Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ის სტამბოლი. თავი მეორე. ქალაქის ტკბილი მხარე

ის სტამბოლი. თავი მეორე. ქალაქის ტკბილი მხარე

მინარეთიდან მოლას მიერ გამოღვიძებული სტამბოლი დილას ლოცვასავით ტრადიციად ქცეული ჩაის სმით იწყებს. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა რომ "ტოროლა"კარგა ხანია აღარ ვარ. მინდოდა ხეტიალი მანამდე დამეწყო სანამ მზე ზენიტში ავიდოდა და სტამბოლის ქუჩებშიც გვარიანად დაცხებოდა. სასტუმროს მანსარდაზე მშვენიერ რესტორანში ტრადიციული საუზმე მელოდა. რესტორნის შუშაბანდებიდან ძველი ქალაქის და ბოსფორის საამო ხედები იშლებოდა. მაგრამ ვინ გაცალა ამ ხედებით ტკბობა ?!



გაიცანით, ეს პატივცემული სულეიმანი გახლავთ. აივნის ძგიდეზე ჩამოჯდა და მას შემდეგ თვალს არ გვაშორებდა. მის მრისხანე მზერას ჩვენი დანა-ჩანგლისა და კოვზის არც ერთი მოძრაობა არ გამოპარვია. სწორედ ისე გვიცქერდა და გვამოწმებდა როგორც აღმზრდელი საბავშვო ბაღში. მოკლედ, სულეიმანის წყალობით საკმაოდ კარგად დავნაყრდი და გზას დავადექი.

სტამბოლის სიამ-ტკბილობაზე არა ერთხელ მითქვამს. ისტორიის, არქიტექტურის, მდებარეობის, სიჭრელის და სილამაზის გარდა აქ არის კიდევ ერთი საინტერესო, საჩემო დეტალი. ეს ალკოჰოლის შემცველი სასმელების ნაკლებობაა. თუ დალევა გნებავს შესაბამისს დაწესებულებას უნდა მიაკითხო. სამაგიეროდ ჩაი, წვენი, რძის ნაწარმი და ყავა იმდენი რამდენიც გინდა. თუმცა არა მხოლოდ ეს, სასმელთან მისაყოლებელი ტკბილეული, აი კიდევ ერთი დიდი, ნოყიერი და უტკბილესი პლიუსი რომელიც სტამბოლს გააჩნია.


დიახ, აქ უყვართ ტკბილეული, აქ იციან მისი ფასი და მუღამიც. იციან როგორ გააკეთონ, როგორ შეფუთონ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ გაყიდონ. თითქმის ყოველ ქუჩაზე შეხვდებით ერთ ან ორ ტკბილეულის მაღაზიას რომლის ვიტრინები უსირცხვოდ კეკლუცობენ ნაირფერი ნუგბარით. თუ ვიტრინაში გამოჭიმულმა სილამაზემ არ მიიპყრო შენი ყურადღება, ამას კარებთან მდგარი "შემპატიჟებელი" მოახერხებს.
- ბუირუმს ეფენდი, აი ნოუ, იუ ლაიქ ქენდი, ველქომ, ველქომ"


გამყიდველებმა კარგად იციან რომ ტკბილეულობის სორტების სიმრავლით თავბრუდახვეული მყიდველი შეიძლება დაიბნეს და გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. ამიტომაც გულუხვად სთავაზობენ კლიენტს დასაგემოვნებლად გამზადებულ ტკბილეულს. 


სიმართლე გითხრათ ჩემი თავის გამიკვირდა. რატომღაც მჯეროდა რომ პირველივე მაღაზიიდან მთელი ხურჯინით თუ არა ერთი სავსე ჩანთით მაინც გამოვიდოდი. მაგრამ ამაოდ. ან უბრალოდ რაჰათ ლუქუმების და ბაქლავების ცქერით გავძეხი, ან კიდევ უბრალოდ სიტკბო იმდენად აღარ მიზიდავს ვიდრე ბავშვობაში. მაგრამ გამყიდველს ამას აუხსნი?!
- ეფენდი, დის ის ვერი გუდ, იც ა გრეით ჯოის. ვერი ნაის




ძნელია, ძალიან ძნელი გააკეთო არჩევანი იქ, სადაც ამდენი გემრიელობა გახვევია გარს და თან ყველაფერი გარდა იმისა რომ გემრიელია, ლამაზიცაა. თითქმის ყველაფერი შეგიძლია წაციცქნო, დააგემოვნო და შემდეგ გააკეთო არჩევანი. თუ გაგიტკბა გასინჯვის პროცესი შეგიძლია ჩაიც მოითხოვო, ან თავადაც შემოგთავაზებენ. რას არ გააკეთებენ სასურველი სტუმრისთვის და აქ მართლაც სასურველ სტუმრად გაგრძნობინებენ თავს. არავინ შემოგხედავს ქართული "მაინც არ ხარ მყიდველი და საჭმელად მოეთრე აქ" ლმობიერი მზერით. 


ბოლო ბოლო აკეთებ არჩევანს, გულდაგულ გიფუთავენ, გიკაზმავენ და ისეთ საზეიმო ვითარებაში გადმოგცემენ, მინიმუმ უმაღლესი განათლების დიპლომი გეგონება. ხო, ტკბილეულით შევსება იქ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩაის და ყავას სვამენ საკმაოდ კარგი იდეაა. ასე რომ თქვენაც გაითვალისწინეთ აუცილებად. ხოლო თუ ტკბილეული დიდად არ ან აღარ გიყვართ და ეს პოსტიც ტყუილად გადაიკითხეთ, გახსოვდეთ რომ სტამბოლის ქუჩებში საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი საოცარი და ჩვენთვის ძალზედ კარგად ნაცნობი რამ, როგორიც ცეცხლზე შეპიწკინებული წაბლია - "ზმეიკიანი წაბლის" თემაზე აბა ვის არ გვიხუმრია. ხოდა აი ბატონო, ზმეიკიანი, გაბარდღალებული და ფუმფულა წაბლი აქ სულ რაღაც ხუთ ლირად შეგიძლიათ შეიძინოთ და გზადაგზა აცმაცუნოთ. 


ტკბილეული გვაქვს, წაბლი გვაქვს, ჰოდა გემრიელად მიირთვით, წინ გასავლელი კიდევ ბევრია. სტამბოლის მარშრუტის მთავარი დეტალი - დიდი ბაზარი გველოდება 

2 comments:

  1. სტამბულის ამ ,,მხარეზე" ვგიჟდები! !!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველაზე გემრიელი მხარეა :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]