ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს მონიპიესების ფესტივალს. ამ პატარა ქალაქში დიდი და პომპეზური დადგმები კარგა ხანია ჩაანაცვლეს პატარა, მოკრძალებულმა მაგრამ არანაკლებ საინტერესო წარმოდგენებმა, რომლებიც არც თუ ისე იშვიათად იმართება სხვადასხვა ადგილზე. მონოპიესების ფესტივალიც თეატრმოყვარულთათვის საკმაოდ კარგი და გემრიელი დანამატი იყო თეატრალური ცხოვრების მოკრძალებულ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო რაციონში.
სამწუხაროდ ყველა სპექტაკლზე დასწრება ვერ მოვახერხე. მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია, სამუშაო პროცესი არავის შეუჩერებია. ამიტომაც გეტყვით მხოლოდ იმას რაც ვნახე, მოვისმინე და გავიგე.
პატარა
პირველი პიესა "პატარა" გახლდათ. დრამატურგ ალექს ჩიღვაიძის პიესა. რომელიც თემურ კუპრავამ დადგა და წარსდგენისას იმდენჯერ ახსენა ის გარემოება რომ "მსახიობი დამწყებია და მას აუცილებლად შეეშლება და თუ ასე მოხდა არ შეიმჩნიოთ,მსახიობი იმისაა რომ უნდა შეეშალოს კიდეც"-ო. ძალაუნებურად, მთელი პიესის მანძილზე ველოდით თუ როდის შეეშლებოდა მსახიობს - რომელსაც აუცილებლად უნდა შეშლოდა. მაგრამ იმედი "გამიცრუვდა". მსახიობს - სოფო ჩალაშვილს არც არაფერი შეშლია. მისეულად, საინტერესოდ და ემოციურად მოიტანა ჩვენამდე ის დარდი რაც ამ, საკმაოდ მძიმე პიესაში სუფევდა. საზამთროების გამყიდველი პატარა, ტანმოკლე ადამიანის სატკივარი, რომლის თავზეც ლამის მთელი ქვეყნიერების ბედის დოლაბი ტრიალებდა.
ჰალუცინაცია
ეს ერთადერთი სპექტაკლი იყო სადაც მსახიობიც, დრამატურგიც და რეჟისორიც ერთი ადამიანი გახდათ. სრული მონო - პიესა. მშვენიერი კომფორტია, ვერც ვერავინ შემოგედავება სამსახობო, სარეჟისორო ან დრამატურგიულ ხედვაში ან გზებში. "ჩემია და სადაც მინდა იქ დავკიდებ" - ხუმრობა გამახსენდა. თუმცა ხუმრობა იქით იყოს. გეგა გაგნიძის ჰალუცინაცია საკმაოდ გადამდები აღმოჩნდა. იყო მომენტები, როცა სპექტაკლში ძალაუნებურად მაყურებელიც კი ჩაერთო. ზღვარი მსახიობსა და მაყურებელს შორის ისე წაიშალა რომ ზოგმა მოიბოდიშა კიდეც - მაპატიეთ, სპექტაკლი მეგონაო. მონოლოგი, რომლის დროსაც პერსონაჟის მოგონებების ლაბირინთებში დავხეტიალობდით დასრულდა საკმაოდ უჩვეულო შედეგით - ბოლოში გაირკვა რომ ჰალუციაციები არა მოგონებებში, არამედ დარბაზში, მაყურებლების სახით ვისხედით და რეალურ ადამიანს ვუცქერდით.
ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის
ლია ლიქოკელისეული ლამაზი, მაგრამ საოცრად ღრმა და მძიმე სევდა იდო ამ სახელწოდების მქონე პიესაში, რომელიც ნინო შოთაძემ დადგა. მარიამ ბურდულის მიერ სცენაზე გადმოტანილმა ქალის სევდა იმდენად მიწიერი, მძიმე და ხელშესახები იყო რომ ძალაუნებურად მახსენდებოდა ფრაზა, რომელიც ლიას შემოქმედების გაცნობისას დამებადა და როცა ის მეგობრებს გავუზიარე მითხრეს - ახლოს ხარ სიმართლესთან, მაგრამ მთლად არაო. ყოველთვის, როცა ლიას ქმნილებებს ვეცნობი ჩოხელისეული სევდა მეუფლება და რა ვქნა ?! ოღონდ ეს უფრო ქალური, მოხდენილი და ჰაეროვანია. სპექტაკლი კი - ლიასეული. ძალიან კარგად გაგებული, გადმოტანილი და გადმოცემული.
სადღეგრძელო
ალბათ ერთად ერთი სპექტაკლი იყო რომლის დაწყების შემხედვარეს სულ სხვა ფინალი მედგა თვალწინ. ტიპიური, ბრტყელი, ზე-ზეპირული, მლაშე და მჭლე, ტრადიციული პათოსით გაჟღენთილი თამადის აპოგეა ალალად მეგონა რომ სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა. მაგრამ მიუხედავად ჩემი "ხედვებისა" ეს სპექტაკლი მართლაც ღირს ცქერად. თუმცა დაახლოებით იგივეს, მაგრამ ნაკლები არტისტიზმითა და სულ სხვა დრამატურგიით ყოველ ქებულ სუფრაზე, ზეთამადების მიერ გამონოპიესებურად ვისმენთ. მაგრამ აქ სულ სხვა ხაზი გადიოდა. აი ის, ამ ყველაფერს ფხიზელი, ჯანმრთელი, ადეკვატური თვალით რომ უცქერ და რწმუნდები - რა ყალბები ვართ
ყალბები ვართ ქალებთან, ისტორიასთან, მეგობრებთან და ბოლოს საკუთარ თავთან.
მაგრამ ბოლოს მაინც სხვაზე, სხვებზე ვბრაზდებით და მივდივართ.
ჩემი მეგობარი ჰაშიში
სპექტაკლი, რომელიც მოწეულზე უფრო გაგისწორდებათ. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ფხიზელზე ის არაფრად ვარგა. ვარგა და სანახავია. სანახავია ის, თუ როგორ უნდა იმართლო თავი საკუთარ თავთან. მაშინ როცა შენ საკუთარ უფროს ჟიმავ, ამ დროს კი იცი, შენს ქვეყანაში, საიდანაც დიდი ხანია წამოხვედი ბომბები ცვივა.
წრეზე
დრამატურგი - ნატალია ბლოკი. რეჟისორი - ტურალ ვაგიფოღლუ. მსახიობი - ნინო ციმაკურიძე. კი, ამ სპექტაკლს წრეზე - ჰქვია. აქ იმ ჩაკეტილ, მოჯადოვებულ წრეზეა საუბარი რომლის ირგვლივ ტრიალებს ერთი კონკრეტული ადამიანის ბედი. ჯერ ბავშვია, მერე მოზარდი, მერე ქალი, მერე დედა - სწორედ ისეთი როგორიც თავის დროზე არ უნდოდა რომ ყოფილიყო დედამისი.
მონოპიესების ფესტივალი დასრულდა. ყოველგვარი ზარ-ზეიმისა და საჩუქრების გარეშე. სამი დღის განმავლობაში ვნახე ექვსი ადამიანის სევდიანი ისტორია და მიუხედავად იმისა რომ ტავიდანვე ვიცოდი - ფესტივალის თემატიკაში სოციალური თემები ჭარბად იქნებოდა, უნდა ვაღიარო - მიმაკლდა პოზიტივი. ეს ერთად ერთი რამ არის რაც ამ ყველაფრის შემდეგ დამაკლდა. დანარჩენი კი მართლაც კარგი იყო. შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ იმის თაობაზე რომ: შესაძლებელი იყო უფრო მეტი დაფინანსება, რეკლამა, პოპულარიზაცია რომ გაცილებით მეტი ხალხი მოსულიყო და ენახა ეს ყველაფერი - მაგრამ ეგ თემა უკვე გასულია. სამომავლოდ გასათვალისწინებელი. ხოლო ახლა უბრალოდ მინდა ვუთხრა მადლობა ამ ფესტივალის მესვეურებს. კარგია, ყოჩაღ, ბის.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!