Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მსხალი ბავშვობიდან

მსხალი ბავშვობიდან



შემოდგომას მისი ისტორიები აქვს. ზოგიც ახლა ხდება, ზოგიც თავის ჯერს ელოდება, ზოგი კი შენი ფერადი ბავშვობიდან ბრუნდება და თავს გახსენებს. თან აი ასე, მოულოდნელად, ძალიან მარტივად და უცნაურად. თან რაც დრო გადის, ბავშვობის დროინდელი მოგონებების ფერადი კოლეიდოსკოპის დეტალები სულ უფრო და უფრო საამო ხდება. საამო, როგორც ბერე ბოსკის სორტის არომატული მსხალი. რატომ მაინც და მაინც მხალი?
გურიაში, ეზოში ხეხილის პატარა ბაღი გვქონდა. ბაღში ყვალანაირი ხილი, თითქმის ყველა სეზონს რომ კმაროდა. ეს იყო ჩემი ბავშვობის ვეებერთელა ტყე. რამდენი „შტაბი“ გამიკეთებია ლეღვის ხის ჩახლართულ ტოტებში, რამდენი მშვილდი მომიჭიმავს თხილის ჯოხებიდან. ეჰ, კარგი იყო ნაადრევ შემოდგომაზე ხის ჩეროში ჩამოჯდომა და მწიფე ხილის ცმაცუნი. ხეხილის ბაღის მთავარი მებაღე ბაბუაჩემი იყო. ნარგავების უმეტესი რაოდენობა სწორედ მისი დარგული, დამყნილი და გამოყვანილი გახლდათ. როგორც ყველა ბაბუას მასაც ქონდა ჯიბეში ჩამალული საყვარელი ჯაყვა დანა. რომლითაც ხან პატარა ტოტს ჭრიდა, ხანაც ამყნიდა, ხანაც შრომით გამოზრდილი ხის ნაყოფს ერთ დიიდ, უწყვეტ რგოლად თლიდა და ნება ნება შეექცეოდა.

ხეხილის ბაღს ჯეკა დარაჯობდა, ირლანდიური სეტერი. დროდადრო შემოუვლიდა ხოლმე თავის სანახებს და ყეფით ამცნობდა გამვლელებს - აქ ისე იოლად ვერ შემოხვალთ, აქ მე ვარ, ჩემია და მორჩაო. გარდა იმისა რომ ჯეკა ჩემი ერთგული თანამებრძოლი და ამოდენა ჯუნგლებში ხეტიალისას საკმაოდ კარგი თანამგზავრი. ჯეკა ასევე ბაბუაჩემის ერთგული მეგობარი იყო. ძალიან უყვარდა ჯეკას სკამზე მოკალათებული ბაბუაჩემის ფეხებთან წოლა და მისი ხელჯოხის ღრნა.

ეზოს ერთ კუთხეში კი ფრანგული ბერე-ბოსკის სახელობის უგემრიელესი მსხალი ხარობდა. ყავისფერი, თხელი კანით დაფარული ნაყოფი ისეთი წვნიანი და ტკბილი იყო რომ ბებიაჩემი მურაბის კეთებისას შაქარს თითქმის არც კი უმატებდა. ძალიან გვიყვარდა ეს მსხალი. განსაკუთრებით კი ბაბუაჩემს და თქვენ წარმოიდგინეთ - ჯეკას. მსხალი სექტემბრის მიწურულს მწიფდებოდა ამიტომ მსხალზე „ნადირობაც“ ამ პერიოდში შედიოდა აქტიურ ფაზაში. მსხალს ერთი თვისება ქონდა. ნაყოფი, როცა კრეფდი, იმდენად ტკბილი არ იყო. ის თავისით უნდა დამწიფებულიყო და ჩამდგარი წვენის სიმძიმით დამძიმებული მოწყვეტილიყო. სწორედ ეს სანატრელი მომენტი იყო ნიშანი მსხალზე ნადირობის დაწყების. საბედნიეროდ მსხლის გარშემო სილა ეყარა და ჩამოვარდნილი ნაყოფიც არ ზიანდებოდა... მაგრამ ვინ აცლიდა დაზიანებას ?! ჩამოვარდებოდა მსხალი და ეზოს კუთხეებიდან საოცარი სისწრაფით მორბოდა ხელჯოხმომარჯვებული ბაბუაჩემი, ხოლო მეორე კუთხიდან თვაებგაფართოებული ჯეკა. ეს იყო საოცარი სპრინტი მოკლე მანძილზე. წვნიანი მსხალი კი უგემრიელესი ჯილდო. ზოგჯერ ბაბუაჩემს უმართლებდა, ზოგჯერ კი ჯეკას. მაგრამ მათი რბოლოს ცქერა ერთი სიამოვნება იყო. რბოლის შემდეგ, სკამზე ჩამომჯდარი ბაბუა ჯიბის ჯავით თლიდა მსხალს, ნება ნება მიირთმევდა წვნიან მსხალს. „ ძლივს არ მიგასწარი?! შე მამაძაღლო შენა?!“ ჩაიცინებდა ულვაშებში და ფეხებთან მოკუნტულ ჯეკასაც უწილადებდა ნაჭერს.

ხო, საოცარი სანახაობა იყო. ზოგადად საოცარი იყო ყველაფერი, მაშინ, ბავშვობაში
და რატო მოვყევი ამოდენა ამბავი...

დღეს, ბათუმში, სწორედ ეს მსხალი ვიყიდე. საუკუნეა არ მინახავს და საუკუნეა არ მიგემია. ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ ის მსხლის ხეც გახმა და გაილია...
ახლა ვზივარ სავარძელში, ჩემს წინ დაჭრილი წვნიანი მსხლის ნაჭრებია... შევექცევი ნება ნება და ვიხსენებ ამ ყველაფერს. არა, მსხალი არ არის ისეთი ტკბილი როგორიც ბავშვობაში. არა, არც ჯეკაა ჩემს ფეხებთან. არა, არც ბაბუაჩემის ჯიბის ჯაყვა დანა. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ამ მოგონებებიდან ამოტივტივებულმა ფრაგმენტმა მომანდომა
აუცილაბლად ვიპოვი ამ ჯიშის მსხლის ნერგს და დავრგავ გურიაში... საოცარი ნაყოფი აქვს, ტკბილი... ბავშვობასავით ტკბილი

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]