ზაფხული ისე ჩადნა როგორ ლანგარზე ამოღებული, შოკოლად მოხეხილი ნაყინის ბურთები დნებიან ხოლმე. ძალიან უცნაური ზაფხული იყო. აი ისეთი, ჯერ რომ ვერ ხვდები საერთო ჯამში კარგი იყო თუ ცუდი. ზაფხულის სტანდარტულ პაკეტს "გართობა, სასმელი, სექსი, ზღვა და მზე"ს თუ არ ჩავთვლით რაღაც ახალი და საინტერესო არაფერი მომხდარა. შესაძოა ამას იმიტომაც ვამბობ რომ ეს ყველაფერი ისევ ბათუმში მოხდა და მეტნაკლებად დალაგებული სეზონის მთელი სამი თვე ქალაქიდან ცხვირიც არ გამიყვია. ხო, ალბათ უფრო ეს... კი, სწორედ ეგ აკლდა იმ "ლანგარზე ამოღებულ შოკოლადმოყრილ ნაყინს" - ახალი შთაბეჭდილებების "მოხეხვა".
არა, უკმაყოფილო ნამდვილად არავარ. ტექნიკის შეძენის მხრივ რეკორდცმენი სეზონი იყო. პრინციპში არც ზაფხული ამოწურულა ბოლომდე. ჯერ "ხავერდოვანი სეზონი" წინაა. თუმცა ამ ამინდების შემხედვარე "ხავერდოვანი" თავად ზაფხული გამოვიდა. იმედია ამაზე უარესად არ "ჩაახავედროვანებს" თორემ დღეს უკვე სერიოულად გრილა... ცივა.
სიმართლე რომ ვთქვა ასე მწვავედ არასდოს მიგრძვნია სადმე, ქალაქიდან მოშორებით, ჩეროში ჩაკიდულ ჰამაკში ჩაწოლის და სიჩუმეში წიგნის კითხვის, ან სულაც თვლემის. ხისუნიან ოთახში ღიაფანჯრიდან ღამით შემოპარული სუსხუსაგან "პრუჟინიან" საწოლში სქელი "ადიალის" თავზე წამოფარების. საღამოობით აივანზე შესმული გრილი ჩაის. ციცინათელების ციმციმის ცქერით გამოწვეული ბავშვური აღტაცების კიდევ ერთხელ შეგრძნების აუცილებლობა....
არადა ასე მგონია საუკუნეა არ მინახავს ციცინათელა... მართლა არ მინახავს. მეგაგადაბჟღვიალებულ, აციმიმებულ, გადანათებულ ქალაქში რომ იყოს სადმე ვინ შეამჩნევდა... ალბათ დაიხურა საწყალმა ქუდი - აღარაა აქ ჩემი ადგილიო და წავიდა სადღაც.
ეჰ, არადა ოქტომბრამდე სადმე გაძვრომის არანაირი შანსი არ მიღიმის. ისევ მინიმუმიდან მაქსიმუმი უნდა გამოვიყვანო და ... შემოდგომის ფერებში ოდნავ აჭრელებულ წვანე კონცხს თუ ვეწვევი ახლო ხანებში. ერთი დღის გასატარებლად მშვენიერი ადგილია.
არადა წავიდოდა კაცი სადმე მთაში. ან ბარში. კაფეში ისედაც ვარ :)
ისე რა უცნაური რამაა. ვამბობთ - მივდივარ ზღვა-ზე, როდესაც ვცურავთ ზღვა - ში. ვამბობთ მივდივარ მთა-ში, როდესაც დავდივართ მთა-ზე.
ხოდა აი ასეთივე უცნაური იყო ეს ზაფხულიც. ყველაზე უფრო თავისუფალი, ოდნავ ცივი, ხალისიანი და აი ისეთი ... გაგრძელებას რომ ითხოვს. სწორედ ისე როგორც ჩემი ბლოგი ითხოვს უფრო მეტ ყურადღებას ჩემგან. ჩავუჯდები აწი და ამოვუვსებ უყურადღებობის დანაკლის. მანამდე კი "მიმღერე რამე ჯენის" შენი სიმღერა ძალიან უხდება დღევანდელ ჩემს საშემოდგომო განწყობას.
ხოდა ასე. ზაფხული დასრულდა. გამარჯობა ოთახო, დახურულო კაფეებო, საწვიმარო ქურთუკო და პოლიტიზრებულო სამყაროვ... აუ რა აგიტანს იანვრამდე...
მე ზუსტად ოთხი დღე დავისვენე, სამი დღე ჯერ და მერე კიდევ ერთი დღე. სხვაგან არა, გონიო-სარფი-კვარიათი. მიუხედავად ამისა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადღაც შორს ვიყავი. ხოდა, შაბათ-კვირას რომ გახვიდე ასე შენც, არ იქნება ურიგო ;)
ReplyDeleteზაფხული ჩემთვისაც დამთავრდა - ერთ კვირაში თბილისი იწყება... მაგრამ შემოდგომა იქნება ყველაზე თბილი :))
გონიო და სარფი რომ არ ქონდეს ბათუს რა მეშველებოდა :) მაქეთ რომ მივდივარ ყოველთვის პოზიტივით ვიმუხტები.
Deleteგაგრძელებას, რა თქმა უნდა, ითხოვს და უნდა გაგრძელდეს კიდეც. :)
ReplyDeleteჩაივლის ეს სასიამოვნო ოდნავ სევდიანი პერიოდიც და კიდევ ბევრ ახალ შთაბეჭდილებას მოახეხავ - არაზაფხულის, მაგრამ ბევრ-ზაფხულზე-უკეთეს შთაბეჭდილებას.
პ.ს. აი, ციცინათელა კი მეც მომენატრა. ციცინათელა და უთვალავი კაშკაშა ვარსკვლავით მოჭედილი ცა, როგორიც მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში სუფთაჰაერიან ადგილებში იცის. :)
ხოდა მოვახეხავთ, სად წავაა. სუფთა ჰაერი იყოს და ჩვენს ვიციმციმებთ შესაბამისად :)
Delete