16.11.2015

Autumn in the Garden Shevardnadze. Осень в саду Шеварднадзе


ქალაქიდან არც თუ ისე შორს. ქუჩის გასწვრივ გაწოლილი დიდი ღობის მიღმა პატარა ბაღი მიმალულა. ეს ის ადგილია სადაც ერთხელ მაინც უნდა მოხვიდე და თუ მოხვედი, ხელმეორედ შენი აქ ამოსვლა უკვე გარდაუვალია. მეორედ, მესამედ, მეოთხედ. იმიტომ რომ ეს შენი ბაღია. შენი გარდენია



 თბილისის არც თუ ისე ხშირი სტუმარი ვარ. მაგრამ აქ ამოსვლის გარეშე დედაქალაქში ჩემი არც ერთი სტუმრობა არ ჩაივლის. მიზეზი ბევრი შემიძლია ჩამოგითვალოთ. მაგრამ უმთავრესი თავად ეს პატარა სამოთხეა და ის ფერთა პალიტრა, რასაც წელიწადის სხვადასხვა დროს ასე გულუხვად და მსუყედ იმეტებს "გარდენია"


 არის ადგილები, ლოკაციები. სადაც ერთი სტუმრობის შემდეგ გინელდება ინტერესი და შემდეგ სურვილიც იმისა რომ კიდევ ერთხელ ამოხვიდე.  "გარდენია" გამონაკლისია და ამაში დიდი წვლილი სწორედ ბაღს და იმ ადამიანებს მიუძღვით ვინც ამ საოცარ ბაღს ასე საოცრად უვლიან და პატრონობენ. 


ყოველი თვე აქ ახალ ფერთა გამას სთავაზობს ამოსულ სტუმარს. გარდენიის ფლორის მენიუ აქ ყოველ ჯერზე ახლდება



ბევრჯერ მიწუწუნია რომ ქალაქში შემოდგომა აღარ იგრძნობა. ისევე როგორც გაზაფხულის ხიბლი. ამიტომაც ხშირად გავდივარ ხოლმე ქალაქ გარეთ მსხმოიარე ან ფოთლებშეყვითლებული ხეების სანახავად. ახლა კი წარმოიდგინეთ რომ ეს თქვენი ეზოა... ხო,  გაილაღა ოცნებამ ?! კარგია. მით უმეტეს თუ ეზო გაქვთ და პატარა ბაღის გაშენების შესაძლებლობაც


სახლი გურიაში მეც მაქვს. ხო და გარდენიიდან ჩემი ეზოსთვის პატარა "ჩიტავაშლა"ს ნერგი შევიძინე. მალე ჩავალ და ჩემი ჩიტავაშლაც გაიდგამს ფესვებს ჩემს "გარდენიაში"


დღეს ბაღი უკვე აღარ აფრქვევს ხასხასა ფერების კორიანტელს. ახლა აქ შემოდგომის ზომიერი, თბილი და ოდნავ სევდიანი ფერებია.


კვახი, ხაპი, ხაპერა. ასე დაბანილ დავარცხნილები და სააღლუმოდ მწკრივში ჩაყენებულები მართლაც საამო სანახავია.


ფერები... შემოდგომის ფერები


ყოველთვის მინდოდა შემოდგომის სიჭრელე ასე შემეკრიბა და გადამეღო. აქ კი შეკრებილი, მოვლილი და დალაგებული დამახვედრეს. ერთი მე ვაკლდი და აჰა, მოვედი




დეტალები, პატარა, კოხტა, უცნაური დეტალები და ამ დეტალებისგან შექმნილი დიდი, თბილი, მყუდრო და მომენტალურად შენად ქცეული გარემო. აქ ამოსულს ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ბავშვობაში დავბრუნდი. აი იქ, სადაც ბებიაჩემი სკოლაში წასვლამდე მურაბიან ჩაის რომ მიმზადებდა და პაწაწინა ყუთებში გადამალულ კანფეტებს მალულად მიყრიდა ჯიბეში.



 მენიუს აქ დიდხანს ვერ უკირკიტებ. შუშის ოთახი შესვლისთანავე გკარნახობს, განიშნებს და შენი ქვეცნობიერიც ნებდება - ჩაი?! კი, ჩაი


 ჩაი, მაგრამ რომელი?! შავი?! ხილის ?! თუ მურაბით?! იყოს შავი, ვაშალომიძეების


რადიოდან გასული საუკუნის ოცდაათიანების ჯაზი იღვრება. ეს სწორედ ისაა რაც მურაბასავით უხდება ამ გარემოში ჩაის სმის პროცესს. აქ საუბრისთვის დროის კარგვაც არ ღირს. უბრალოდ დააგემოვნე ნამცხვარი, მიაყოლე ჩაი და შენი ოცნებაც ნელინელ "ბურჟუიკასთან" გამთბარი ჩიტივით გაშლის ფრთებს.


ჩაიში... არა, ეს შევარდნაძის გარდენიაა. 
ჩაში მურაბა, შოკოლადის კექსი "ზებრა", ჯაზი და ბავშვობის მეგობარი სამი გურული. კი, კაი ჩამონათვალია. სადაც ესაა იქვეა მოგონებებიც, იუმორიც და ყველაფერი ის რასაც პოზიტივი ჰქვია. 


აქ აბა სხვანაირად ვერც იქნები. რთულია, შეუძლებელია იყო აქ და ისაუბრო რაღაც ისეთ ბრტყელ, სლიკინა და უმადო თემაზე როგორიცაა.. მაგალითად პოლიტიკა. თუმცა, კაცია და ბუნებაო... ხოდა ჩვენ ეს ბუნება გვირჩევნია


 სხედხართ თბილად, სვამთ ჩაის, ტკბები შუშის კედლებს მიღმა შემოდგომის ფერებით გაფერადებულ ბაღს და ფიქრობ - ნეტავ აქ ზამთარი როგორი იქნება. მაგალითად თოვა


 ვინც აქ ყოფილა დამეთანხმება. თითქმის ყველას გაუფიქრია "რა ლამაზია და რა იოლია ეს ყველაფერი. აი მეც რომ მქონდეს სახლი..." და წავიდაა. რამდენჯერ, რამდენ ნაირად და რანაირად არ გადაგიკეთებიათ, მოგიწყვიათ, აგიყვავებიათ და დაგიმშვენებიათ თქვენი წარმოსახვითი ბაღი... კარგია ეს. თუ გინდ წარმოსახვითი მებაღეობაც რომ შეგვიძლია.


კარგია, მართლა კარგია ასეთი ადგილი რომ არსებობს. გადათხრილ ქუჩებში გაჭედილი საცობებიდან გადათხრილი ნერვები აქ თავისუფლად შეგიძლია დაიამო. თან ასე ახლოს ქალაქის ბუღიდან და ქაოსიდან. ასეთი ადგილები გვახსენებენ ხოლმე ბავშვობისაკენ, სიმშვიდისკენ და ადამიანობისკენ მიმავალ ბილიკებს. სხვაგან თუ ვერ გადიხართ და ვერ გაურბიხართ ქალაქს. აქ მაინც ამოდით ხშირად. მით უმეტეს ახლა აქ შემოგდომაა. სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს




Post a Comment

2 комментария:

  1. გამომრჩა პოსტში, თუ არ გიწერია, რომელი შევარდნაძის სახელობისაა ეს ბაღი? ედუარდისააო, თუ იტყვი, მორჩა!!! აღარ მინდა არაფერი მანდ, თვითმგვემი ქართველებისა :დ

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არა რა ედუარდის :) ზურა შევარდნაძე :)) ცოცხალია, უვლის, ახარებს და გვახარებს. ედუარდის ბაღი არ გაიშვა არსად :))

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!