02.05.2014

ხეტიალის დრო

როცა შენს ირგვლივ აბსურდის სეზონური მაჩვენებელი პიკს აღწევს. როცა მენტორული ტონით და კლდევამოსილი სახეებით გიმტკიცებენ რომ შავი თეთრია. როცა ჩვეული დროებით პრობლემები მუდმივობის ხარისხში დაკანონდა. ან როცა უბრალოდ მშვენიერი, მზიანი ამინდია - ძალიან გინდება გასვლა. თუნდაც ოთახიდან და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა.

რამდენიმე ხნის წინ მეგობრები ვსაუბრობდით სად და როგორ შეიძლება წასვლა. განტვირთვა, დასვენება, მოშვება. აღმოჩნდა რომ დასვენების სხვადასხვა ფორმით ვიყავთ დაინტერესებულნი. ზოგს სასტუმრო, კომფორტი და უზრუნველობა სურდა, ზოგსაც ხეტიალი, წოწიალი, ახალი შეგრძნებები და თავგადასავლები. საბედნიეროდ ეს ყველაფერი მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვა იყო და არა საბოლოო შეთანხმება იმის თაობაზე თუ ვინ საით.

შემდეგ იმაზეც ვისაუბრეთ თუ რა კარგი რამაა ყოველგვარი ჯგუფისგან, ტურ ოპერატორისა და გიდისგან თავისუფლება. წადი, გადაიღე რაც გინდა, გაჩერდი სადაც გინდა, დაიძინე როცა გინდა და გაიღვიძე როცა გაგეღვიძება. ამდაგვარ თავისუფებას კი შესაბამისი მომზადება და ეკიპირება უნდა.
მე იმ კატეგორიის ხალხს მივეკუთვნები ვისაც კომფორტი უყვარს, უფრო სწორედ კი ცდილობს კომფორტი შეიქმნას იქ სადაც არის. არასდროს ვკმაყოფილდები იმიც რაც მხვდება ადგილზე და ვცდილობ საჩემოდ მოვირგო ყველაფერი - ბოლობოლო მე ვისვენებ და მე მინდა დასვენება!

შესაბამისად ვაღიარეთ რომ საამისოდ საჭიროა თითქმის ყველაფერი გქონდეს შენი, საკუთარი. ტრანსპორტიდან დაწყებული თავზემოდ ჭერით დასრულებული.
რამდენჯერ გადამითვალიერებია ასგზის წყეული ამაზონი კარვების, საძილე ტომრების, ჰამაკების და კიდე ათასი რამე-რუმეების თვალიერებით და როცა კალათაში ჩაყრილ ნივთთა საფასურს გადავხედავდი - "აწანწალებულს" სევდიანად ჩამიხურია ბრაუზერი.

მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. ხოდა მეც მინდა.

გარდა იმისა რომ უკვე ძალზედ კარგად ვიცი რა აკლია ზაფხულს. ამ ჩამონათვალს კიდე ერთი, შედარებით არაეგოისტური რამ შეემატა. ეს აი ასეთი... ნუ დაახლოებით ასეთი ავტო ფურგონია.




ხო, ის არ უნდა იყოს ზედმეტად პომპეზური და არ უნდა გავდეს საბურავებზე შემდგარ სასტუმროს, აი ისეთს, ამერიკელებს რომ უყვართ. უბრალო, სადა, მაგრამ კომფორტული და რაც მთავარია შენი. შენს ნებას და სურვილს რომ მოყვება - ისეთი. ჩაყარე შიგ ბარგი, სასმელ სასუსნავი, ჩასვი მეგობრები და აირჩიე გზა...



მოკლედ, მნიშვნელობა არააქვს რა და როგორ, მთავარია მოგწონდეს დასვენების ეს სახეობა. ნაკლებად კომფორტულია და "სვეცკი", მაგრამ არაჩვეულებრივად კარგი. მითუმეტეს თუ გვერდით სასურველი ადამიანები გყავს


მოიწყვე პიკნიკი იქ სადაც მოგინდება, იყავი თავისუფალი და დაისვენე იმ ყველაფრისგან რაც გზღუდავს, გბოჭავს ან უბრალოდ გაღიზიანებს.


  დაანთე კოცონი, ბოლოს როდის გაგისწორებია თვალი აალებული ნაკვერჩხლისთვის?! მოუსმინე ცეცხლის ნაამბობს, ყური უგდე მეგობრებს. აქ ყველაფერია იმისთვის რომ შენ იყო ის რაც ხარ. ისეთივე გახსნილი და ღია - როგორიც იქნება ცა შენს თავზე. შემდეგ კი მიეცი თავი ძილს და მშვიდ სიზმრებს... შემდეგ კი, როცა მზესთან ერთად მოგინდება ადგომა, ხელ-პირის დაბანა, საუზმე და ფუსფუსი, როცა იგრძნობ რომ კოღოების, გარედან შემოსული ხმების, მეგობრის ხვრინვის და ათასი წვრილმანის მიუხედავად მშვენივრად გეძინა - თამამად დაგეგმე თქვენი მომდევნო მარშრუტი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვიქცეოდი - აი ასეთი ოთხბორბლიანი "მეგობარი" რომ მყავდეს. ბოლოს და ბოლოს  - ხეტიალის დრო მოდის


ხოდა ესეც კიდევ ერთი სურვილი რომელიც გაგანდეთ :) მალე ასრულებულსაც შემოგთავაზებთ - ჯერ ყველაფერი წინაა

Post a Comment

2 комментария:

  1. გული გამითბა, რა პოსტია!

    ვისვენებ ხეტიალში, წოწიალში, ფეხების მომტვრევამდე დაღლაში... მადლობა შენ, პოსტისთვის. "მუღამი" გამიღვიძე. ავიღებ ჩემს ზურგჩანთას (კაი ხანია რომ ხელი არ მომიკიდებია), კარავს და "სპალნიკს", გავწევ ბედის ანაბარად სადმე, სახეტიალ–საწოწიალოდ, ფეხების მომტვრევამდე დასაღლელად, დავისვენებ... გონებაში წამომეშალა უკვე მარშრუტიც.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მშვენიერი გადაწყვეტილებაა :) არაჩვეულებრივი. იმედია მერე გაგვიზიარებ თავგადასავლებს და შთაბეჭტილებებს :)

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!