"და თქვა მან, დღესა ამასა განწესდით კვალითა და ფესვითა თქვენითა ვითარც მოსულხართ"
აღდგომა, გარდა წითელი კვერცხებისა და უგემრიელესი პასკისა გურიაში რაღათქმაუნდა ლელოსთან ასოცირდება. ქვემო და ზემო შუხუთელების გმირული ორთაბრძოლის, ჭიდაობის, რღენის, კბენის, კვანტისდების და წიხლის ჩაზელის საყურებლად უკვე მთელი დუნია იკრიბება. შუხუთელებიც გაასმაგებული ძალისხმევით სცდილობენ 17 კილოგრამიანი ბურთი სასახელო გმირობით გაიტანონ თავიანთი ღელეს მიღმა, მოიწონონ თავი და კიდევ ერთი გამარჯვებით გაახარონ გულშემატკივრები. მოკლედ ლელო გურიაში რაც არის ეგ ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ძალიან მინდოდა წელს დავსწრებოდი, მაგრამ ოჯახური ტრადიციები თავისას მოითხოვს. მითუმეტეს როცა ამ ტრადიციას შენს ოჯახში უსრულდება 300 წელი.
- ლეგვებია იქაა - იყვირა ელენემ და მიუხედავად იმისა რომ ყველაზე უფრო პატარა იყო, მაინც ყველას მიასწრო "ძაღლის სახლთან". ღობის იქედან სტუმრიანობით გახარებული რექსა კუდს აქიცინებდა.
- დე, ლეკვები დე...დე...დე ლეკვები დე.... - თვალებს არ უჯერებდა ნოდარიკო
- შვიდი იყო, სამი მოუკვდა, დარჩა ორი გოგო და ორი ბიჭი - ჩააბარა პატაკი მარიმ
- აუ მინდა ლეგვები მეე! - განაცხადა ელენემ
- აუ მეც დე, მეც მინდა ლეკვები - აყვა ნოდარიკო
- პატარები არიან ჯერ და არ გამოყავს დედამის გარეთ - აუხსნა ლიკამ
- აუ, მე მინდა ლეგვების ნახვააა ! - აპროტესტებდა ელენე
- ჯერ სძინავთ და მერე ვნახოთ - დააწყნარა ლიკამ
- ძინავთ ლეგვებს და მერე განახებ - აუხსნა სიტუაცია ელენემ ნოდარიკოს.
ეს ჩვენი ლელოს გუნდია. თქვენ თუ გგონიათ 4 ბავშვს ნაკლები ყიჟინის ატეხვა ან ხმაურის გამოწვევა შეუძლიათ ვიდრე ზემო და ქვემო შუხუთს - ძალიან ცდებით. მითუმეტეს თუ ამ ბანდას ისეთი თავქარიანი და ცელქი გოგო მეთაურობს როგორიც ელენეა.
შემდეგი ნოდარიკოა, ბანდაში ერთად-ერთი ბიჭი. მონადირე, თავგადასავლების მოყვარული და ელენეს პირველი კუდი, სადაც ელენეა იქ ნოდარკოა. მართალია წლევანდელ აღდგომას ოდნავ "მწვანე წამლით" შეფერადებული შეხვდა, მაგრამ როგორც დათო ბიძიამ უთხრა - ასე უფრო გავს ყოვლის შემძლე ჰალკს
რიგით მესამე მარი გახლავთ. თუ ოდესმე რაიმეს მოგონება დაგჭირდებათ - შეგიძიათ თამამად მიმართოდ მარიამს. მისი მოგონილი ისტორიების წყალობით ბებია სახლში ზედმეტ 2 კილომეტრს მაინც გადის და 20-ჯერ მაინც რეკავს გადასამოწმებლად. არა, ტყუილი არ უყვარს. ისტორიების მოგონება უყვარს და სიმღერა, რასაც დიდის სიამოვნებით აკეთებს ყოველ იმპროვიზირებულ სოლო კონცერტზე, რომელზეც კონფერანსიე ბებოს წყალობით ყოველთვის ანშლაგია.
ეს კი ლიკაა, რომელიც ძალიან ხშირად გამოდიოდა ბებოს მოწყობილ სოლო კონცერტებზე და იმდენად პოპულარული გახდა, რომ რეალურ გასტროლებზეც კი დადის ბათუმის საბავშვო კაპელასთან ერთად.
მართალია მას ბანდის წევრებისაგან განსხვავებით უკვე სხვა ინტერესები და მისწრაფებები გააჩნია. მაგრამ როდესაც ეს ოთხეული ერთად იკრიბება - ყველაფერი ირევა. ლიკა ყველაზე უფროსია ასაკის მიხედვით, თუმცა ამ ბანდაში ასაკი არაფრის მთქმელი ციფრების წყობაა. მთავარია მოტივი. მოტივი კი იცოცხლე, ბინაში გამოკეტილი ბავშვებისთვის, რომლებსაც ეზოში მუხლის გამართვის საშუალება მიეცათ - ძალზედ იოლი საპოვნელია.
- ე ბიძა, ჩამოდი მაგ ლეღვის ხიდან. ხომ ხედავ არაფერი არ ასხია ჯერ.
- ცოტახანს ვიქნები და ჩამოვალ
- შენ კი იქნები ცოტახანს მარა აგენს შეხედე, მატლებივით წვალობენ და ვერ ამოდიან, იტკენენ რაცხას
- კავილი მოგიტანო ?!
- არა ელენე, მადლობა
- ან ნაქე ლა სუნი აქ ?! უსუნე?! კიდე მოგიტანო ?!
- ჭუჭულებიიიი
- აზა, გადამალე ჭუჭულები
- ჩამო ბიძია მაგ ხიდან, რა ნახეთ ამფერი ზედ?! - მამაჩემი
- მარი ავიდა, მე არა. მარი ავიდა - ნოდარიკო
- ჩამო, ბიძია ჩამო - მამაჩემი
- მე სიმბა ვარ .. უააააუუუუ - ღრიალებს ელენე
- ვინ ხარ ?! -მამაჩემი
- სიმბა აუუააუუუუ - ელენე
- სმირბააა ?! - მამაჩემი
- სიმბაო კაცო, სიმბაო - დედაჩემი
- ვინაა სიმბა?! - მამაჩემი
- მე ვარ სიმბა. აუუუააუუუუ - ელენიკო
- ლიკა, მარი, ჩამოდით ქვემოთ, რა გინდათ მეორე სართულზე ?!
- ლიკა უნდა ვნაქო - გარბის ელენიკო. მისდევს ნოდარიკო
- ლიკა ჩამოდით დროზე თორე მოდიან ესენიც
- მოვდივართ, მოვდივართ
- არა უნდა ვნაქო - არ ეპუება ელენიკო
- არ გინდა ლიკა, წადი ლეკვებმა გაიღვიძეს
- ლეგვებიიიიი - ელენიკო
- ლეკვები დე, ლეკვები უნდა ვნახოთ დე ... - ნოდარიკო
- მომეცი ხატაპუი მინდა
- ა, შენ შემგევლე
- კიდე მომეცი
- ჯერ ეგ შეჭამე
- დოდარის უნდა
- ნოდარიკოსთვის გინდა?
- დოდარის უნდა
- აუ დეეე, გაიყვანე რა იქედ ელენიკო, დეფილე გვაქვს - მარი
- რაი გაქ?! - მამაჩემი
- დეფილე
- ...... - მამაჩემი
- მეც მაქ დეფილე ? - ელენიკო
- დე მე ?! - ნოდარიკო
- გახედეთ ერთი გარეთ. რაღაც ჩუმად არიან ....
მოკლედ დღე იყო ხმაურიანი, ხალისიანი, ჟივი ხივილიანი და .... კიდევ რა სიტყვა გამოდგება. ა, ხო - ძალზედ მხიარული. ბავშვების ოინების წყალობით დიდებმაც გავიხსენეთ რა სასიამოვნო ყოფილა ეზოში ყოფნა, "ბაგბინგტონის" თამაში და მუხლის გამართვა. ვნახეთ "დეფილე", მოვისმინეთ სპეციალური კორესპონდენტების ჩართვა ღია ეთერში, ამინდის პროგნოზი და სიმბას ღრიალი. მუსრი გავავლეთ კვერცხებს. მოვჩიჩქნეთ პასკები და ძაააალიან ვიხალისეთ.
სუნიანი კავილები |
ბოლოს მოსაღამოვდა და ისევ სამგზავროდ მოვემზადეთ. ბათუმში წამოყვანის იდეით შეშფოთებულ მარის იმედი მივეცით რომ არ წავიყვანდით კიდევ რამოდენიმე დღე - გაიბადრა, ფრთა შეისხა. ლიკამ თავისი ავლადიდება ჩაალაგა მანქანაში. ნოდარიკო დედის კალთაში მოკალათდა. ელენემ კი საბარგული აითვისა მთელი სიგრძე-განით. ვეხვერწეთ გადმოსვლა, მაგრამ არაფრის დიდებით არ დათმო თავისი საყვარელი ადგილი. დღის ბოლოს წამოწვიმდა კიდეც. ბათუმისკენ მომავალ გზაზე რაღაცეებს ვყვებოდით, ვიხსენებდით, ვარჩევდით... ბოლოს კი მივხვდით რომ რაღაც უცნაური სიჩუმე იყო მაინც. უკან რომ მოვიხედეთ მივხვდით რაშიც იყო საქმე
სიმბას ჩასძინებოდა.
აი ასეთი იყო წლევანდელი აღდგომა გურიაში. მართალია შუხუთში არ ვყოფილვართ. მაგრამ ჩვენი "ლელო" გვქონდა ეზოში და წელს ლელო ელენიკომ გაიტანა. მეეჭვება მომავალ წელს პირველობა ვინმე სხვას დაუთმოს.
შარშან ვიყავი შუხუთში ლელოზე.
ReplyDeleteსაინტერესო სანახაობაა, მაგრამ ალბათ შუხუთის მკვიდრი იყო იქ მონაწილეობა რომ მოგინდეს.
ნამდვილად ეგრეა. მოტივაციაც სათანადო გექნებოდა. მაგრამ შენ რომ წარმოგიდგენ ლელოს თამაშისას - რა პოპულარული იქნებოდი ნათია ?! :) ;)
Delete