Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კვირა - როგორც ასეთი !

კვირა - როგორც ასეთი !

კვირა. ცხელოდა, ძალიან ცხელოდა. ავტორის ავტოგრაფ დადებული წიგნიც სახლში ძალიან ძნელად იკითხებოდა. ხოდა ავდექი და გავედი გარეთ. გზად ჩემდასაცდუნებლად დაარსებულ-აშენებულ ბულანჟერიაში შევიარე, ლორიანი ლობიანი ავიღე და სასმელ-სანოვაგით მომარაგებულმა თამამად გავეცალე ქალაქს. საჭიროა, კი, ნამდვილად საჭიროა კვირა დღეს მაინც გახვიდე ქალაქ გარეთ, ან ცოტათი მაინც მოშორდე მას. მითუმეტეს თუ მთელი კვირის განმავლობაში "გრელანდიის" გატანაზედ უშედეგოდ იღწვი და  არც ყუფარაძეს  არ გადმოურეკავს - მარკშეიდერები კი მოდიან და მოდიან. 
მოკლედ
საჭირო და ასმაგად სასიამოვნოა ამ ყველაფრის შემდეგ გასვლა და დასვენება.
ხოდა გავედი.



შეზლონგზე გავიტრუნე. მზე აცხუნებდა. შორიახლოს ზღვა ლიცლიცებდა. ირგვლივ ადამიანის ჭაჭანებაც კი არ იყო.მოკლედ,  მშვენიერი გარემო იყო წიგნის საკითხავად. მსიამოვნებს როცა კითხვის დროს ხელს არ მიშლიან. ამიტომაც ხშირად ვსტუმრობ ახალ ბულვარს. ქალაქის ცენტრშიც შეიძლება შეზლონგის შოვნა და გაწოლა, მაგრამ იქ წაკითხული წიგნი მე არ მახსოვს. უფრო სწორედ წაკითხულიდან აზრის გამოტანას ვინ გაცდის. ან ვიღაცა ნაცნობი ჩამოგივლის და საუბარს გაგიბამს, ან კიდე ისეთი გასარუჯი სხეული ჩამოგივლის... წიგნს საკითხავად კი არა მოსაჩრდილად უფრო იყენებ, კარგად რომ შეათვალიერო. იწექი მერე და იბუქსავე ერთ ფურცელზე ამ "რაზნიცების" შემყურე. მოკლედ, თუ კითხვა გინდა და სიჩუმე სწორედ აქ არის. ვიწექი და ვფურცლავდი ნება ნება.



მზემ მაგრად რომ "დააჭირა" ჩეროს შევაფარე თავი. სულ სხვაა ბალახის სურნელი და ჩეროში წოლა... რაღაც მშობლიური...ნაცნობი.. ნოსტალგიური
აქ არც ავტომობიების ღრჭიალის ხმა და არც დამსვენებელ-გამრუჯველთა ყაყანი არ გაწუხებს. წევხარ არხეინად და ი სვე ნებ ... თუმცა მანამ, სანამ შვილისშვილის სიგამხდრით შეწუხებული ბებო საკმაოდ ჩაფუნთრუშებული შვილშვილითურთ არ დამკვიდრდება გვერდთა შელონგზე.
- ბებია, ჩავალ რა ზღვაშე ?!
- დეეტიე აქ, სა გზდიო მერე მე?
- რატო უნდა მსდიო, წყალში ჩავალ
- დაჯექი ჯერ და ეგ კატლეტი შეჭამე
- არ მშია, სახლში ხო ვჭამე ?!
- არ გშია ... არ გშია და ქე გაგდის ლანდი.
- აუუ, არ მშია
- ჭამე, ეს ორი ცალი მაინც ჭამე ბებიკო გენაცვალოს
- აუ, ბებიაა...
- ჭამე, თორე წაგიყვან სახლში
- ....
- მეორეც
- ....
- კამფოტი დააყოლე
- ჩავალ რა ზღვაში
- სიცხეა ახლა, რა გინდა ზღვაში ?!
- აბა რა ვქნა აქ ?
- აგერ, აი მესამე კატლეტიც შეჭამე, ეგ რაღა დასატოვებელია ბებია... ნახე რა ჩასუქებული კატლეტია...
- .....
ბავშვა თითის დახმარებით ჩაიტენა ბოლო კატლეტი და გაისუსა. ეტყობა შეეშინდა მორიგი შეკითხვის შემთხვევაში ბებიას კიდევ რაიმე საჭმელი ან სასმელი არ დაეძრო თავისი ჯადოსნური ჩანთიდან. იჯდა ასე გამძღარ დანაყრებული, არც ზღვაში ჩასვლის სურვილი და არც შეძლება აღარ ქონდა. "ტრაპეზა" დასრულდა და სიჩუმეც დაბრუნდა.


ველოსიპედის ზარმა გამომარკვია.
- რას შვები დავით? როგორ ხარ ? -  ვაჟა იყო, ტუღუში. თავის სპორტულ ველოზე ამხედრებული.
- რავიცი ვაჟა, ვისვენებსავით . შენ როგორ ხარ ?
- მეც არამიშავს, აგერ, ვსეირნობ. კარგი ადგილი კი ამოგირჩევია წიგნის საკითხავად. სიწყნარეა - მომიწონა იდეა - თან აეროპორტი ... ეს თვითმფრინავები ... შენს წიგნსაც თვითმფინავი ახატია ? - მხოლოდ მაშინ დავაკვირდი, ტურაშვილის "ამერიკულ ზღაპრებს" ვკითხულობდი. ყდაზე მანჰეტენი და თვითმფრინავი ეხატა.
- ხო, დაემთხვა - გავუღიმე მე
- რომანტიკა - გამიღიმა ვაჟამაც - კარგი, აღარ შეგიშლი ხელს. აბა დროებით
- დროებით - დავემშვიდობე მეც და ვაჟაც სწრაფად მოეფარა თვალს.
ისევ სიჩუმე, მზე, ზღვა და წიგნიდან ამოკითხული ისტორიები...


გავიღვიძე სწორედ ისე ზღაპრის პერსონაჟები რომ იღვიძებენ ხოლმე. დავკონკრეტდები, ძირითადად ფიფქიას ემართება ეგ. არა, ჯუჯები არ მომლანდებია. ჩემს ირგვლივ სხვადასხვა ჯიშის, ზომისა და შეფერილობის ბარე 8-9 ძაღლი წამოწოლილიყო და სევდიანი თვალებით ელოდნენ ჩემს გამოღვიძებას. გავიღვიძე თუ არა ისინიც გამოცოცხლდნენ, თავები წამოყვეს და მომაჩერდნენ. ცოტა არ იყოს დავიბენი, ესოდენ მრავალრიცხოვანი დელეგაციის დახვედრა, თან ასე გაუფრთხილებლად - ვის არ დააბნევდა. არც ერთს არ უფიქრია ახლოს მოსვლა, უბრალოდ იწვნენ და მიცქერდნენ. გაქცევა ან მათი გაყრა არც მე მიცდია, უბრალოდ წიგნი ავიღე და კითხვა განვაგრძნე, ერთი ისიც ვიფიქრე, უხერხულად რომ არ ეგრძნოთ თავი, წიგნის ხმამაღლა კითხვა ხომ არ დამეწყოთქო. ეგებ აინტერესებდათ ტურაშვილის შემოქმედება... ბოლოს გამახსენდა . ჩანთაში "მარშეს" ლორიანი ლობიანი ფენოვანი მედო და მგონი სწორედ მისმა საამო სურნელმა მოკრიბა ეგზომ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩემს ირგვლივ. გადავიხარე, ფენოვანის ამოღებას გარშემომყოფებმა წუთიერი პატივი მიაგეს ფეხზე წამოდგომით. გაისუსნენ და დაიძაბნენ. ფენოვანი რამოდენიმე ნაწილად გავყევი და  შეძლებისდაგვარად - " სამართლიანად" გავუნაწილე.
ყველას არ ეყო .. მაგრამ მიხვდნენ მეტი აღარ აქვსო ... სასტავი დაიშალა. კითხვა გავაგრძელე. მზე დასავლეთით გადიხარა, საამო იყო შიგადაშიგ შესვენება და ჰორიზონტის ცვალებადი ფერებით ტკბობა... კაია


ბოლოს, როგორც იქნა ტურაშვილი "დავაბრუნე" ისტორიულ სამშობლოში. მზეც ჩავუშვი ჰორიზონტს მიღმა, ძაღლებიც დავაპურე (დავალობიანე) და მივხვდი რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვეღარ გავწვდებოდი. ამიტომაც ავლაგდი, ჩემს ველოზე შემოვჯექი და ... ისევ იმ ჩვეული, რუტუნული კარუსელის ფერხულში ჩასაბმელად ისევ ქალაქისკენ გამოვეშურე. 

კი, კარგი დღე იყო კვირა. მითუმეტეს როდესაც კვირა კვირაა და არა ორშაბათი, ან ხუთშაბათი.

2 comments:

  1. თორნიკეWednesday, June 12, 2013

    მიყვარს ასეთი მყუდრო კვირა დღეები.შენთვის რომ მიდი-მოდიხარ:)

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ძალიან კარგი რამაა. რეალურად ისვენებ

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]