Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

საღამო

საღამო

მშვენიერი ამინდი. სწორედ ისეთი - მისი სათანადოდ არ გამოყენება დანაშაულის ტოლფასი რომ შეიძლება იყოს. მზით გამთბარი ტერასა და ზღვა. სიმართლე რომ გითხრათ, როცა ასე, ყოველდღიურად ხარ მის სიახლოვეს, რაღაცნაირად ეჩვევა თვალი. ისიც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება როგორც სახლში, კედელზე თქვენი საყვარელი სურათის ხილვა. იცით რომ ძალიან მაგარი ნახატია, ძალიან გიყვართ, მაგრამ ის აქარის უკვე 20 წელია და დარწმუნებული ხართ რომ კიდევ დიდხანს იქნება... თუმცა ამაზე არც ფიქრობთ. ის უბრალოდ არის. ისე, ზოგჯერ თუ მიაჩერდებით და გაგახსენდებათ... უფრო სწორედ კი გაიხსენებთ. ან სულაც ვინმეს დაიმოწმებთ. ხოო.. მართლა რა ლამაზია არა!?..
.მანამდე კი უბრალოდ „ის აქ არის“. ხოდა სწორედ ის პერიოდია, როცა „ის აქ არის“ უკვე აღარ კმარა. ახლა თავიდან გიყვარდება სულ სხვა ზღვა. ეს ის აღარ არის თოვლიან ნაპირს ყავისფერი ტალღებით რომ ლოკავდა ზამთარში. არც ის - აზვირთებული, ყალყზე შემდგარი შავი ტალღებით რომ ღეჭავდა ჭოროხის ქვიშას.... ახლა ის ლურჯია, მწვანეა, ზურმუხტის, ქარვის და აქატის ფერი... ალბათ ერთად ერთი ზღვაა რომელსაც ამდენი ფერის შეხამება შეუძლია ერთბაშად... შავი ზღვა... როგორ ეშინოდათ შენი ბერძნებს... მხოლოდ კოლხმა მეზღვაურმა აგიღო ალღო... რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ერთად ერთი კარიბჭე იავი საინდანაც არგონავტების გარდა მტერი არასდროს მოგვდგომია. ყველანი ხმელეთით მობობღავდნენ. დაბადებით მტკნარ წყლიანს, ბოსფორის ყელის გარღვევამ თითქმოს გაგაევროპულა და თან მოიყოლა ქვეშ ათასი მითი და ათასი ზღაპარი.. და ის მითიური არსებები, გმირები და ურჩხულები რომლებიც შენს წიაღში იშვა და იქვე დარჩა.

ხო, მალე მომიწევს შენი შეწუხება და მათი ხელმეორედ გაცოცხლება. მაგრამ არაუშავს. 

ჟღალთმიანმა ყავის მოლოდინში მორიგი სიგარეტი ჩაახშო...

- იცი, ჩვენთან ოკეანეს სულ სხვა ფერი აქვს... აქ კი... (სიტყვას ეძებს).. აი ისეთია...
- ისეთი როგორი?
- ნუუ.. ისეთია... უჩვეულო...
- შენთვის უჩვეულო თუ როგორ?
- ხო. გეგონება ხასიათის მიხედვით იცვლის ფერს.
- ხო, მასეც არის...
- მართლა?

ბათუმში ცა მოწმენდიალია. მაგრამ კავკასიონის ქედი მაინც არ სჩანს. იქეთკენ მიუყრია ღრუბლები ქარს. აჰა, ჩემი ყავაც მოვიდა. ძალიანაც კარგი. ყავია და ზღვის ჰორიზონტის ცქერა ერთი მეორეზე უკეთესი სიამოვნებაა. აი ერთად კი... იმ მომენტს ბადებს. შენი თანამოსაუბრის წინაშე დუმილის გამოყენების სრულ უფლებას რომ განიჭებს... მოსვი.. გაინაბე და გაჰყევი ზღვაზე დასავლეთისკენ გაგებულ მზის ბილიკს ფიქრით. არარის უხერხული. იმიტომ რომ შენი თანამოსაუბრეც უკვე იქაა... მზე ჩადის და აბა სხვაგვარად როგორ იქნება!?

აჰა. ჯერ კიდევ ადრეა... კანით ვგრძნობ ზღვის მარილს და საღამოს ბრიზის მიერ მოტანილ იოდის, ზღვის და გახურებული ქვიშის სურნელს. ჯერ მაინც სიგრილეა. თუმცა ეგ მხოლოდ ჯერ. მალე აქ ასე წყნარად ვეღარ დავჯდები. ახმაურდება მუსიკა, აჟრიალდება დანა ჩანგალი, აწკრიალდება შუშის ჭიქები, აყვება ხალხიც და ზღვის ხმა ამ ორომტრიალში სადღაც გაქრება. უბრალოდ ისე იღელვებს, დამსვენებელ-დამხდურის ხმაზე. ზაფხული მისას ითხოვს.


ზღვის ხმა მიწყნარდა... ხალხიც მიილია პლაჟზე. სადღაც იქით ახალი მთვარის ნამგალი გამოჩნდა. დღეც ჩაიწურა, ყავაც დაილია, ჩემი ნოუთბუკიც სულს ღაფავს. ახლა უკვე ზღვასთანაც შეიძლება ჩასვლა და მიწყნარებულ ტალღებში მუხლამდე შესვლა. მიუხედავად იმისა რომ ზვა უცხო არ არის, მაინც განსაკუთრებული, უცნაური და ყოველთვის განსხვავებული შეგრძნებაა როცა წლის განმავლობაში პირველი შედიხარ ზღვაში... სხეული იხსენებს მივიწყებულ შეგრძნებას. თავიდან გაურკვეველი ცივ-ცხელ-ნელთბილი შეგრძნება... შემდეგ კი უცნაურად საამო... შვებამდე დასული სიამოვნება... ღამით ზღვა სულ სხვაა... ჟღალთმიანის არ იყოს - "დღეს ღამით ზღვა კარგ ხასიათზეა"...

მალე ხოჭოების, აწითლებულიკანიანი გოგონების, ნაშუადღევზე დამწვარ ზურგზე სქლად გადასმული მწვნის, ინტურისტებთან ტასაობის, მყუდროში ზასაობის, ბიკინების, „რაზნიცების“, სხეულის მყუდრო ადგილებიდან გამონათებული ტატუების, დაბრალებული ჯაზის სიყვარულის, ფეშენ ფართების, გლამურულობაზე ფეხის დაბიჯების, მთელი წლის დანაზოგის ფრონცკი კოქტეილებშ გახარჯვის, რუსულ შანსონში გადახდილი ჯარიმების, ტაქსისტების და „ხაზეიკების“ ბედნიერების, ნახევრად გამომცხვარი აჭარული ხაჭაპურების,  ციტრუისს ქვეყანაში ორ ლარად გაყიდული ნახევარი ლიმონის, კინოთეატრშეპირებული კინოფესტივალის, ძალად „გადიკებული ძიკი პლაჟის“ და საუბრიდან გამქრალი ხმოვნების სეზონი დაიწყება. მანამდე კი  სიმშვიდეა. ზოგჯერ ზედმეტად წვიმიანი. მაგრამ დღეს ისეთი დღე იყო და მშვენიერი ამინდი. აი ისეთი... ხო მიხვდი!?

3 comments:

  1. შეუძლებელია რაა... შენ მაქ გაქვს და მე აქ ნერვები მეშლება. თან მსიამოვნებს ამას რომ ვკითხულობ :)

    ReplyDelete
  2. ვხვდებიიი :)))

    ReplyDelete
  3. :) ხომ ხედავ. აქედან ვცდილობ გაგამხნევო, ზღვა რომ ახლოს იყოს შენთან :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]