Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

როცა ბათუმი ძლიერ გავს ბათუმს

როცა ბათუმი ძლიერ გავს ბათუმს
 ბათუმი წელიწადის ამ დროს გავს ყველაზე მეტად თავის თავს. თოლიებით დათოვლილ ზღვას შესეული პატარა მებადურის ნავებით და ნავებზე არც თუ დიდი ზომის თევზსაჭერი გემებით. "პიშევიკებსა" და "მელკიმორიაზე" თევზის და ზღვის იოდის სუნით. მეთევზეების ფუსფუსით, იქვე, სგარაზე აწიფინებული ნადავლით. თოლიების ყეფითა და პორტში შემომავალ-გამავალი გემების ღმუილით. საპორტო ქალაქი.


ეს ის პერიოდია, როცა გიკვირს და გიხარია კიდეც ამდენ მეთევზეს რომ ხედავ ზღვაზე. ნეტა სად არიან წელიწადის სხვა დროს. ალბათ სხვა სარჩო-საბადებელის ძიებაში ღიღინებენ მებადურის სიმღერას. 

ეს ის პერიოდია, როცა კაფე-ბარები ფართოდ აღებენ კარებს, ფანჯრებს, სარკმელებს და მთელი ზამთრის განმავლობაში სიგარეტის ჭვარტლით გამოჟვანქულ ფილტვებს ჯერ კიდევ ნესტიანი, მაგრამ მაინც სუფთა ჰაერით ივსებენ.
 

ეს ის პერიოდია, როცა ბილიკზე სიარულისას შემთხვევით შეყნოსილი, ჯეზვეში მოდუღებული ყავის სურნელი გეზს გაცვლევინებს და უახლოეს ღია ბარში შეგიტყუებს.

ეს ის პერიოდია, როცა "ჭადრაკის კლუბთან" გაგორებულ დუბარას ამერიკა რუსეთის გაუკუღმართებული ურთიერთობის, შაშისეს კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ცხარე განხილვა და დავა მოყვება. დავა, რომელიც ერთნაირად ცხარეა როგორც არასწორად გადათვლილი ქვის, ასევე "არასწორი" პოლიტიკური პოზიციის გამო

ეს ის პერიოდია, როცა ბულვარის მივიწყებულ სკამებს ისევ ესმის სიყვარულის, ლამაზი მომავლის, ციდან ვარსკვლავების მოწყვეტის და მუდმივი ერთგულების ფიცი.

ეს ის პერიოდია, როცა სამსახურის დანესტილი ოთახებიდან ქუჩაში იპარებიან, ჩრდილს გაურბიან და მზის სხივებით გამთბარ ქუჩის მხარეს ბაგეზე შეპარული ღიმილით ეფიცხებიან.

ეს ის პერიოდია, როცა ნება-ნება მიყვები ბულვარის ზღვსპირა ბილიკს. ყურს უგდებ ფეხქვეშ ნესტიანი ქვბის  ღრჭიალს. ჯერ კიდევ ცარიელი პლიაჟის და თოლიებით დათოვლილი მოლივლივე ლურჯი ზღვის ცქერით დამტკბარსა - მზით გამთბარს სახლში შესვლისას გცივა... აი იმ... ძვალში გამძრომი ნესტის სიცივით და ამბობ, არა - გარეთ უფრო თბილა.


ეს ის პერიოდია, როცა გიხარია ამ "მარადმწვანე" ქალაქში სადმე უცაბედად შემოფეთებული აფეთქებული კვირტის ხილვა. 

ეს ის პერიოდია, როცა ველოსიპედი, ყურსასმენები და შორი გზა წლის განმავლობაში პირველად გსიამოვნებს.

ეს ის პერიოდია, როცა ძილბურანიდან ერკვევი, გემრიალად იზმორები და გრძნობ - რამდენი მძინებია... ქალაქიც იღვიძებს, მებადურების, თოლიებისა და პორტში შემომავალ-გამავალი გემების ხმაზე... 

ეს ის დროა - როცა ბათუმი გავს ბათუმს


4 comments:

  1. კარგი პოსტია, დათო.
    განწყობა იგრძნობა. :) ბათუმი მართლაც ასეთია ახლა.
    თოლიების რაოდენობამ და ზღვის ზედაპირზე სირბილმა და ყივილმა სულ მთლად განმაცვიფრა.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, გაიხარე ! უხდება ბათუმს ბათუმობა :)

      Delete
  2. ძალიან მინდა ბათუმში. ასეთი თბილი პოსტების შემდეგ სამსახურში ჯდომა კოშმარია

    ReplyDelete
  3. ბრავო დავით

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]