Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

1 სექტემბერი. რევოლუციამდელი ბავშვის მოგონება

1 სექტემბერი. რევოლუციამდელი ბავშვის მოგონება

დილით ძალიან ადრე მაღვიძებდნენ. ყოველ შემთხვევაში მთელი სამი თვის მანძილზე დილაობით ლოგინში გემოზე ნებივრობის შემდეგ 7:40 უკვე არანორმალურად ადრე იყო. რვა საათამდე მაინც ვასწრებდი ერთი პირი სიზმრის ნახვას და მერე, ოჯახის წევრების შეხმატკბილებული „ადე, აშენდა ქვეყანაა“-ს ფონზე წამოვლასლასდებოდი. პირის დაბანა, ჩაი კარაქიანი პურითა და თაფლით. ფუსფუსი და ფაციფუცი. გაქათქათებული პერანგი ( ო, როგორ არ მიყვარდა ეგ ახლად გაუთოებული, გაკრახმალებულ-გაქვავებული პერანგი), „სტრელკა“ გავლებული მუქი ლურჯი შარვალი და პიჯაკი. გულდაგულ გადავარცხნილი თმა და წინადღით ჩალაგებული, ახლად ნაყიდი ჩანთა რომლის სუნი ასე ძალიან მომწონდა. ხო, კიდევ ერთი დეტალი. ახალი, ჯერ არ გაუხედნელი ფეხსაცმელები... ასე ძალიან რომ მეჯავრებოდნენ.

სიმართლე რომ ვთქვა დილით ადგომა ეს ერთადერთი დეტალი იყო რაც არ მომწონდა თორემ მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგროვილი ამბების ტომრისთვის თავის მოხსნა და კლასელებთან გაზიარება ისე მეჩქარებოდა, გეგონებოდათ დასწრებაზე ყოფილიყო. ჯერ კიდევ სკოლის აღმართზე ვეგებებოდით ერთმანეთს. ვყვიროდით, დავრბოდით, ვიცინოდით. სკოლის ეზო სავსე იყო თეთრპერანგიანი ბავშვებით. დუღდა სკოლა.

საკლასო ოთახი დაწიკწიკებული, თაფა გადაღებილი, მერხები შეცვლილი ( ო რამდენი რამის დახატვა შეიძლებოდა ზედ ) თაროებზე ახალი წიგნები გვხდებოდა დალაგებული. მხოლოდ დიდი გენიოსები ისევ ისე გადმოგვყურებდნენ თავიანთი ჩარჩოებიდან როგორც შარშან.
„ხო, არ ისწავლო ნენა. რად გინდა!? ვინც ისწავლა ქე არიან აგერ, ლურსმნებზე ჩამოკიდებულები - მათემატიკის მასწავლებელი“
მშობლები გარეთ რჩებოდნენ, ჩვენ ადგილებს ვიკავებდით მერხებთან. ისევ ვყიჟინებდით, ვხმაურობდით, გოგონებს ბაბთებს ვუშლიდით, ზოგი უკვე სახლში დამზადებულ, რვეულის ფურცლის თვითმფრინავებს უშვებდა. ზოგიც ახალი „პენალი“ ით იწონებდა თავს. ზოგიც რაღაცას ყვებოდა.

გახსოვთ მარწყვის არომატიანი საშლელები? ფანქრები რომლებიც „იღუნებოდნენ“, სახაზავი - რომ ამოძრავებდი და იქ ნახატები იცვლებოდა.
რამდენი პატარა ბედნიერება გვეყარა ჩანთაში.

ბოლოს კი შემოდიოდა დამრიგებელი თაიგულების უზარმაზარ მთას „მასწავლებლის“ მაგიდაზე ახოხოლებდა, მრავალმნიშვნელოვნად პაუზას გააკეთებდა, ღრმად ჩაისუნთქავდა, კლას თვასლ მოავლებდა და:

-       -  დილამშვიდობისა ბავშვებო
-         -დილა მშვიდობისა მააასწ.

პირველი მერხიდან ბოლოში გადაგვსვა ფოტოგრაფმა, არ ეტევით კადრშიო. ჩვენ და ლიანა მასწ.
მხოლოდ პირველი გაკვეთილის მერე ვხდებოდით რომ ზაფხული, მდინარეებით, ზღვით, ფეხბურთით, შტაბითა და კიდევ ათასი მოფიქრებული მაგრამ საოცრად საინტერესო თავგადასავლით უკვე საკლასო კარს იქეთ დარჩა. ახლა სხვა, უკვე სასკოლო ოინების ჯერი დგებოდა.


მერე პირველი დასვენება. მასტიკით გაპრიალებული დერეფნები, სადაც ასე გემოზე შეიძლებოდა სრიალი და რაღათქმაუნდა ბუფეტი. არ გშიოდა, არც გწყუროდა მაგრამ მაინც იბრძოდი რიგში რათა უგემრიელესი ფუნთუშა პოვიდლოთი, "კორჟიკი", "ენა" ან კატლეტი და პური (ხშირად გვეშლებოდა რომელს უფრო ქონდა ხორცის გემო, მაგრამ ...) მაინც დაგეთრია სქელ კისელთან ერთად. ეგ ხომ აუცილებელი იყო. რას ამბობ!? სკოლის ბუფეტში გაკეთებული "ენა" ... 

მერე კი ისევ გაკვეთილი. მერე ისევ დასვენება. გაკვეთილი. დიდი დასვენება. ნაძვნარი. ფისკულტურის გაკვეთილი, ამოჩაჩული პერანგი, მუხლებზე დასვრილი შარვალი, გაოფლილი შუბლი, აწითლებული ლოყები და გაბრწყინებული თვალები ...


შემოდგომის პირველი თვის პირველი დღე... ახლა უკვე მეორე კლასელი ხარ. რაოდენ დიდია ეგ წოდება რომ იცოდეთ. ერთი, საკმაოდ სერიოზული წელი უკან დარჩა. შენ უკვე აღარ ხარ პირველკლასელი. პინგვინების გუნდივით რომ ერთად დადიან დერეფნებში. შენ უკვე ამ სკოლელი ხარ. ეს სკოლაც, ეს დერეფნებიც, საკლასო ოთახები, ეზო, ბუფეტი, ნაძვნარი უკვე შენია და რაღაც სიამაყესაც კი გრძნობ. ეს შენი მეორე სამყაროა რომელიც უკვე შენი გახდა და გიხარია რომ აქ ხარ...
გახსოვთ ეს ემოციები !?

ეს პირველ სექტემბერს ხდებოდა. ჩემს ბავშვობაში. რევოლუციამდე და ომამდე ...

გაგრძელება იქნება ;)

10 comments:

  1. საყუარლობაა :))

    ReplyDelete
  2. იი, გამახსენდა და ყურებამდე გაღიმებული ვზივარ! რა კარგი დრო იყო მართლა. რატომღაც მგონია რომ სკოლის ფორმა მაინც კარგი რამ იყო. "ჩანთის სუნი" კი მეც კარგად მახსოვს. თხელი, ლურჯი რვეულები, ზემოდან რომ ვაწერდით სახელს და გვარს... კარგი იყო

    ReplyDelete
  3. ამიჩუყდა გული :(

    მე პირველ დღეს მეუფემ რაღაც წიგნი მაჩუქა რომელიც დღემდე არ გადამიშლია :)) მაგრამ მაინც საპატიო ადგილზე დევს წიგნების თაროზე :))

    ReplyDelete
  4. კარგი რამ იყო ბავშვობა. მართლა სულ სხვა განცდა მოჰქონდა პირველ სექტემბერს. ის ლურჯი რვეულებიც მახსოვს და კიდე ბევრი რამ. მაგას მომდევნო პოსტში გავშლი ;)
    წიგნებს არ გვჩუქნიდნენ. სად იყო ამდენი ბედნიერება :)

    ReplyDelete
  5. gaixaret,yovel 1 seqtembers ragac,,sxvanairad,, var da axla mivxvdi IS emocia yofila,gulic amichuyda,ase megona chems ambavs yvebodit,tumca sxva skolashi.madloba.

    ReplyDelete
    Replies
    1. "ჩვენ ყველანი ბავშვიბიდან ოვდივართ" ;) თუცა როგორც ჩანს ყველას ასე არ ახსენდება სკოლის პერიოდი

      Delete
  6. 30–31 აგვისტოს ჩამოვდიოდით ხოლმე სოფლიდან ან კურორტიდან და პირველ რიგში, კარადებს და უჯრებს ამოვქექავდით ახალი რამე–რუმეები რომ მოგვეძებნა. როგორც წესი, დედა გვახვედრებდა ახალ ჩანთებს, პენალს, რვეულებს და რა ვიცი, ატას რამეს, ნუ, ხო, ახალ ფეხსაცმელ–ტანსაცმელს (თუმცა რათქმაუნდა მე–6 კლასამდე უნიფორმით დავდიოდი:)

    ReplyDelete
    Replies
    1. უნიფორმა :) ღარაცნაირად კარგი იყო ეგეც :)

      Delete
  7. ნეტა რამდენიმე წლის შემდეგ მეც ეგრე თბილად გავიხსენო სკოლა. ეჭვი მეპარება. რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა, ნაწილი პირიქით. მაგრამ მგონი დამოკიდებულება დარჩა იგივე, განცდა რომ ორ კვირაში სკოლაში წავალ დეპრესიაში მაგდებს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ერთადერთი დისკომფორტი რაც ქონდა ამ ყველაფერს - დილით ადგომა იყო მთელი 11 წლის განმავლობაში.

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]