Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ზღვა კი სულაც არ ღელავს

ზღვა კი სულაც არ ღელავს





ზამთარი სადღაც აქ არის. სადღაც შორიახლოს. ჯერ მხოლოდ მისი სუსხი და სურნელი ტრიალებს ჰაერში. ზღვაც დიდად არ ღელავს, ისიც ელოდება თოვლს. ალბათ იმიტომაც არ ღელავს რომ მისთვის სულერთია ფაფუკი თოვლი მოვა თუ შყაპუნა წვიმა - ის ყველაფერს შთანთქავს ისე როგორც შთქანთავდა აქამდე და შთანქავს ახლაც. სვამს მდინარეებს, თავზე იწურავს ღრუბლებს და ზოგი იმასაც ამბობს მზესაც კი ყლაპავსო. ყოველთვის წყურია.


თუმცა მაინც სევდიანია, დანესტილ პლიაჟზე კაეშნის ალებით გამთბარი რამოდენიმე წყვილისა და მკივანა, დამშეული თოლიების ამარა მიტოვებული. დილაობით ნაპირზე გამორიყულ ხის ტოტებს აგროვებენ მოხუცები. ისინი, ვისთვისაც გაზით გათბობა მხოლოდ ტელევიზორში მოსმენილი რიგირთი იმფორმაციაა. სათითაოდ აცლიან ზღვის წყლისაგან დამბალ, კენჭებზე ხრაგუნისაგან გაშალაშინებულ - მომრხვალებულ კიდეებიან ხის ნაკუწებს და ეზიდებიან სახლისკენ. მახსოვს ამ ფიჩხების სუნი. სტუდენტობისას, მეგობარს ქონდა პატარა ბინა ნაქირავები სადაც დიასახლისს სწორედ ეს ფიჩხები მოქონდა უშუქო ზამთარში მდგუმრების გასათბობად. იოდნარევი, სევდის მომგვრელი სურნელი აქვს...  აქ მაინც სხვა სუსხია. მკბენარა, ავი, ძვალ რბილში რომ ატარებს ისეთი. ეგ რაღაცნაირი საზღაურია იმ ცხელი და ხავერდოვანი ზაფხულის დღეების, ერთგვარი ხარკი, ბეგარა.


ისინი არასდროს ღალატობენ ზღვას. პატარა ნავებით დასრიელებენ ნაპირითან ახლოს, რეიდზე მდგომი, შორეული ნაოსნობის მედიდური გემების ფონზე და პატარა ბადეებით ცდიან ბედს. გაჩაღჩაღებული, გადანათებული სასტუმროებითა და სკვერებით დახუნძლული ქალაქის ფონზე ისინი უკანასკნელი მოჰიკანებივით განაგძრნობენ თავიანთი "ტომის" ადათის შესრულებას. ადრე უფრო მეტნი იყვნენ. ნავიც ბევრი იყო, ნაპირზე გამორიყული ვეშაპებივით იწვნენ გვერდიგვერდ სისხამ დილით, სარკესავით უძრავ ზღვაში შეცურების მომლოდინენი. ბადეც გაცილებით დიდი იყო და თევზიც ... ხო, თევზიც ბევრი.


ისინი ყოველთვის თან ახლავთ მებადურებს. ერთგული ძაღლივით აეკიდებიან და თავს დასტრიალებენ. თუ მონადირის მეგზური ძაღლია, მებადურისთვის მყეფარა თოლია. პირველები ხედავენ ბადეში გაბმულ თევზს, პირველები ცდილობენ მის წვდომას და თუ გაუმართლათ ... უმალ სანსლავენ თევზსაც და მებადურის გინებასაც. მოქუფრული, საავდრო ღრუბლების ფონზე დამშეული, ნავს დადევნებული თოლიების გუნდი თავის ნებაზე მოძრავ თეთრ, მყეფარა ღრუბელს წააგავს. თუ თევზი არარის ისინიც ნავთან ახლოს, ზღვაში ჩაშვებული ქახალდის გემებივით ტივტივებენ.

ბავშვობაში არაერთხელ გამიგია - თოლიების ყეფას თოვლი მოყავსო - მართალია არასდროს გამომიცდია ეს. მაგრამ რამდენიც არ უნდა იყეფოს ზამთრის ჯერ მხოლოდ სურნელი ტრიალებს. ის მთების მწვერვალებს მოყვება, ღამღამობით, მალულად იპარება დათოვლილი მწვერვალებიდან და მხოლოდ მერე, როცა გათამამდება მოადგება ზღვას. ზღვა კი არ სულაც არ ღელავს . ან კი რა აქვს ასაღელვებელი ...


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]