დღეს ველო მოყვარულებს მორიგი შეკრება გქვონდა. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს ქალაქის ქუჩებში დიდი, ხალხმრავალი ველო მსვლელობით ველოსპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევით. თუმცა ეს მსვლელობა მაინც განსხვავებული იყო. ჩვენს გვერდით არა მხოლოდ კიდევ ერთი ველო მოყვარული, არამედ ნამდვილი გმირი იდგა.
იცნობდეთ თქვენც - თამილა მახარაძე. ადამიანი, ბრძოლა და სიცოცხლე სულ სხვა აზრის მატარებელი სიტყვებია. ველო მსვლელობამდე ფონდ დიაკონიას წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ველოსიპედი და ამასთანავე სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა.
თამილამ რთული ავადმყოფობის გამო მარჯვენა ხელი დაკარგა. მაგრამ არ დაუკარგავს იმედი და სიცოცხლის ჟინი. ველო მსვლელობაზე ის თავად ველოზე ამხედრებული მოვიდა და მინდა გითხრათ, გაცილებით უკეთესად მართავდა მას ვიდრე ზოგიერთი იქ მყოფთაგანი.
ველოსიპედი ძალიან ჰყვარებია. ქალაქში გადასაადგილებლად იდეალურ საშუალებად მიაჩნია და სახლიდან სასწავლებელშიც სწორედ ველოსიპედით დადის.
"არ მეგონა ასეთი აქციები თუ ტარდებოდა ბათუმში. ძალიან გამიხარდა. ველოსიპედი პირველი რამაა რაც ოპერაციის შემდეგ ამოვიჩემე. მიყვარს და გარკვეულ წილად ვისვენებ კიდეც როცა ველოთი ვსეირნობ. ეს ველოსიპედი ერთმა ბიჭმა მაჩუქა. თავად აქირავებდა ველოებს და როცა რამდენჯერმე მივედი საქირავებლად - მაჩუქა. ძალიან კარგი ადამიანია. ყველგან ამით დავდივარ. მახალისებს. ისე კი მინდა სამომავლოდ ავტომობილის მართვაც ვისწავლო. ჯერ მართალია შეხება არ მქონია საჭესთან, მაგრამ მჯერა რომ გამომივა. თან საგზაო ნიშნებს და მართვის წესებს თეორიულად უკვე ვსწავლობ" - მითხრა თამილამ
და შეძლებს კიდეც. ამ პატარა გოგონას შემხედვარე გჯერა რომ არამც თუ ავტომობილის მართვას, არამედ გაცილებით მეტს, გაცილებით დიდ მიზნებსაც მიაღწევს. თუმცა მანამ ისევ გერმანია ელოდება. ისევ საავადმყოფო და მკურნალობის პროცედურები. ექიმებს იმედი აქვთ რომ ავადმყოფობას დაამარცხებენ.
ჩვენი დღევანდელი მსვლელობის აზრიც სწორედ ეს იყო. თუ მოვინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია. ამ სასიკეთო საქმეში თქვენაც შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წვლილი.
არსებობს სპეციალური ნომერი, რომელზეც ყველა ქსელიდან შესაძლებელია დარეკვა. არ დაიზაროთ. გახსოვდეთ ერთი ზარი + ერთი შანსია. შანსი კი დიდია.
0901 701070
მე დღეს მეტს აღარაფერს დავწერ ჩვენს ველო მსვლელობაზე. აი ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის. მომეთხრო და მეთქვა. იცნობდეთ ამ ადამიანს. ის ჩვენს გვერდითაა და მას ჩვენი თანადგომა სჭირდება.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!