ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა. ეს ის ახლად შექმნილი ოაზისია, რომელიც ბათუმელებსა და თეატრის გულშემატკივრებს ძალიან ბევრ საინტერესო და სასურველ სიახლეებს შესთავაზებს. ამის მოლოდინი მე პირადად ძალიან დიდი მაქვს. დრამატული თეატრის დიდი სცენისგან განსხვავებით ასეთ, მცირე ზომის, სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის და იდეის განხორციელებაა შესაძლებელი. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ბათუმელ თეატრალებს და არა მხოლოდ მათ ამ სივრცის არსებობას. ნამდვილად სჭირდებოდა ეს ქალაქს.
ახლა კი იმ სპექტაკლის შესახებ, რომელმაც თეატრში მიმიყვანა. ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების ქართული ადაპტაცია სახელწოდებით "ბონდოს ღამე" პირველი სპექტაკლი იყო რომელიც ამ ახალ სცენაზე ვიხილე.
ტიტე კომახიძისა და მაია ცეცხლაძის მიერ გადმოცემული ორი ადამიანის სევდიანი ისტორია, პირადი და საერთო ტრაგედია. ის ემოცია, რომელიც ამ სპექტაკლის ნახვისას გეუფლება ნამდვილად ღირს იმად რომ ერთხელ კიდევ განიახლო ის მოუშუშებელი იარა რასაც აფხაზეთი ჰქვია.
აფხაზეთში მცხოვრები ფსიქიურად დაავადებული მოზარდის და პედაგოგი ქალის ძალიან სევდიანი ისტორია ერთ მოქმედებიან პიესაშია მოქცეული. პიესა, რომელიც მთავრდება ბონდოს ღამით. რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია გრძელდება.
თუ მოგეცემათ ამ სპექტაკლის ხილვის შანსი - გამოიყენეთ. აუცილებლად.
და საერთოდ - ხშირად ეწვიეთ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენას. განვმეორდები და ვიტყვი. მჯერა რომ აქ კიდევ არა ერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!