Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეს ის გზა არ არის ! ეს სიძულვილის გზაა

ეს ის გზა არ არის ! ეს სიძულვილის გზაა

ბარე ოთხჯერ დავიწყე წერა და  წავშალე პოსტი. არ მინდოდა ზედმეტად ემოციური ვყოფილიყავი. არ გამომივიდა. საბედნიეროდ გიორგიმ მიშველა. ხოდა სწორედ მის ნააზრევს გიზიარებთ რომელსაც მისხალ-მისხალ, წერტილ მძიმიანად ვეთანხმები.


"ის, რაც დღეს მოხდა სექსუალური უმცირესობის აქციის დარბევის სახით ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებულ სახიფათო ტენდენციას. ტენდენციას, რომელმაც შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს თითოეული ჩვენთაგანი და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარება ათეულობით წლით დაწიოს უკან. 
დღეს ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ახდენს საქართველოს ავტოკეფალური, მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ძალის დემონსტრირებას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საპატრიარქოს რიტორიკა სახელმწიფოს მისამართით იძენს იმპერატიულ ხასიათს და მენტორულ ტონს. ეკლესია ცალსახად ცდილობს მოახდინოს სახელმწიფოს ჩანაცვლება, შეცვალოს სახელმწიფო ინსტიტუტები. უფრო მეტიც, იგი ცდილობს მოირგოს მორალური ჟანდარმის მანტია და მის საფარქვეშ ხელში აიღოს ძალაუფლების სადავეები. როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე ბლეზ პასკალი ამბობდა, ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად. დღეს თითოეული ჩვენთაგანი ეკლესიის ცალკეულ მესვეურთა აბსოლუტური გარყვნილების მოწმენი გავხდით.

დღევანდელი ქმედება, იყო არა ქრისტიანული საქციელი გამიზნული მორალისა და ზნეობის დასაცავად, არამედ ეს იყო ღვთის სახელით ჩადენილი ბოროტება, რომელიც ყველა სხვა ბოროტებაზე უფრო საშინელია. ტრაგედიაა, როდესაც ზნეობის დაცვის მოტივით სასულიერო პირები, ეგზალტირებულ, ბნელ ფანატიკოს ბრბოსთან ერთად ახდენენ სხვა პირთა მიმართ მსგავსი აგრესიის დემონსტრირებას. ვუყურებდი ველური ყიჟინით, უშვერი გინებით, ფანატიკური ექსტაზით შეპყრობილ ადამიანებს, რომლებიც მზად იყვნენ მოყვასი ფეხქვეშ გაეგდოთ, ჩაექოლათ, გაენადგურებინათ და ძალაუნებურად გამიჩნდა კითხვა, ნუთუ ეს ხალხი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს? ნუთუ ეს ხალხი იზიარებს იმ სწავლებას, რომლის თანახმადაც ბოროტებას სიკეთით უნდა დავუპირისპირდეთ და არამხოლოდ მოყვასი, არამედ მტერიც კი უნდა გვიყვარდეს. ნუთუ ეს "მოძღვრები" გვასწავლიან, რომ თავმდაბლობა, სათნოება, სასოება, მიტევება და სიყვარულია ის გზა, რომელსაც ადამიანი საბოლოო სულიერი ამაღლებისკენ მიყავს? ნუთუ ასე გავდივართ ჩვენ ქრისტეს გზას გოლგოთისა და ამაღლებისკენ?


სულიერი მამები და შვილები ერთნაირი წარმატებით დადგნენ ზნეობის დასაცავად. ყველაზე მყარ არგუმენტად კი არც მეტი არც ნაკლები დედის გინება და ქვების სროლა გამოიყენეს. ის კი დაავიწყდათ, რომ პირველი ქვა უცოდველს უნდა ესროლა.
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და როგორც საქართველოს მოქალაქე ვგმობ უფლის სახელით ჩადენილ ბოროტებას, ვგმობ იმას, რასაც არაფერი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვს. ძალადობა, ყოველთვის წარმოშობს ძალადობას. ქრისტე კი სიყვარულია, რომელიც დღეს სამწუხაროდ ვერ დავინახე."


გიორგი გობრონიძე




No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]