Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შემოდგომის შოვი. Autumn Shovi

შემოდგომის შოვი. Autumn Shovi

მიუხედავად იმისა რომ ღამით ძალიან ციოდა. ხის სახლში, ლოგინში საგულდაგულოდ შეფუთულებს არც ზედმეტი დისკომფორტი გვიგვრძნია და არც სიზმრების ნაკლებობას შევუწუხებივართ. არც თუ ისე მსუბუქი "წახემსების" შემდეგ ცოტაც დავისვენეთ და შოვისკენ მიმავალ გზას გავუდექით.


შოვის, როგორც ელიტარული კურორტის შესახებ ბავშვობიდან მესმოდა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, რაჭისკენ გზა ჯერ არ მქონია. ხო და აი ახლა მომეცა შესაძლებლობა ვიხილო ის, რასაც ამდენი ხანი ასე ძალიან აქედნენ. ის თუ არა"ნაშთი ძველი დიდებისა" მაინც.



ონამდე მისასვლელი გზიდან განსხვავებით შოვამდე ეტყობა არც ერთმა არჩევნებმა არ მოაღწია. შესაბამისად აქ კომუნისტების დროს დაგებული ნაასფალტარია შემორჩენილი. გაუვალი და გადაულახავი არა, მაგრამ საკმაოდ კარგად შელახული სოფლის გზაა. თუმცა გზის ხარისხიდან გამოწვეულ დისკომფორტს შემოდგომის რაჭის ხედები ნამდვილად გადაფარავს.


აი ამ პატარა მდინარის ვეება კალაპოტზე მიხვდებით თუ რა ძალა აქვს მთის მდინარეს, როცა ადიდებული მძვინვარებს და მთიდან მოაქანებს ლოდებსა და მოგლეჯილ ხეებს. საბედნიეროდ ახლა ის წყნარად და მშვიდა მირაკრაკებდა. 


კი, ბუნება აქ ძალიან ბევრ კურორტს მისცემდა ფორას. თუმცა, როგორც ვთქვი, ძველი დიდებიდან შოვს მხოლოდ მკრთალი ნათებაღა შემორჩენია. პანსიონატების და სანატორიუმების უმეტესობა, რომლებიც ადრე სავარაუდოდ სახელმწიფო ბალანსზე იმყოფებოდნენ, ჩაღამებულია. არის თითო ოროლა თანამედროვე სანატორიუმი. თუმცა მათი რაოდენობა სამწუხაროდ ვერ ქმნის შესაფერის ამინდს. ამას უგზოობასაც თუ დავუმატებთ. არც თუ ისე სახარბიელო სურათს მივიღებთ. 


მაგრამ ჩვენ აქ დარჩენას არ ვაპირებდით, ამიტომაც ეს "დისკომფორტი" ნაკლებად გვაღელვებდა. ხოლო მათ, ვისაც სურს აქ დასველება - არც ზემოთ ჩამოთვლილი მინუსები შეაშინებს საიმისოდ რომ აქ არ ამოვიდეს და ამ მშვენიერ ბუნებაში არ დაისვენოს.


წელიწადის ამ დროს, მიუხედავად იმისა რომ აქაურობა (ჩემი აზრით) არანაკლებ თვალწარმტაც პეიზაჟებს სთავაზობს ამოსულ სტუმარს ვიდრე ზაფხულობით. შოვი ტურისტების და დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის. არადა აქ ამოსულს თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა სირთულის სამთო ბილიკების დაძლევა. თუმცა ამჯერად გამყოლის თანხლებით. ვინ იცის პატივცემული დათვი სად შემოგეგებათ. 

შოვში გასეირნება კი რაღა თქმა უნდა უსაფრთხოა. კი, აქ ზაფხულშიც მშვენიერი იქნება დასვენება.


განა რომელიმე თქვენთაგანი უარს იტყოდა აი აქ, შემოდგომის ყვითელ ტყეში ჩაფლულ სახლში რამდენიმე დღიან დასვენებაზე? მგონი არა. 


მგონი მშვენიერი ბუნებრივი პავილიონია რაიმე საინტერესო, ოდნავ სევდიანი ფილმის გადასაღებად. ამდენი სიყვითლე ქალაქის ჯუნგლებიდან შორს თვალსაც აამებს და გულსაც უხარია.


რაკი აქ არც კაფე და არც ბარი არ არსებობდა (მოვინდომე) სადაც შესაძლებელი იქნებოდა ჩამოჯდომა და ამ მშვენიერების ყავის სმის პროცესში თვალიერება. ისევ ჩავლაგდით ჩვენს პატარა მინივენში და რაკი დღეც იწურებოდა ონიკსენ, უფრო სწორედ ბათუმისკენ გამოვეშურეთ. თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი გაჩერება.  შოვის შესასვლელთან, მწვანე, უღრანი ტყის სანახავად. 


ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის ეს სინთეზი და სიახლოვე მართლაც მომაჯადოებელია. აქ რამდენიმე მეტრში შეგიძლია გადაკვეთო მათი საზღვარი. მწვანე, ხშირი და ლამაზი ტყე. დიდი სიამოვნებით "დაიკარგებოდა " აქ ადამიანი რამდენიმე საათი. მაგრამ...

აი ის მიზეზი, რის გამოც მძულს ეს ერთ დღიანი შ.პ.ს მოგზაურობა. ვერაფერს ვერ ასწრებ სათანადოდ. უბრალოდ მიხვალ, დახედავ და გამორბიხარ.


თუმცა სულ არარაობას ეს მართლა ჯობია. ტყეში ხეტიალისას საინტერესო ადგილს გადავაწყდი. აქ, ტყეში, ღია ცის ქვეშ სამლოცველო (სალოცავი) მოუწყვიათ. პატარა ხის კარადაში ასანთი ინახებოდა. იქვე სანთლები და სალოცავიც. მინახავს მთებში, ველზე. მაგრამ შუა ტყეში ჯერ არ შემხვედრია. ხო, სანთელი ჩავაქრე და ისე წამოვედი. ( ცეცხლი ტყეში მაინც..) 


ბათუმისკენ მობრუნებულებს კმაყოფილების და უკმარისობის ურთიერთ გამომრიცხავი გრძნობა გვეუფლებოდა. კმაყოფილი ვიყავით ხილულით, თუმცა არ იყო ეს ყველაფერი საკმარისი. მით უმეტეს როცა გვახსენდებოდა რომ კვირას ორშაბათი მოყვება და ისევ იმ რუტინას უნდა დავუბრუნდეთ. 

თუმცა გასვლა ღირდა. საჭიროა ასეთი "გაქცევები" ქალაქიდან. რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის. 

ვნახე რაჭა და შევიყვარე. აქ უნდა ამოხვიდე, წელიწადში ერთხელ მაინც. სეზონის არჩევა თქვენთვის მომინდვია, ვის დათოვლილი მთები, ვის გაკვირტული მთის ფერდობები, ვის ზაფხულობით გრილი საღამოები და ვის შემოდგომის ჭრელით შეფერილი მთები მოსწონს. ეგ უკვე გემოვნების საქმეა. ფაქტი კი ერთია - რაჭა კარგია


2 comments:

  1. Replies
    1. ბლომად. მაგრამ რაკი ცნობა არ ვიცოდი აღარც დავკრიფე. ძალიან ბევრი იყო

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]