14.07.2016

გადაიფარე ზღვა


ჩართე.... და გადაიფარე ზღვა


თვალებს ხუჭავ, ცხელა. სხეულიც ისეა გახურებული რომ კენჭები უკვე აღარ გგონია ისეთი ცხელი როგორც მოსვლის დროს იყო. წევხარ გაუნძრევლად. ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს. 
ცხელა.


თვალები დახუჭული გაქვს, მაგრამ ქუთუთოებში მაინც იღვრება მოლურჯო-მოიისფრო შუქი და გუბეზე დაცემული წვიმის წვეთივით ტოვებს სიბნელეში ფერად, ციცქნა რგოლებს. შორიდან ტალღის ხმა გესმის, ჩუმი, შემპარავი. გუშინდელივით თამამი არა. გუშინ სველი კენჭების ყრუ ხრაგუნიც მოჰყვებოდა მის ხმას. დღეს კი წყნარია, ზანტი.  მიუხედავად იმისა რომ იცი, თავნება და დაუმორჩილებელია, თვალდახუჭული მაინც სცდილობ ტალღების რიტმი დაიჭირო. თუმცა ყოველ ჯერზე ცდები. ზოგჯერ მიყუჩდება, ჩაჩუმდება. ელი, ახლა, აი ახლა უნდა მოვიდეს. მაგრამ არ მოდის. დაინტერესებული ის ისაა თვალის გახელას აპირებ რომ... შშშშშ... მოვიდა... უფრო თამამი ვიდრე წინა, მაგრამ ხომ მოვიდა?!

ცხელა. 
ნიავი ჩადგა. გაუსაძლისია წოლა. 
ზღვა კი ისე წყნარია, ისეთი საინდო. გინდა ჩახვიდე და მისი ტალღა როგორც გრილი საფარი ისე გადაიფარო გავარვარებულ სხეულზე.

დგები. 
იმართები და არეული ნაბიჯით მიდიხარ მისკენ. ერთი, ორი, სამი ნაბიჯი და ფეხებით გრძნობ თითქოს ცხელი... ჰაა... არაა. გრილი, მაცოცხლებელია...მთელს სხეულზე გადაგირბენს სიგრილის სიამოვნების ტალღა. რამოდენიმე წუტი ასე დგეხარ. ეჩვევი. ზღვა კი პატარა ტალღებით გეთამაშება. მოგვარდება და სიგრილეს ჯერ კიდევ შეუჩვეველ სხეულს გადაუვლის. ფეხის წვერებზე იწევი, ჰარეს ღრმად ისუნთქავ და მუცელსაც შეზნექ, გსიამოვნებს. ზღვამაც იცის ეს

დგეხარ და გბეზრდება დგომა, სიგრილის ნელ ნელა შეჩვევა. მეტი, უფრო მეტი სიგრილე გინდა და.... ფიქრი არ უნდა ...რაც უფრო დიდხანს ფიქრობ, მით უფრო გიჭიანურდება... მძლავრი ბიძგი, ნახტომი და.... ზღვაში ხარ. ამჯერად მთლიანად, თავით ფეხებამდე წყლის სტიქიაში ხარ. ყრუ დგაფუნის მერე სამყაროს წყალსზემოთა ხმები ყრუვდებიან. მხოლოდ საკუთარი გულის ცემის ყრუ ხმას ისმენ. სხეულზე კი  დარჩენილი მოვერცხლო-მოცისფრო ჰაერის ბუშტუკების უსუსურ შეებას გრძნობ. წუთით ჩერდები. თვალებს ახელ და ზღვის მოლურჯო-მოშავო წიაღისკენ იყურები. ზემოდან კი უკვე თხევადი ცა დაგნათის.


უწონადობის, სიჩუმის და სიმშვიდის უჩვეულო შეგრძნება გეუფლეა. დრო ჩერდება. ხელების მოძრაობით ცდილობ გააკონტროლო შენი მდომარეობა, ბოლოს კი ეშვები. ზღვას ნებდები. მკერდს წინ სწევ, ხელებს შლი და ხედავ თუ როგორ უახლოვდები ნელინელ თხევად ცას. 
მთელი სხეულით მიიწევ მისკენ და ბოლოს შედიხარ მასში. ტივტივებ. ზღვა გარწევს. ყურები ჯერ კიდევ წყალში გაქვს, ისევ სიჩუმეა. შენს პირდაპირ კი ამჯერად ცის მუქლურჯი წიაღია.

თოლია, თეთრი თოლია, ბოლოებისკენ ჩაშავებული ფრთის წვერებით ლურჯი ცის ფონზე და მზე.

სხეული იმდენად მოდუნებული გაქვს რომ ძილის სურვილი გიპყრობს. ზღვაც ხვდება ამას და აკვნივით გარწევს მის ტალღებში. სიმშვიდეა.
.....
ამოდიხარ.

დარბილებულ ფეხისგულებს უხერხულად ადგამ კენჭებზე. სხეულით გრძნობ, ისე აღარ ცხელა როგორც ადრე. წვები. შრები. მაგრამ კანით მაინც გრძნობ ზღვას. მის სუნს და ასე იქნება მანამ, სანამ  შხაპიდან ქლორიანი, ცივი წყლით და საპნით არ ჩამოიბან მის მოგონებას. მანამდე კი...

წევხარ.
ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს.

თვალებს აღარ ხუჭავ...


მზე ჩადის ზღვაში...

Post a Comment

6 комментариев:

  1. როგორ შევიგრძენი ეს ყველაფერი, შენ არც კი იცი... ზღვა ჩემთვის სიცოცხლის და ბედნიერების სინონიმია.ამ დროს როგორ მეშინია, რომ იცოდე, სანამ შევალ ველაპარაკები და ვეხვეწები, რომ არ გაბრაზდეს და არ დამახრჩოს :), მუხლები მიკანკალებს შიშისგან, თავი ჭიანჭველა მგონია და მაინც შევცურავ ხოლმე... მზის ზოლზე გასრიალება-აი ამ დროს მაქვს ხოლმე ის შეგრძნება, რაც შენ აღწერე :)

    ОтветитьУдалить
  2. :)უნდა მიენდო... მაშინ გაცილებით მეტს ისიამოვნებ:) მართალი გითხრა მიძნელდება უზღვო ქალაქში ცხოვრებაზე ფიქრიც კი. გაიხარე!

    ОтветитьУдалить
  3. კიდევ ერთხელ მოვუბრუნდი ამ ჩანაწერს და რაკი მიზეზთა გამო წელს უზღვაოდ ვარ განწირული, კიდევ უფრო შემომეწონა :) წავიღებ ჩემთან მეგობრების პოსტებში

    ОтветитьУдалить
  4. :) ეგ თუ გაგიადვილებს უზღვობას - წაიღე :)

    ОтветитьУдалить
  5. იცი, უბრალოდ არ იცი რომ იცი :) რომ შეხვალ ზღვაში მერე გაგახსენდება

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!