ეს მოხდა დიდი ხნის წინ, ძალიან დიდი ხნის წინ. ომამდე,
რევოლუციამდე და საერთოდ საუკუნის დასაწყისში. თუმცა ზუსტი თარიღის თქმა ძალიან გამიჭირდება,
უბრალოდ ვიცი რომ ეგ ამბავი 1909 წლის 28 აგვისტომდე მოხდა.
ბათუმის ნავსადგურში ჩამომდგარ გემებს მაშინ შავი, მხრჩოლავი
ბოლი ამოსდიოდათ საკვამურებიდან. მოკირწლულ ქუჩებში მოსეირნე ბარიშნები კი გაშლილ,
კრუჟავო შემორტყმულ ქოლგებს აფარებდნენ თავს და ბულვარისკენ ნება-ნება მისეირნობდნენ.
ქალაქში დიდის ამბით და სიხარულით ხვდებოდნენ ნებისმიერ სიახლეს და სანახაობას რასაც
კი ხალხის გართობა და დაინტერესება შეეძლო.ჯერ კიდევ ჭორად ყვებოდა, ფრანცებსო თურმე
რაღაც გამოუგონიათ - თეთრ ნაჭერს გაჭიმავენ, შუქს მიაანათებენ პატარა აპარატიდან და
იქედან თურმე მატარებელი წამოვა შენკენო...
ფრანციცური, ნემენცური, ინგლისური და ზოგჯერ რუსკი შტუჩკები
ძალზედ ახალისებდა ხალხს. ქვეყნის განაპირდა, სასაზღვრო და საპორტო ქალაქს არც თუ ისე
ხშირად, მაგრამ მაინც ქონდა ხოლმე ბედნიერება რაიმე კარგი თვალსეირიც ენახა. ერთ დღესაც
ქალაქში ხმა გავარდა. რკინის სახლში ფრანციცული ცირკია ჩამოსული-ო. დიდი ამბავი იყო.
ყველა ლამობდა ფრანცების საცირკო ოინების ნახვას. გაწვრთნილი ცხენი, ეშმაკი მაიმუნი,
ჭკვიანი ძაღლი რომელმაც თვლა იცოდა, დათვი ველოსიპედზე, ჯანბაზები, ფოკუზნიკები და
რავიცი კიდე რა არ...
დარბაზი გადატენილი იყო. ხალხი იცინოდა, აღფრთოვანების
შეძახილებს არვინ იშურებდა, ღელავდნენ და ყოველ ოინზე გულუხვად სცემდნენ ტაშს. ფარდის
უკნიდან დროდადრო ლამაზად მოქარგულ კიტელში გამოწყობილი კონფერანსიე გამოდიოდა და აცხადებდა
შემდეგ ნომერსა და არტისტის ვინაობას. ხოდა ახლაც ასე მოხდა. მორიგი ნომერი დასრულდა,
აპლოდისმენტები მიწყნარდა და კულისებიდან ულვაშებ აწკვენტილი, მაღალყელიან ჩექმებიანი
კონფერანსიე გამოჩნდა . დარბაზს თვალი მოავლო,
წარბი ასწია და გატეხილი რუსულით გამოაცხადა - აკრობატიჩესკი ნომერ, ტანეც ნა კანატე.
ისპოლნიაეტ ველიკალეტნაია როზალი. მართალია არავინ იცოდა ვინ იყო როზალი და რა ნომერი
იყო საერთოდ ეს. მაგრამ აპლოდისმენტებმა იქუხა მაინც.
რამპა აენთო და ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე აღმართულ
ორ ბოძს შორის სახელდახელოდ გაჭიმულ ბაგირზე ბალერინას თეთრ კაბაში გამოწყობილი, ხელში
მომცრო ზომის თეთრ ქოლგა მომარჯვებული, ქერა კულულებიანი გოგონა გამოჩნდა. პიანისტმა
დაზეპირებული აკორდები აკრიფა და წარმოდგენაც დაიწყო.
როზალი ძალზედ გაჭიმულ ბაგირზე მსუბუქად, მოზომილი ნაბიჯებით
დასრიალებდა. ყოველ ილეთს მისი სილამაზითა
და ოსტატობით მოხიბლული დარბაზის თითქმის ერთ ხმად ჩასუნთქვა, ჰაერის შეკავება, შვებით
ამოსუნთქვა და აპლოდისმენტები მოყვებოდა. თეთრ კაბაში გამოწყობილი როზალია ფერიასავით
დაფრინავდა სივრცეში და სულშეკავებული, გარინდული დარბაზისთვის ცეკვავდა თავის ცეკვას.
ბოლოს წამით შეჩერდა, ქონლგა მოისროლა, ხელები გაშალა და სხარტი სალტოთი დაეშვა იატაკზე.
დარბაზმა იხუვლა და როზალიასკენ ყვავილების მართალია მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც
წვიმა წამოვიდა.
ბრავო როზალი, ბრავო... ბის, როზალია ბიის... ყვიროდა
დარბაზი. როზალი კეკლუცად უხდიდა დარბაზს რევერანსებს, რამოდენიმე ყვავილი აიღო სცენიდან,
ნაზად დაყნოსა, რა საამოაო თვალები მინაბა, კიდე ერთხელ დაუხარა თავი დარბაზს და ბისზე
გამოსვლის გარეშე მიიმალა კულისებში.
წარმოდგენა დასრულდა, დარბაზი დაიცალა. ქალაქში კი ყველა
ერთმანეთს უზიარებდა ნანახით მიღებულ შთაბეჭდილებებს. ზოგს რა მოეწონა და ზოგს რა.
ზოგი აკარდიონისტი დათვით, ზოგიც ჯანბაზებით, ზოგიც ჭკვიანი ძაღლით იყო მოხიბლული.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმ ქერათმიან, ბაგირზე მოსიარულე, ულამაზეს როზალიზე საუბრობდნენ.
წარმოდგენა რამოდენიმე დღე გაგრძელდა. ყოველდღე დარბაზი
სავსე იყო როზალის ხილსვის მოსურნეთი. ზოგიც პირველად, ზოგიც კი მერამდენედ მოვიდა
და ელოდა ქერათმიანი ლამაზმანის ნომერს. რამდენ ვაჟს ჩაუვარდა გულში მისი ხიბლი და
ხატება..
ცირკი წავიდა, დრო გავიდა... პატარა საპორტო ქალაქს
მას მერე ათასი რამ გადახდა თავს. მაგრამ ზოგ მოგონებას ვერაფერი შლის ადამიანის გონებიდან.
რამოდენიმე წლის შემდეგ ჩხარტიშვილების ოჯახში მშვენიერი,
ქერა კულულებიანი ლამაზი გოგონა გაჩნდა. ბებიამ და ბაბუამ მას მარიამი დაარქვეს. მაგრამ
მამა მას მაინც გამორჩეულად ეძახდა. განსაკუთრებით მაშინ როცა სახლში დაბრუნებულს პატარა
მარიამი შემოეგებებოდა და მამის გულის გასახარად ათასგვარ რამეს მოიგონებდა ხოლმე
- ხან სკამზე აძვრებოდა და ჰოპლას იზამდა, ხანაც დამჯდარს მუხლზე ააცოცდებოდა სკანდარიკოს
თამაშს სთხოვდა. ხანაც კიდე მხოლოდ მისთვის ცეკვავდა ხოლმე... აი მაშინ მომღიმარი მამა
თავზე ხელს გადაუსვამდა და მომღიმარი ეტყოდა . „ჩემი საყვარელი როზალი“
როზიკო (მარიამ) ჩხარტიშვილს ეს სახელი სამუდამოდ შერჩა.
მის ნამდვილ სახელს საპასპორტე მონაცემების გახსენების დროს, ან მარიამობის დღესასწაულზე
თუ გაიხსენებდა ვინმე. მაშინაც კი როცა ღია წაბლისფერ თმიანი ლამაზმანი შავტუხა და გრუზა
თმიანმა გიორგი ტრაპაიძემ ითხოვა ცოლად ის მისი მეუღლისათვისაც როზიკო იყო. ისევე როგორც
შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და შვილთაშვილებისთვის.
როზიკო ბებო. კი, ყველა ბებო ტკბილია და საყვარელი.
მაგრამ მას ქონდა რაღაც სხვაც, აი ის, ძველი თავადის ქალის გენში ჩარჩენილი სიდარბაისლე,
სილამაზე და ზნე. რასაც ვერც კომუნისტურმა იდეოლოგიამ, ვერც აკრძალული წიგნის გამო
გადასახლებული მამის სევდამ და ვერც ომებმა ვერაფერი დააკლო. პროფესიით პედაგოგი ძალიან
კარგი მთხრობელი იყო. ხშირად მიყვებოდა ხოლმე ომამდელ ამბებს ( ადრე ეგ ტერმინი ძალიან
მიყვარდა. თუმცა დღეს სამწუხაროდ უკვე მეც შემიძლია მოვყვე ომამდელი ამბები).
დღეს კი ერთი ასეთი ამბავი მინდა გავიხსენო რომელიც
როზიკო ბებომ მომითხრო.
ეს ამბავი გაზაფხულზე, ბათუმში მოხდა. ის ჯერ კიდევ პატარა
გოგონა იყო, თავის დებთან ერთად თამაშობდა სახელდახელოდ შეკერილი თიკინებით სახლობანას.
როცა მათ ოჯახს მღვდელი ეწვია. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეკლესიისკენ გზად მიმავალი
მღვდელი შემოივლიდა ხოლმე და როზალიას ბებიას და ბაბუას მოიკითხავდა. როზიკოს ბაბუა
დიდად მორწმუნე კაცი არ იყო, ამიტომაც არც მარხვის დაცვაზე და ზეთის ცხებაზე იწუხებდა
თავს. ბებია კი ინახავდა მარხვას მაგრამ როგორც ბაბუა იტყოდა ხოლმე, „ყველა კაცმა მისით
უნდა აირჩიოს მისი გზა და თავადვე აგოს პასუხი მისივე შეცდომებზე. გრწამდეს იმის რისიც
გწამს და აკეთე სიკეთე“-ო ბებია ხელებს ასავსავებდა - შენ შენი რელიგია გაქვს როგორც
გეტყობაო. ძველი ყაიდის კაცი იყო, საინტერესო მობაასე და მღვდელსაც უყვარდა თურმე მასთან
საუბარი. ამ ჯერზეც ჩვეულებრივ მშვენიერი სუფრა გაიშალა. ხაჭაპური, მჭადი, ყველი, შემწვარი
წიწილა, ლობიო და ერთი სიტყვით ყველა ის გემრიელი რამე რუმეები ჩეროში ტაბლაზე გაშლილ
სუფრას რომ უხდება. შემოუსხდნენ ბაბუა და მღვდელი, შემოუსხდნენ და კარგადაც მოილხინეს.
ბებია თურმე საკუჭნაოდან უცქერდა მღვდელს და გაოცებით გაიძახოდა „ღმერთო ნუ მომკალი,
ამ შუა მარხვაში?“ რა მოხდაო კითხა პატარა როზიკომ. რა რა მოხდა ნენა, გაგანია მარხვაში
მღვდელი რომ ხაჭაპურს შეჭამს არაფერია ეგო- გაიკვირვა ბებიოამ და თავშალი გაისწორა.
პატარა როზიკოს ბევრი არ უფიქრია, გაკუნტრუშდა ბაბუასაკენ. ბაბუამ კალთაში ჩაისვა და
მოეფერა. ბაბუ, ბაბუ ეს მღვდელი არარი? იკითხა როზიკომ. კი ბაბუ, მღვდელია აბა ვინაა.
გაიცინა ბაბუამ, მერე ბაბუ მარხვაში ხაჭაპურს რომ ჭამს? თითქმის ჩურჩულით კითხა ბაბუას.
თუმცა ამაოდ. მღვდელმაც და ბაბუამაც მშვენივრად გაიგონეს როზიკოს შეკითხვა და სიცილი
წასკდათ. მოდი აქ პატარა ქალო, მუხლძე დამიჯექი. უთხრა მხვდელმა. როზიკო მივიდა და
კალთაში ჩაუჯდა. მართალი ხარ შვილო, ახლა მარხვაა. მაგრამ გეტყვი და დაიხსომე. ცოდვა
ის კი არ არის რასაც პირში ჩაუშვებ. ცოდვა ისაა რასაც პირიდან ამოუშვებ-ო უთხრა მღვდელმა
და საღიღინო შემოსძახა.
ეს ამბავი ხშირად ახსენდებოდა ბებიაჩემს როზიკოს. განსაკუთრებით
მაინ როცა პასკის გამოსაცხობ ცომს დაფუსფუსებდა. რომ მომიყვებოდა მერე დაფიქრდებოდა
და იტყოდა - ისე რაღაცნაირად მართალი კი თქვა იმ მღვდელმა ხომ იცი?! - ჩაიცინებდა და თავის
საქმეს განაგძნობდა.
აი, ასეთი იყო ჩემი დღევანდელი ომამდელი ისტორიები.
რა მაგარია ბათუმი. ყოველთვის განსაკუთრებული ქალაქი იყო და მაინტერესებდა, როგორია მანდ ცხოვრობდე. საერთოდ, ყველა ზღვისპირა ქალაქი განსაკუთრებულია.
ReplyDeleteძალიან ლამაზი ფოტოებია პოსტში, ვისიამოვნე დათვალიერებით და თითქოს იმ ეპოქაში აღმოვჩნდი.
კი, ბათუმი ლამაზია. მაგრამ იმ პერიოდს ისედაც ახასიათებს რაღაცნაირი რომანტიული სევდა. ზღვისპირა და საზღვრისპირა ქალაქებს კი ასეთი ისტოერიები ძალიან ბევრი აქვთ ! :)
ReplyDeleteგაიხარე