ბათუმში სამი დღეა ზაფხულია. ხო, არც მეტი არც ნაკლები. გასარუჯან გაშოლტილი გოგონები. შორტები, მაისურები, კედები უწინდოდ. მოკლედ ამ ყველაფერს ჯერჯერობით მკბენარა საღამოები უშლის ხელს. თუმცა ეგეც რამოდენიმე დღეში ჩაბარდება წარსულს. ნებისმიერ შემთხვევაში ძალზედ გვიხაია. ხო, გვიხარია. რადგან სულ რაღაც ერთი კვირის წინ ხელმეასედ გადმოლაგებული თბილი ჯემპრეები გვეცვა და ვკანკალებდით. ახლა კი ... მმმმ... თბილა. კარგია. საერთოდ კარგად მიდის ყველაფერი.
უკვე მეორე თვე სრულდება რაც რადიოში კიდევ ერთი ახალი პროექტი ჩავუშვით. "განწყობის გენერატორი" დავარქვით. იმაზე უკეთესი რამ გამოდგა ვიდრე ჩვენ გვეგონა. ლაღი, ხალისიანი, საინტერესო და ყოველგვარ ძველმოდურ - იდიოტურ კლიშეებს მოშორებული ეთერი. რაც აინტერესებს და იზიდავს კიდეც ხალხს. საკმაოდ ხმაურიანი გადაცემაა და თავის სახელსაც ამართლებს. თუხთუხებს და პოზიტივსაც უხვად სთავაზობს მსმენელს. ხო, გვიხარია ახალი და კარგი საქმე. მითუმეტეს თუ ეს ის საქმეა რომელიც ძალიან გიყვარს, გესმის და გამოგდის. ხო ისე - შეგიძლიათ გვისმინოთ ონლაინ აი ამ ლინკით
მიყვარს ეს დრო. არც ისე ცხელა და არც სიცივეა. აი ისაა გემრიელად რომ ჩამოჯდები ზღვისპირა ბილიკთან სკამზე. საამოდ რო ბაასობ, მზის ჩასვლით ტკბები და არც სიცივე გიშლის ხელს და არც სიცხე. არც ტურისტების სიმრავლე და არც ბულვარის უკაცრიელობა. აი, ასეთი ბათუმი მიყვარს.
რამოდენიმე დღის წინ გონიოში ჩავედი ველოსიპედით. ზღვის სანაპიროზე ტევა არ იყო. ყოველ ნაბიჯზე მეთევზეებს ქონდათ ანკესი ჩაგდებული და იღბალს სინჯავდნენ. ნაპირიდან რამოდენიმე მეტრში კი, აი ასე, ურცხვად და უშიშრად დელფინების მთელი არმია სერავდა ტალღებს. საოცარი სიამოვნებაა ჩამავალი მზის ფონზე დელფინთა ამობურცული ზურგების და თოლიების თევზაობის ცქერა. სიმართლე გითხრათ - ამდენი დელფინი მე ჯერ არ მინახავს ერთად. ალბათ ზღვა წელს მეტად გულუხვია.
ბათუმი იღვიძებს. ნელინელ იკრებს ძალებს. მალე უფრო მოვუხშირებს ღია ბარებში ჩემი საყვარელი ბათუმური ყავის სმას. მართალია ის ჩემი ვილვეტის ქურთუკი ისევ სამომავლოდ გასაკეთებელ პროექტების სიაში რჩება. მაგრამ იყოს იქ. შემოდგომაც ხომ მოვა როცა იქნება. მანამდე კი. უკვე სამი დღეა ზაფხულია. აი ასეთი. პირველივე მოსმენაზე მიღებული და დამტკიცებული.
მომინდა ზღვა :(
ReplyDelete