო ზარის გენერალური რეპეტიცია...

მთელი თერთმეტი წელი ვემზადებოდით გენერალური რეპეტიციისთვის და ახლა უკვე იმ როლებს ვთამაშობთ, რომლებიც ავირჩიეთ, ან გვერგო, ან შეგვრჩა, მოვირგეთ, ჩვენია. ვსხედვართ მაგიდის ირგვლივ და ყოველივე ამის გახსენების შემდეგ ... მივჩუმდით. ისევ გადავხედეთ ერთმანეთს ოღონდ ეგ უკვე სხვა, ოდნავ სევდანარევი მზერა იყო.

რა კარგი იყო ეს ყველაფერი... და რა კარგია რომ ისევ აქ ხართ. რა კარგია რომ ამ ყველაფერს არ გაუდის ყავლი. სადღაც შორს დარჩენილ მოგონებებს ისევ ისეთივე წონა აქვს როგორიც მაშინ ქონდა. ჩვენში დარჩენილ ბავშვებს ისევ ისე უხარიათ თავიანთ თანატოლებთან შეხვედრა როგორც მაშინ, გაკვეთილის დაწყებამდე რომ ვიკრიბებოდით საკლასო ოთახის წინ და საუკუნის უნახავებივით ვესალმებოდით ერთმანეთს.

ეზოში ისევ ისე მოკრძალებით დგას ეგნატე ნინოშვილის ძეგლი და ისევ ისე მოთმინებით უძლებს ბავშვების ოინებს. ისევ ისე ყვავის ოსმანთუსი თავისი გამაბრუებელი სურნელით, ისევ იქვეა მეფე არტურის დიდი ქვის მაგიდა, დერეფნებშიც ისევ ისმის ბავშვების ჟივილხივილი. 

ხედი ჩვენი აივნიდან 
აქ ზარი ისევ ირეკება, ოღონდ სულ სხვას უხმობს. აღარავინ აღარ დაგვტუქსავს გაკვეთილზე დაგვიანების, გაცდენის, შატალოს გამო. გაკვეთილი დაიწყო, ეზო დაიცალა. ჩვენ სხვაგან გველიან, სხვა გაკვეთილზე, სხვა გამოცდაზე, სხვა ჩათვლაზე...

რამოდენიმე ხნის წინ, დიდი დასვენების შემდეგ კლასელები ისევ შევიკრიბეთ. ახლა კი ვზივარ და ისევ ისე ვატრიალებ ჩვენი შეხვედრის კადრებს მეხსიერებაში და სწორედ ისე მშვიდი და შემოდგომის მზით გამთბარი ვარ როგორიც დღეს ეს ზღვაა. სწორედ ის განწყობა მაქვს, რომელიც ძალიან წააგავს სიტყვას "შინ".
04.10.2011





ჩემს კლასელებს. პალიასტომი,  11ა,  სკოლა,  ზამთარი

5 comments:

  1. სკოლა ოცი წლის წინ დავამთავრეთ. დღესაც, როცა ერთმანეთს ვხდებით, იგივე ემოციები გვეუფლება რაც თქვენ აღწერეთ. უსათუთესი რამ არის სკოლიდან გამოყოლილი მეგობრობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ გამახსენეთ ეს გრძნობა.

    ReplyDelete
  2. ვერ გადმოვცემ როგორი სიამოვნებით წავიკითხე პოსტი, ღიმილი არ მომშორებია სახიდან, საუკუნეა ასეთი დოზით პოზიტივი არ მიმიღია.

    ReplyDelete
  3. :) გაიხარეთ! მართლაც უჩვეულოდ თბილი გრძნობაა როცა ბავშვობის მეგობრებს ხვდები. წარმომიდგენია რაოდენ ძვირფასი იქნება ეს გრძნობა წლების შემდეგ!

    ReplyDelete
  4. მაგიზა დეიარებოდით ბიჯო სკოლაში? ან გუშინ არცერთს არ გისწავლიათ? "დღეს" ან "ხვალ" როდის გქონდათ? :) <3 მე ჩემი გადარეული 1975-იანელების "გ" კლასი გამახსენდა <3

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]