Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბაბუაწვერა და იასამნისფერი განწყობა

ბაბუაწვერა და იასამნისფერი განწყობა



ნისლმა როგორც იქნა თავი გვანება. ლურჯი ცა, ზღვა და სითბო რომელსაც მთელი სხეულით და სულით გრძნობ. ამ ყველაფერს კიდევ ერთი სიკეთე დაემატა - ბულვარის ღია ბარები. დაჯექი სუფთა ჰაერზე, არც არავინ გაბოლებს სახეში მისი ფილტვებიდან ამონასუნთქ ხმელი ბალახის ბოლს. არც კედლები გზღუდავენ და გაბეზრებენ თავს უკვე მოყეჭებული სურათებით. ზიხარ ღია აივანზე და უყურებ როგორ მოფრინავენ დასავლეთიდან თოლიები, თუ როგორ იკვლევენ გზას პინგვინებივით ერთ გუნდად მოსიარულე თურქი ტურისტები. თუ როგორი ნეტარი სახით დასეირნობს ორბორბლიან თვითმავალზე შემდგარი პოლიციელი ველო ბილიკზე. თუ როგორ მიცოცავს დღე დასასრულისკენ და შენ უბრალოდ ზიხარ და უყურებ ყოველივე ამას ღია აივნიდან. სვამ ყავას, უსმენ მუსიკას, დაძვრები ნეტში და უბრალოდ ისვენებ ... აი ასე, გატრუნული, მზეს მიფიცხებული . საამო საყურებელია გამოღვიძებული და მწვანედ შეფერილი ... ხო, შეძლებისდაგვარად შეფერილი ბათუმი. დღეს შევამჩნიე რომ ჩემი სახლის წინ მდელო მოფენილი იყო ბაბუაწვერებით. ეტყობა თითქმის ერთკვირიანი ნისლის გადამკიდემ შეუმჩნევლად დავტოვე ეს, ჩემი ბავშვობის დროინდელი ძალზედ სახალისო და გასართობი მცენარე.


ამ მცენარეს რომ ვხედავ ყოველთვის ორი რამ მახსენდება. პირველი ეს ლეგნდარული ფრაზაა, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გაგვიგია ბავშვობაში " ფრთხილად იყავი, არ იცი ეგ ერთ ბავშვს ყურში შეუფრინდა და მერე ის ბავშვი დაყრუვდა."


მეორე კი ის არის, ერთმა ლამაზმა გოგომ რომ მასწავლა - სურვილი უნდა ჩაიფიქრო, ბაბუაწვერა მოსწყვიტო და სული შეუბერო. თუ ყველა ბუსუსო გასცვივდა ესეიგი აუცილებლად აგისრულდება -ო .


დღე დასასრულისკენ მიექანებოდა. ნელინელ, აუჩქარებლად.  ეს პროცესი რაღაცნაირად წააგავს საზაფხულო სეზონის გენერალურ რეპეტიციებს. ნელინელ იპარება ზაფხულის ფერები მაისის პალიტრაშიც.


საოცარი მაგია აქვს ზღვას. კაცმა რომ თქვას რა არის აქ უჩვეულო. მზე ხომ ყოველ დღე ჩადის დასავლეთით. მერე რა მოხდა დარია თუ ავდარია. ხო, თეორიულად ეს ასეა რაღათქმაუნდა. მაგრამ რეალურად არც ერთი მზის ჩასვლა არ გავს წინამორბედს თავისი ფერთა გამით. რამდენჯერ მინახავს და რამდენიც გადამიღია ამაში კიდე ერთხელ ვრწმუნდები.


დღეს პირველად ვნახე დელფინი ზღვაში ასე ახლოს ჩემთან, როცა ყურეში ფოტოების გადასაღებად შევედი. ფოტოაპარატი ჩავრთე და სწორედ ჩემს წინ მისი მოშავო-მოლურჯო ზურგი ამოიბურცა და სარქველიდან  ჰაერის ნაკადმა იხულვა. სიმართლე გითხრათ.. მოულოდნელობიდან ისე დავიბენი და თან დავსველდი კიდეც რომ სანამ მივხვდი რომ ეს დელფილნი იყო და სანამ ისიც გავაცნობიერე რომ ფოტოაპარატით შემეძლო გადამეღო სურათი.... დელფინმა ჩაისუნთქა და სიღრმეს დაუბრუნდა.


ეს კი ის დროა - პლაჟის ზღვისპირა ზოლი ყველაზე სანუკვარ და მყუდრო ადგილად რომ იქცევა. ცოტა არ იყოს ბევრს არც კი მოსწონს ახალმა განათებებმა თავიანთი ნათება ყველაზე ბნელ კუნჭულსაც რომ მიაწვდინეს. ჩვენს რეალობას ანიმაციური ფილმების ეფექტები რომ ერთვოდეს თან... აი ისე როგორც ნახატ ფილმებში ხდება ხოლმე ...  პლაჟის ზოლიდან, მთელ სიგრძეზე შეყვარებული გულების ფრქვევა იქნებოდა ...


ეს კი ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია. სწორედ წელიწადის ამ დროს აქ იმდენად მათრობელა სურნელი ტრიალებს რომ ძალაუნებურად გეუფლება იასამნისფერი განწყობა ... მიყვარს ეს ადგილი და ყველაფერი რაც მას უკავშირდება.

საღამო მიიწურა. გზაც დასრულდა და აციმციმებული ბათუმიც მომდევნო დღისთვის ემზადება. ხოდა თქვენაც ტკბილი ძილი... თუ დილამშვიდობისა.. ნუ მოკლედ..როგორც არის !!!


2 comments:

  1. „ბაბუაწვერას ღვინო" უნდა წაიკითხო შენ. კარგი პოსტი იყო, დავისვენე :)

    ReplyDelete
  2. "ბაბუაწვერას ღვინო" ? მოვძებნი აუცილებლად :) გაიხარე ნან

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]