Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შემოდგომის მზით

შემოდგომის მზით



საინტერესოა, მას ლამის 7 თვე ველოდი, მოვიდა და ახლა მისი წასვლა უფრო მიხარია ვიდრე მისი აქ და ჩემი მასთან ყოფნა. დამღლელია, ზედმეტად ხმაურიანი და ჭყეტელა. არ მიყვარს ეს ორომტრიალი. იქნებ არც მიყვარდა. ეგ არ ვიცი მაგრამ რომ არ მიყვარს ეგ ვიცი. აი ახლა, აი ეს, აი ამ წუთას... რაც არის ეგ მიყვარს. სიმშვიდე, სიწყნარე და... იფ რა კარგია... გინდ ხავერდოვანი სეზონი უწოდე, გინდ აბრეშუმის შუალედი და გინდ ჯვალოს ნაგლეჯი. ყველა დანარჩენს მირჩევნია, ზაფხულის ხვატსაც, გაზაფხულის ნამსაც და შემოდგომის ოქროსაც... საშობაო განწყობა მაინც სხვაა, ისიც იყოს. ხელს არ ვახლებ.


ქალაქმა მოდური, ვიწრო კორსეტი შემოიხსნა, საჩვენებელი, საღამისკლუბო, მაღალი ქუსლებიანი ფეხსაცმელი წაიძრო და შემოდგომის ჩამავალი მზის სხივებს მიფიცხებულმა, პირზე სიამის ღიმილით მიეყრდნო დაცარიელებული ბულვარის სკამის საზურგეს... ძნელია იყო მოდური როცა მთელი ცხოვრება დიასახლისი იყავი...  



შემოდგომის ბათუმში კარგია დაცარიელებულ ბულვარში სეირნობა. ზაფხულის ხმაურიან საღამოებს დაჩვეულ ყურს სიამოვნებს ჩამოწოლილი სიჩუმე. ზღვა ისეთი წყნარი, მშვიდი და თვინიერია რომ მისი ხმა თუ არ მიაყურადე შეიძება ვერც კი გაიგონო. რაღაც უცნაურად, ეზოში ზურგზე მოკოტრიალე კატასავით ღრმურტულებს. ვითომ საავდროდ!? სუფთაა, ფირუზის ფერი, წყნარი და საოცრად თბილი..თბილი და მედუზებით სავსე. მზეც ისე დაუნდობლად აღარ ანათებს როგორც მაშინ. ახლა თამამად ჯდები მის დასანახად ღია ბარში შუადღეზე და არც კი ცდილობ მზის ქოლგის მალულად მჩოჩავ ჩრდილს აეკიდო სკამიანად.




შემოდგომით ბარის მიმტანებიც სხვანაირები არიან. მათ სახეზე უკვე ვეღარ იპოვნი იმ ნაძალადევ ღიმილს ან ვერ დამალულ რისხვას („ჩახეთქე“ რომ ქვია). ისინი უკვე ძველი ნაცნობებივით გეგებებიან, მზესუმზირის ჭამას დროებით მიატოვებენ, სკამიდან წამოიზლაზნებიან და უკვე უკითხავად მიდიან შენი საყვარელი, ოდნავ ტკბილი ყავის მოსადუღებლად. შენ ჯდები, საზაფხულოდ გადასწორებულ მენიუს ათვალიერებ და წიწკი დამსვენებლების მიერ ზღვიდან ნაპირზე ამოსროლილ, სველ ლაქად ქცეულ მედუზებს ითვლი. ახლა მათი სეზონია...



ჩემს წინ საზაფრულო ზიზილ პიპილოებიან, ნიჟარებიდან დამზადებულ მძივბიან, სუვენირებიან და ათას სისულელებიან დახლს შლის გამყიდველი. თუმცა რატომ სისულელებიანს. სავსებით შესაძლებელია რომ აი ამ დახლთან შეძენილ 5 ლარიან, ნიჟარებით აწყობილ მძივს უფრო მეტი თბილი მოგონება გაჰყვეს სადღაც შორს, უზღვო ქალაქში ვიდრე რაიმე სხვას. სწორედ ის მოგონება, სუსხიან ზამთარში რომ დახედავს პატრონი და ... მზე ისევ მწველი იქნება, ზღვა თბილი და გული გახარებული. ხომ შეიძება ასეც ოყოს... ხოდა მაშინ სისულელეებიანს კი არა... ჯერ არ გაყიდულ თბილ მოგონებებს ალაგებს გამყიდველი მუყაოს ყუთში.





დღე ისე იპარება რომ ვერც კი ამჩნევ. საღამოობით სიცივე უკვე იკბინება. მაგრამ აი ისე, რომ გსიამოვნებს... რომ გსიამოვნებს თაროდან გადმოღებული თხელი ჟაკეტის მოსხმა და ისე გასეირნება. რომ გსიამოვნებს პლაჟზე ჩასულს შემოპარული ნესტით გამოწვეული წამიერი გაჟრჟოლება „უჰ, ცივა ისე ხომ იცი!?“ 



რომ გსიამოვნებს დაწოლისას ოდნავ სქელი „ადიალის“ გადაფარება.. საწოლში კი გვიანამდე იგრძნობა დედის მიერ აივანზე განანმზეურები, შემოდგომის მზით გამთბარი ბალიშის სითბო...



მერე კი გახსენდება რომ კარგა ხანია ბლოგზე არაფერი დაგიწერია... ხსნი ნოუთბუკს, შედიხარ ბლოგზე და იწყებ ამ სისულელის წერას. წერ იმიტომ რომ გრძნობ, შემოდგომის მზეს მხოლოდ შენი ბალიში არ გაუთბია ... ის შენშია... აგავსო... აი ისე „ქალის თითას“ მტევნიდან მოწყვეტილ მარცვალს რომ გახედავ მზის გულზე და ცხადად ხედავ მასში გამომავალ მზეს, მის პატარა ძარღვებს და შუაგულში, ემბრიონივით მოკუნტულ მარცვალს... მარცვალს, რომელიც მზით არის სავსე... ჩვეულებრივი ამბავია. ჩვეულებრივი შემოდგომის მზით ჩვეულებრივად გამთბარი... ახლა კი ძილი ნებისა. შემოდგომის ღამეც კარგი რამაა.. ამაზე მერე... თავის დროზე... დღეს კი უბრალოდ ეგ იყოს. პატარა ნაგლეჯი... ბოლოს და ბოლოს ...




3 comments:

  1. შენს პოსტებს და გადაღებულ ფოტოების შემხედვარე ტირილი მინდება. ზღვასთან მინდა, ბათუმში მინდა ცხოვრება :( ა.ნ.

    ReplyDelete
  2. ვაიმე, რა მაგარი პოსტი და ფოტოებია. ასეთი სიამოვნებით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს.
    მე ჩამოტანილი მაქვს ის თბილი მოგონება, რომელიც აბზაცის დასაწყისში სისულელედ მოიხსენიე და ზუუსტად ის არის რადაც აბზაცის ბოლოს აქციე. სამსახურში ვზივარ და მაჯისკენ გავაპარებ ხოლმე თვალს და მახსენდება ზღვა (უზღვო ქალაქში).
    გადასარევი იყო.

    ReplyDelete
  3. ა.ნ. - ბევრს ვერაფერს შეგპირდები. უბრალოდ აქედან მოგამარაგებ ზღვით ;)

    ფინიკი - არ ვიცი სანამდე გეყოფა ეგ ხელზე შებმული მოგონება. მაგრამ მოგონებასაც განახლება უნდაო, ხოდა. შევეცდები არ დაგავიწყებინოო ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]