წლის ბოლო საეთერო, წვიმიან დილას რადიოს ეთერში ვხდები. ძალიან უცნაური იყო დღეს დილით წვიმის ხმის გაგონება, არადა ბათუმში რომ წვიმა გაგიკვირდება კაცს. მოვტოპე სტუდიამდე, მსენელს მოვესიყვარულე და ბლოგისთვისაც გამოვნახე დრო. ეთერში საახალწლო სიმღერები და მილოცვები ტრიალებს. სანტას მარხილის ვერცხლის ზაზალაკებიდან დაწყებული, ქართული სიმღერებით დამთავრებული. (რუსული 'დედ მაროზი' და 'იოლკა' "ტამოჟნიაზე" გაიჭედნენ). ყავის დილის ულუფა უკვე მიღებულია. ასე რომ შეიძლება ცოტათი მოვეშვათ. როგორც წესი წლის ბოლოს განვლილის რაღაცნაირ კალკულაციას, შეჯამებას ახდენენ. მოდი მეც ვცდი. როგორი წელი იყო!?
- უკეთესებიც გვახსოვს - ნამდვილად, თან არა ერთი. თუმცა ამაშიც შეიძლება პლიუსის მოძებნა. ასე "ამინდის პროგნოზი" ჯერ არ შეგვყვარებია წამყვანებს..
- სტუდიებს ახალი კომპიუტერები და მასტერინგის პროცესორი შემოემატა. მართლა კარგი რამაა.
მეტი რა გითხრათ. ხო, ჩვენი დამლაგებელი ისევ ვერ შევარიგეთ მტვერსასრუტთან. . მგონი სექტებადაც არიან დაყოფილნი დამლაგებლების "ტრადიციული ცოცხლის" და "რეზინის ხელთათმანებიან-მტვერსასრუტიანთა" სკოლები, თან "ხუთასწლიაი ფარული ომი" აქვთ გაჩაღებული. ჯერჯერობით ძველი სკოლა იმარჯვებს, პოლის ჩვრარს იუბილეს გადავუხდით უკვე... უჰ. რა მინდოდა ახლა ასეთ თემებში. დავუბრუნდეთ ახალ წელს და საახალწლო თემატიკას, ხო, ახალი წელი და ეთერი
აი ამ ფრაზის მიჩეჩება რომ ევასებათ - "გთხოვთ, გაიხსენეთ რაიმე კურიოზიიი!?" "ვგიჟდები" ამ ფრაზაზე და უფრო იმაზე, მისი მოსმენის შემდეგ, როგორც წესი ყველაზე იდიოტური რაღაცეები რომ გახსენდება. სულ რომ არაა სასაცილო, მაგრამ სხვა არაფერი რომ არ მოდის თავში. დავიძაბები და რამოდენიმე "მარგალიტს" მოვიგონებ :
- მოგესალმებით, დღეს 9 საათია და ჩევი პროგრამა ....
- (მაწანწალა ძაღლებზე მიძღვნილი გადაცემიდან. ) "ჩვენ ძაღლებს არ ვხოცავთ, ძალიან კარგად ვეპყრობით და მინდა ვუთხრა ყველა ზოფილს რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა"
- "და მაინც მაინტერესებს, კოკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობა!? "
- ალო, ალო, წყალია!? - არა ბატონო - ვაა, არც გაზი!?
- ალო, რადიო კომიტეტია !? (ვერ გავცდით კოლმეურნეობის ეპოქას)
- ალო, აჭარის რადიოს ფორტუნა პლიუსია!?
- მოგესალმებით, როგორც მოისმინეთ ბედნიერმა დათო ტრაპაიძემ დაასრულა მუშაობა ღია ეთერში და ამ დროიდან მე, უბედური ილო შავიშვილი ვიზრუნებ თქვენს განწყობაზე!!!
ეჰ. მიყვარს ეგ საქმე და რა ვქნა!? იმედს ვიტოვებ რომ მომავალ წელს რეალურად ამოვქაჩავთ პატარა ჩავარდნებს. ახლა კი ეთერს უნდა მივხედო. "ამინდის პროგნოზი" მაქვს წასაკითხი. ბოლოს და ბოლოს მიწურული, ყუამდე მიყვანილი წლის ბოლო საეთერო დილაა. შემდეგ ანდრეა ბოჩელი უნდა ვნახო, ჩამოსულია. ხაჭაპურს შევპირდი მაგას და სამბას მოცეკვავე გოგჩოებს.
ყველას კარგ განწყობას და წარმატებულ დღეს გისურვებთ.
ბედნიერ ახალ წელს !!!
პ.ს. ყველა სურვილი ახდება
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!