რამდენიმე დღის წინ ბათუმი მონოპიესების ფესტივალს მასპინძლობდა. საკმაოდ საინტერესო დადგმებით და პიესებით. თუმცა ერთერთი პიესის მსვლელობის დროს, რომელიც "თავისუფალ სივრცეში" მიმდინარეობდა. არანაკლებ საინტერესო "მონოპიესას" შევესწარი. გვერდით მდებარე ოთახში ხელოსანი მეთლახის ფილებს ჭრიდა და ხმაურის გამო შევედით, ვთხოვეთ რომ ცოტა ხანი, სანამ სპექტაკლი დასრულდებოდა შეესვენა. ეს 20 საათსა და 30 წუთზე ხდებოდა. მომღიმარი ხელოსანი სიამოვნებით დაგვთანხმდა, ეტყობოდა თავადაც დაუჯდა გონებაში დასვენების იდეა. გვკითხა კიდეც რა წარმოდგენააო. ამ საუბარში ყურადღება იმ ოთახის იატაკმა მიიქცია. ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი, ჩამოსხმული, ორფეროვანი ფილები ეგო მთელს ოთახში. აქ რას შვებით მეთქი ვკითხე. აქ რემონტი გვაქვს, მეთლახს ვაგებთო. ამაზე, ზემოდანთქო?! კი, ამაზე ზემოდან უნდა გადავაგო. რაღაც ნაწილი ამოჭრეს, პატარა ფილა. ვიღაც სომეხის გვარი იყო უკანა მხარეს. იმას გააკრავენ აგერ ბოძზე და დანარჩენს გადავაგებთო. რას ერჩით, შვენიერი ფორმაშიათქო. პასუხად მხრები აიჩეჩა. აბა მე რას მეკითხებიო.
ბევრი აღშფოთდა ფაქტით. ბათუმში ნაციონალებიდან მოყოლებული დღემდე შესაშური ტემპით ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. განსაკუთრებით აი ასე. ისიც თუ მიუსწრებენ, ფაქტზე დააფიქსირებენ და განგაშს ატეხენ. თუმცა არც ეს არის იმის გარანტი რომ ძეგლი გადარჩება. ძალიან ცოტა, თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა და არც არის გასაკვირი საზოგადოების აღშფოთება. მითუმეტეს მაშინ, როცა ამას მერია აკეთებს და თან არც იცის რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს "აკეთილშობილებს"
საუბრობენ "ფილები დაზიანებული იყოო" შესაძლოა რამდენიმე ფილა იყო კიდეც დაზიანებული. აქამდე ასეთი გეგმიური და არა გეგმიური "რესტავრაცია" ვინ იცის რამდენჯერ ჩაუტარდა აქაურობას. ისიც შესაძლებელია რომ სწორედ ეს "დაზიანებული" ფილები ამ ახალი მეთლახის ქვეშ იყოს მოთავსებული მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რამდენიმე ფილის გამო მთელს შენობას უნდა გადააგო ირანული მეთლახი.
აქვე დავწერ. ის მოსაზრება რომ არ აპირებდნენ მთლიანად მეთლახის დაფარვას მეორე დღესაც გადავამოწმე ხელოსნებთან. გადაიფიქრეს, გაჩერებული ვართო, ველოდებით დასკვნასო - ეგეც კარგი გამოსავალია.
როგორც ხედავთ ფილების აბსოლუტური უმრავლესობა (რაც მეთლახს გარეთ დარჩა) ნორმალურ მდგომარეობაშია და სავსებით ექვემდებარება რეაბილიტაციას და რესტავრაციას ამ სიტყვის სწორი გაგებით.
ხო, ზოგმა ისიც დაწერა ეგ "რესტავრაციაა" და ნუ იქნები რომის პაპზე კათოლიკეო. :) კარგად ვიცით ამ სიტყვის ინტერპრეტაციები. სწორედ ასეთ რესტავრაციას გადავარჩინეთ ბულვარი და სამწუხაროდ ვერ გადავარჩინეთ სხვა, ძალიან ბევრი კარგი შენობა თუ ობიექტი.
აქვე ვიტყვი, მე არ ვარ მომხრე ნებისმიერი შენობის ან ობიექტის სიძველის გამო ყველაფერი უსიტყვოდ "დავაკონსერვოთ და თაროზე შემოვდოთ". თუ ის არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და არ შესწევს უნარი კვლავაც განაგრძოს ცხოვრება თავდაპირველი დანიშნულებისამებრ - კი ბატონო. მაგრამ აქ სულ სხვა სურათი იყო.
მავანი ამტკიცებდა რომ ფილები სავალალო მდგომარეობაში იყო. არც იმ ღამით და არც მომდევნო დღეს, დღის შუქზე დათვალიერებისას ფილებს ისეთი ზიანი არ აღენიშნებოდა რის გამოც ისინი ისევ ცემენტის ქვეშ უნდა აღმოჩენილიყვნენ. სხვათაშორის მერიის მესვეურთა ძალისხმევით გამოთავისუფლებულან კიდეც სამმაგი საფარის ქვეშეთიდან. მაგრამ დროებით, ისევ უკუნი ელოდათ.
ცნობისთვის მინდა გითხრათ, სწორედ ასეთი, რუტინული და უფრო ფაქიზი სამუშაოები გასწიეს ამ ოთახის გვერდით მდებარე თავისუფალი სივრცის ბავშვებმა. მთელი ერთი თვე მუხლებზე დაჩოქილნი ფხეკდნენ და ათავისუფლებდნენ უცხო საფარიდან ძველი ბათუმის ლამაზ ფილებს. არც მადლობები მოუთხოვიათ არავისთვის და არც დიფერამბები. უბრალოდ გააკეთეს ის რაც მიაჩნდათ სწორად.
რომელიც თავიდან არანაკლებ "სავალალო" ვითარებაში იყო
ეს თავისუფალი სივრცის ტერიტორიაა და ეს სივრცე როგორც ხედავთ ისედაც თავისუფალი ბანალური მიდგომებისგანაც, რასაც თითქმის ყოველ დღე და განსაკუთრებით საღამოს ძველ ბათუმში ძალიან ბევრი ქალაქელი თავისებურად ებრძვის. ებრძვის ბარების მიერ ათვისებულ და მოპარულ ტროტუარებს, ებრძვის უშნოდ აყუდებულ და მიყუდებულ ჯიპებს. ებრძვის ღამის საათებში ფეერვერკებს რომლებიც ბავშვებს ძილს უფრთხობენ და ელემენტარულ უსაფრთხოების წესებსაც კი არ იცავენ. თუმცა ეს "არ არის სწორი სამოქალაქო პოზიცია იმიტომ რომ ნეგატივს ვხედავთ" რას იზამ ვის როგორი პოზიცია აქვს და ვის როგორი. ფაქტი კი ერთია
მერიამ არ იცოდა რომ შენობა რომელსაც არემონტებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.
კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ არ იცოდა რომ ძეგლზე მიდიოდა სამშენებლო სამუშაოები "რესტავრაციას" ამას მე ვერ დავარქმევ - თქვენ შეგიძლიათ :)
აქვე კითხვაც დაისვა თურმე, რომელიც ასე ჟღერს :
სად იყვნენ ის ადამიანები, [ვინც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა ფეისბუქზე] მაშინ, როცა მან შენობას გიფსოკარდონი და მეტოლოპლასტმასი მოხსნა.საკმაოდ საინტერესო შეფასებებია ბათუმელების სტატიაში
პრინციპში მართალია, ყოველი ძეგლი უნდა იყოს ყურადღების ცენტში და ლამის ყოველდღიური ზედამხედველობის ქვეშ. ასეთი "რესტავრაციებისგან" რომ იყოს მეტ ნაკლებად დაცული, მინიმუმ იმფორმირებული. კარგ საქმეს რაც შეეხება. - კარგი უნდა ვაკეთოდ და რაც ცუდია ისიც გამოვასწოროთ - კი ბატონო
რაც შეეხება ჩემს პოზიციას - ყოველთვის იქ ვიქნები სადაც მე ვთვლი საჭიროდ და არა სხვა ;)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!