Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ზამთრის გრძელ და თბილ საღამოს სანახავი 6 ანიმაცია

ზამთრის გრძელ და თბილ საღამოს სანახავი 6 ანიმაცია

გამარჯობა. დიდი ხანია არაფერი დამიწერია ბლოგზე. ხო, ბევრი რამ მოხდა, ვერ მოვიცალე და ამიტომ ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. თუმცა ნელი-ნელ ყველაფერი ლაგდება და ბლოგის განახლების დროც მოვიდა. ვერ დაგპირდებით რომ პერიოდიკას დავიცავ, მაგრამ გპირდებით რომ მთლად ასე მიტოვებული ნამდვილად აღარ იქნება.
საახალწლო დღესასწაულები მიილია. ეს პერიოდი საუკეთესოა კარგი ფილმების ან ნახატი ფილმების სანახავად. ინტერნეტში ხშირად ნახავთ ტოპ ხუთეულს ან ათეულს წარწერით - "საუკეთესო ანიმე" ან "წლის საუკეთესო მულტფილმი". ხოდა მეც გადავწყვიტე შემომეთავაზებია ჩემი, ასე ვთქვათ რჩეული მულტფილმების ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში შემოვიფარგლები მხოლოდ ნახატი ფილმებით, გვერდით დავტოვებ სამი დე ანიმაციას და მის აღმატებულება ანიმესაც. ანიმეს შესახებ შეგიძლიათ შესაბამისი პოსტი ამ ბმულზე იხილოთ. აქ კი ჩამოგითვლით იმ ნახატ ფილმებს, რომლებმაც შესრულების მანერით, სტილისტიკით, ფერებით, პერსონაჟებით და თხრობის ფორმით ჩემში ძალიან დიდი კვალი დატოვა. ხო, ისიც მინდა ვთქვა რომ ნუმირაცია პირობითია. 



ტრიო ბელვილიდან - THE TRIPLETS OF BELLEVILLE 

დავიწყოთ ყველაზე დასამახსოვრებელი ანიმაციური ფილმით. საოცარი პერსონაჟებით, თხრობის მანერით, მინიმუმამდე დაყვანილი სიტყვიერი დიალოგებით. თუმცა რა საჭიროა სიტყვები, როცა ამ ანიმაციის პერსონაჟების ყოველი ჟესტი და ქმედება თავად იძლევა მოგონილ სიტყვებზე მეტის მთქმელ ემოციებს და შეგრძნებებს. აქ ასახული გროტესკი და მდუმარება გაცილებით მეტყველია ვიდრე ნებისმიერი დიალოგი.  შეიძლება ითქვას რომ აქ გადმოცემულია ფრანგული ხასიათის ლამის ყველა ელფერი. თუმცა რა გასაკვირია, სცენარისტი და რეჟისორი ხომ სილვან შომე - "პარიზო, მე შენ მიყვარხარ" - გახსოვთ ალბათ ეს ფილმი. განსაკუთრებით მიმების საოცარი ოჯახის ისტორიაც. ხოდა სილვანის ხელი ატყვია აქაურობასაც. 
ხო, აქ პერსონაჟებს არ გააჩნიათ იდეალური ნაკვთები და არ ფლობენ სუპერ ძალებს. მეტიც, აქ თითოეული პერსონაჟის შინაგანი სამყარო ისეა "ამობრუნებული" რომ შეხედვისთანავე გაგიადვილება მისი "მე"ს ამოცნობა 

Картинки по запросу "трио из бельвилля""

Картинки по запросу "трио из бельвилля""


ილუზიონისტი THE ILLUSIONIST

კიდევ ერთი ქმნილება იგივე რეჟისორისგან. ილუზიონიტსში მართალია ნაკლები გროტესკი და მუქი ფერებია. მაგრამ დუმბაძის არ იყოს - რაღაც "ნათელი სევდა" ამ მოხუცი ილუზიონისტის თავგადასავალშიც იგრძნობა. შედარებით ფერად სამყაროში უფრო მეტი ტემპი, მოძრაობა და ლექსიკაა. მულტიპლიკაცია კი რათქმაუნდა მაღალ დონეზეა 

Картинки по запросу "the illusionist trailer""




მგონი დრო ჩვენი გმირების ასაკი შევამციროთ. მაშ ასე

ნოკტურნა NOCTURNA 

იდუმალებით მოცულ ქალაქში ღამე თავის საიდუმლოს მალავს. აქ ყველაფერია რაც მიყვარს, ღამე, მთვარე, ვარსკვლავები, კატები და უცნაური ამბები. 

Картинки по запросу "NOCTURNA""



იტყვით ალბათ, კარგი კია, მაგრამ ყველაფერი მუქ ფერებშიაო. გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას და ფერებს უფრო გავახალასებ. შემდეგი

კელსის საიდუმლო THE SECRET OF KELLS

ირლანდია, მეცხრე საუკუნე, კელსის სააბატო და თორმეტი წლის ბიჭუნა, რომელიც წიგნების ილუსტრირებით არის გატაცებული. ვეება, ზღაპრული იდუმალი ტყე მართლაც გასაოცარია თავისი სტილისტიკით და მცირე ნიუანსებამდე დამუშავებული დეტალებით, დახვეწილობით, ფერთა გამით. ხო ხვდებით - აქ მარტო ძველი, მისტიური ირლანდიის ამბავი როდია, აქ თავად ნახატი სამყაროა იმდენად მომაჯადოვებელი რომ ძალაუნებურად გინდა თქვა - ნეტა ჩვენი ზღაპრებიც ასე გააცოცხლონო. 





როგორც დაგპირდით, ნელ ნელა ვაფერადებ ნახატ სამყაროს, შემდეგი

ზღვის სიმღერა SONG OF THE SEA 

ისევ ირლანდია და საოცარი ისტორია პატარა გოგონაზე, ჯიუტ, მაგრამ მოსიყვარულე ძამიკოზე და ირლანდიურ მითოსზე. გოგონას დედა სელკი იყო, ეს ის არსებები არიან, რომლებიც ზღვაში სელაპის ფორმას იღებენ, ხმელეთზე კი ქურქის გახდის შემდეგ კი ადამიანს ემსგავსებიან. ამ თვისების გამო პატარა გოგონას გული მიუწევს ზღვისკენ. თუმცა მხოლოდ ამით როდი მთავრდება და ძმის ურთიერთობის საკმაოდ საინტერესო ამბავი. თხრობის მანერა და პერსონაჟების ხატებები ძალიან ახლოს დგას წინა ანიმაციასთან. მაგრამ, როგორც გითხარით ეს სულ სხვა, ნათელი სიმღერაა, თან საოცრად ლამაზი სიმღერა. მართლა

Картинки по запросу "песня моря""


როგორც ხედავთ ჩვენი ანიმაციური პალიტრა მუქი ფერებიდან შედარებით თბილში, შემდეგ კი გრილ ტონალობაში გადავიდა... მგონი დროა ზამთარზეც ვისაუბროდ. და აი ისიც

კლაუსი KLAUS


ეს ყველაზე ახალი, ყველაზე თბილი და საყვარელი მულტფილმია რაც კი ოდესმე სანტა კლაუსის ისტორიის შესახებ გადაღებულა. რა თქმა უნდა - ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მაგრამ მგონი მასაც აქვს არსებობის უფლება. ბოლო ბოლო ეს ხომ ჩემი ბლოგია. ამბავი იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა სიკეთემ ბევრი სხვა კეთილი საქმის წამოწყებისკენ გიბიძგოს. ამბავი იმის თაობაზე თუ როგორ გახდა ერთი რუხი, ბოღმაზე და ღვარძლზე აშენებული ქალაქი ყველაზე თბილ და ტკბილ ქალაქად. ამბავი იმის თაობაზე თუ როგორ გარდაიქმნა ეგოისტი ზე ალტრუისტად... ერთი სიტყვით - როგორ იშვა სანტა კლაუსის და შობის ღამის ზღაპრული ისტორია.

გარდა ამ სიკეთეებისა, ეს მართლაც უნიკალური ანიმაციაა. კარგად და კოხტად გახატული სახეებისა და პერსონაჟების გარდა ძალიან დიდი ადგილი უკავია შუქ-ჩრდილებს. ოსტატურად გამოყენებული ჩრდილების წყალობით პერსონაჟები ლამის "ამოცვენილები" არიან საერთო სიბრტყიდან და თავისებურად ცოცხლდებიან ეკრანზე. მოკლედ, ეს უნდა ნახოთ

Картинки по запросу "KLAUS""


მოკლედ, აი ასე. როგორც ხედავთ აქ არ არის არც კომიქსების გმირები, არც ანიმე (რომელიც ძალიან მიყვარს). აქ შევეცადე თავი იმ ანიმაციებისთვის მომეყარა, სადაც ამბის თხრობის მანერა და თავად ანიმაციაც მანერულისგან განსხვავებულია, სახასიათო, გამორჩეული და სტილისტურად ორიგინალურიც. თუ მოგეწონათ ძალიან კარგი, შესაძლოა გავაგრძელო კიდევაც ამ მიმართულებით ანიმაციის "კვლევა". თუ არა და იყოს აქ მაინც, ვინიცობაა რამეში გამოგადგეთ, ესაოდა ამ საღამოს რას ვუყურო. 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]