ეს რექსაა, ძალიან უყვარს თამაში, ჭამა და მერე ისევ თამაში. განსაკუთრებით დიდი რუდუნებით იცავს თავის ტერიტორიას. მართალია ჯერ ვერ ჩამოყალიბდა რომელია მისი ტერიტორია, სახლის შესასვლელი კარები, მისი სახლი თუ საქათმე. მაგრამ მისია და მორჩა. საქათმე პრინციპში უფრო აინტერესებს. ძირითადად იხვის ჭუკებთან ურთიერთობის გარკვევითაა დაკავებული. ვერა და ვერ გაიგო რატომ არ უყვართ მასთან თამაში. ერთი ამოარჩია კიდეც. პირი დაავლო და ეზოში გამოიყვანა სათამაშოთ. მაგრამ დედალი იხვისა და ჩვენი აქტიური ჩარევით უნებლიე პარტნიორი ისევ საქათმეს დაუბრუნეს. რექსა კი გაურკვევლობაში დარჩა, მაინც ვერ გაიგო რატომ ვიყავით წინააღმდეგნი.
ვერც გიდელის დანიშნულება გაიგო. რატომ ათრევდნენ ამ უცნაური ფორმის რაღაცას აქეთ იქით, ან რატომ ასდიოდა ასეთი უცნაური სუნი. რამდენჯერმე წაკრა თათი, არ გამოეხმაურა, მერე შეუღრინა, არც ახლა შეკრთა გიდელი, ხოდა მორჩა, დღეის იქით მტერია გიდელი. როცა შანსი ექნება უკბენს. აბა რა, იცოდეს გიდელმა ვინ არის აქ უფროსი.
ზოგჯერ ბევრი მოსდის. თუმცა ის ასე სულაც არ ფიქრობს. დიდი ამბავი თუ გასაშრობად გაფენილი ბალიშის პირები უფრო მზიან ადგილზე გადაათრია. დიდი ამბავი თუ ფეხსაცმლის მარცხენა წყვილი უფრო გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე მარჯვენა. დიდი ამბავი თუ დიდი ქვაბში ჩაყრილი გათლილი კარტოფილი ამოიღო მის ნაცვლად ძვალი ჩააგდო. ამისთვის ღირს ჯაჭვით ერთ ადგილზე დაბმა?!
არა და ამდენ დღიანი წვიმების შემდეგ ძლივს გამოვიდა ამინდი. ეზოში რბენა, ქათმების დევნა, ბურთის წვალება, საზღვრის და ტერიტორიის დაცვა, რამდენი საქმე აქვს დღის მანძილზე. სულ ყურადღებით უნდა იყოს მეზობლის ბომბორამ რომ არ გამოყოს მის ეზოში ცხვირი. ან აბეზარა კირკიტელამ იხვების დანატოვარი ფაფუკი ბუმბული არ წაართვას. ვინ იცის ახლა რა ხდება დაფნის ბუჩქებს მიღმა, თან რაღაც ხმა მოდის იქედან. აი ისევ...
ხო გამიშვებ ?!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!