თუ აქამდე მხოლოდ ბიბლუსს "ვაღმერთებდით" ქართულ მწერლობასთან ზიარების საშუალებად და შიგადაშიგ ყოფილი ტელმანის ქუჩაზე მდებარე ძველისძველ წიგნის მაღაზიასაც გავიხსენებდით - საიდანაც ძირითადად რუსულ ენოვანი წიგნები გამოგვქონდა. "წიგნები ბათუმში" ამ ორ სეგმენტს თავის თავში აერთიანებს. რაც ძაალიან მიხარია.
მართალია სულ სამჯერ შევესწარი წიგნის მაღაზიის გახსნას და დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ თვით "ბატონი წამყვანი" და ინტელექტუალთა არც თუ მცირერიცხოვანი "ამალა" ბათუმში რიგითი მაღაზიის გამო რომ არ ჩამოვიდოდნენ ცხადია. მაღაზიის გახსნის იდეა და ფრთაშესხმაც მათ მეგობრებს - ირაკლი ბაკურიძეს და მარი კორინთელს ეკუთვნის და სწორედ მათ კიდევ ერთხელ დიიდი მადლობა.
აბა გამოიცანით - რომელი წიგნი გადადიოდა ხელიდან ხელში და რომელ ავტორს მოეძალებოდა ამ საღამოს სლოკინი ?! თუმცა არა მხოლოდ მარტინს. აქ თითქმის ყველამ ნახა თავისი საყვარელი ავტორი და წიგნი, რომელიც ჯერ არ წაუკითხავს, ან დიდი სიამოვნებით გადაიკითხავდა. დავა იმის თაობაზე თუ რომელი ავტორი რა ჟანრში იყო ან არის უფრო ძლიერი, რომელ ნაწარმოებში სად უმუხთლა იღბალმა და სად გაუმართლა იმდენად საინტერესო იყო მოსასმენად რომ მაღაზიაში "ჩამოსაჯდომის" არარსებობა გავაპროტესტე - დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი და მოვუსმენდი მათ კამათს. აი ვინც არაფერს არ აპროტესტებდა და არც დაჯდომის დაუკმაყოფილებელი სურვილი არ აწუხებდა ეს პატარა მკითხველი იყო. ეგრევე მონახეს თავიანთი ადგილები, საინტერესო წიგნებიც გადაშალეს და მალე "საბავშვო კუთხიდან" ხან ოკიანის შრიალის და ხანაც იხტიოზავრის ღრიალის ხმა გამოდიოდა. დროდადრო რომელიღაც ბავშის - "მიდა ეეეს" ისმოდა, მაგრამ ეგ არაფერი.
ბებერი რეი წლის ამ მონაკვეთში იკითხება ყველაზე გემრიელად. სხვათაშორის ვიკითხე კიდეც მართა იყო თუ არა ბაბუაწვერას ღვინო შუშის დოქში... გაინტერესებთ პასუხი? მიდით მაღაზიაში და გაიგებთ |
მოკლედ - წიგნის ვერ შოვნა საწუწუნოდ აღარ გვაქვს. ალელუია... რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ ...
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!