09.01.2015

პირველი თოვლი და პირველი პოსტი The first snow in Batumi


და გათოვდა კიდეც. ძალიან უჩვეულოდ. აი ისე, ფილმებში როგორც ხდება. მშრალი, ფაფუქი ფანტელების ფარფატით - რაც ბათუმისთვის ძალზედ უჩვეულოა. აქ როგორც წესი ჯუჯღუნით, ჭირვეულად თოვს სველი, ნაძალადევი თოვჭყაპით. ახლა კი გულმოდგინეთ, გულდაგულ გათოვდა. კარგია თოვა


რა გითხრათ... უხდება თოვლი ბათუმს. არაერთხელ გადამიღია დათოვლილი ქუჩები და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები - ეს ზღვაში მზის ჩასვლის პროცესს გავს. ყოველჯერზე რომ ერთი და იგივე ხდება, თუმცა ყოველ ჯერზე მაინც სხვადასხვანაირად ლამაზია.


ამიტომაც ცოტა ვიზარმაცე... სახლიდან სამსახურამდე რაც გზად მქონდა გასავლელი მხოლოდ ის მონაკვეთი დავაფიქსირე. თუმცა დარწმუნებული ვარ სხვა ქუჩებიც და ბულვარიც არანაკლებ ლამაზად იქნება თოვლის საბურველში გახვეული.


ახალი წლის პირველი პოსტიც მგონი მოსული თოვლივით კოხტა გამოვიდა - მშვენიერია, მომწონს დასაწყისი.


აშკარად კარგი დღეა... კარგი, თოვიანი დღე. ხოდა მგონი ვიცი კიდეც ეს დღე როგორ დასრულდება. თბილ, წყნარ, მყუდრო გარემოში. საიდანაც კარგად გამოჩნდება დათოვლილი ქუჩები და თოვა... თუკი ინება თოვამ



თქვენაც ხალისიან დღეს და გემრიელ საღამოს გისურვებთ. ხოლო თუ გასული წლების თოვლიანი ბათუმის დათვალიერება მოგინდებათ... ლინკები აქვეა
ზღვა, ბათუმი და თოვლი
და მაინც მოთოვა


Post a Comment

2 комментария:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!