30.09.2015

შემო ოდაში


სისხამ დილით, მზის ამოსვლამდე გადენი ჩამოწოლილ ნისლებს მთებში ნამის ასაკრეფად. ცვრით დამძიმებულ, მსუყე ბალახის ხალიჩაზე გავლისას იგრძნობ დილის მაგრილებელ სისველეს. ცოტა ხნით გაინაბები, ეზოში ამოსული თუთის ხესავით შენც შეიწოვ შენს წილ დილის ნეკტარს და ძილბურანიდან ახლად გამორკვეულ მზერას მოავლებ არემარეს. კაია აქანე, კი. 



ირგვლივ შემოდგომის სიყვითლე შეპარული სიმწვანე და სურნელია. აი ის სურნელი, შენს ბავშვობაში რომ გაბრუნებს. მოგონებებთან ერთად სადღაც შენში, ღრმად შემონახული ანცობის მუგუზალს რომ აღვივებს და სურვილს, ქედს მიღმა ჩამალულ, მიყუჩებულ სანახებს გადასწვდე მზერით. ბილიკებს აუყვ-ჩამოუყვე, სერები აიარო, სირბილით დაეშვა, ღრმად, ღრმად ისუნთქო და იგრძნო ის რასაც თავისუფლება ქვია.


აქ ჰაერი წმინდა და სუფთაა, აქ შენი ფილტვები გიმოწმებენ ამას ყოველ ჯერზე. აქ მთები სილურჯეში გარდამავალი მწვანით კეკლუცობენ, აქ შენი თვალები ყოველ ჯერზე გიმოწმებენ ამას. აქ ყოველ დაღმართს გაცილებით წარმტაცი აღმართი მოყვება და ეს კარგია.


ავტომობილების, ქალაქის მტვრიანი გრუხუნიდან შორს ყოფნა ისევე გსიამოვნებს როგორც მწვანეში შემალული ჩიტების საამო გადაძახილი. ახ ალაგ ალაგ ისმის საძოვარზე გასული საქონლის ბღავილი, დარაჯად დამდგარი ცუგას ყაფყაფი, ონავარი ბავშვების გადამდები სიცილი და შორიახლოს მყოფი უფროსების ისარივით ნასროლი ბასრი, გურული კითხვა პასუხი


ხო, შემოდგომაა და ამიტომ ამ ყველაფერს კიდევ ერწყმის ერთი, გამორჩეული ხმა - ცელის ალიპლიპებული პირის სალესი ქვით ლესვის ხმა. ვინც ოდესმე ყოფილა სათიბში ეს ხმა არასდროს არ აერევა სხვა ხმაში.  ფოლადის გაბმული, სავსავა ხმა რომელიც ყრუ ცკრიალით სრულდება. ცელს ლესავენ და მალე მიუშვებენ მსუყე ბალახზე.



ყოველ მოსმაზე გვერდზე წვება მაღალი ბალახი. გაშლიან, მზეს მიუფიცხებენ და კარგად რომ გამოშრება საგანგებო სარზე აუგებენ ზვინს. ააკოწიწებენ, აღმართავენ და მოზვინავენ. 


 კოხტად მოთიბულ მინდორზე ჯერ ერთი ზვინი აღიმართება, შემდეგ მესამე და ამ პროცესში გართულთებს უკვე დღეც ნელინელ ეპარებათ ხელიდან.


ნაბადში გახვეული ფირალებივით აზიდულნი რჩებიან ფერდობებზე ნისლების მოდარაჯე თივის ზვინები. 


რამდენჯერ გამხდარან ბავშვური სიცელქის, წარმოუდგენლად ლამაზი ფანტაზიის. ან სულაც სიყრმის კაეშნის პირველი ბადაგის მოწმენი. რამდენი საიდუმლო შეუნახავთ...


თივა დაბინავდა, დღეც მიიწურა. მთები კიდევ უფრო გალურჯდნენ. ქედს ჩამოყოლილმა ნიავმა ჩამოიტანა სიგრილე. შინისკენ წასვლის დროა. უჩვეულოა გაკრეჭილ ბალახზე სვლა. გარემო ახლად მოთიბული ბალახის სურნელითაა სავსე. საამოა ეს ყველაფერი, კარგია აქ.


დილით მთებში გარეკილი ნისლის ქულები ეშვებიან ნამით დამძიმებულები ფერდობებზე. საღამო ახლოვდება. შინ შესვლის დროა, ცეცხლზე გამომცხვარი ჭადის, ჭყინტი ყველის, ამოლესილი ლობიოს, წითელი ღვინის და გრძელი, მხიარული ამბების დრო. შემდეგ კი ისეთი ტკბილი სიზმრები, როგორიც მხოლოდ ბავშვობაში გამახსოვრდებოდა. იმიტომ რომ კარგია აქ.


ფერდობებზე ნისლი ეშვება. დაღამდა აწე. შემო ოდაში 

Post a Comment

3 комментария:

  1. "რომ შემეძლოს ვიცხოვრებდი სოფელში და
    შენს მხარდამხარ დავთიბავდი სათიბავს,
    შემოდგომას შევიდგამდი კალათით და
    ნალიაში ავიტანდი საზიდარს...
    ორღობეში გავკიდებდი დარიანებს,
    ბაღს მოვრთავდი გვირილებით-
    არ გინდა?!
    ვაზს დავრგავდით სახლის მარჯვნივ აივანთან,
    მერე ასკილს დავკრიფავდით ბაღიდან...

    რომ შემეძლოს ალიონზე ავდგებოდი,
    შევუნთებდი ბუხარს ცეცხლს და
    წავიდააააა....
    წავიკრავდი წინსაფარს და რუდუნებით
    თაფლაკვერებს მოგართმევდი სადილად....
    მერე?....
    მერე საღამომდე მზეს დავწნავდი,
    მაჭრის სიტკბოს მოგიტანდი მარნიდან,
    მეზობლის ქალს აივნიდან გავძახებდი-
    -სოფლის ბოლოს მდინარე რად ადიდა?....

    შენს მოსვლამდე ვიფიქრებდი წვიმიანზე,
    სიმინდებიც ნეტა ხომ არ დამძიმდა,
    რომ შემეძლოს ვიცხოვრებდი სოფელში და
    იშვიათად გავიდოდი სახლიდან"...

    დიკა სალაყაია
    ეს ლექსი გამახსენდა, რაღაც ასეთია , "გულიანი" <3

    ОтветитьУдалить
  2. ეჰ... მომინდა სოფელში... და სოფლის აურაში გახვევა...

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!