ფერადი, ხასხასა, ხალისიანი დღესასწაული. დღევანდელი დღე უფრო ახლოა ჩემს წარმოსaხვაში აგებულ ბათუმთან ვიდრე სხვა დანარჩენი დღესასწაულები. მარტო ის რად ღირს ქუჩაში ტრადიციული სუფრა რომ არ გამართეს და შემოგეგებულ სამთავრობო დელეგაციას სადღეგრძელო სადღეგრძელოზე რომ არ ესროლეს. ( ესეც იქნება ალბათ. მაგრამ კარგია რომ არა სახალხოდ ) და არც უდიდესი აჭარული ხაჭაპურის საზეიმო დაბრდღვნა გამართულა.
აი მაგალითისთვის, როგორ ლამაზად და კოხტად გამოიყურება ხალხში "ბიკენტიას ბარად" წოდებული რესტორანი ''BK''. ყოველგვარი მიცვენილი და მიხოხოლებული ჯიპების და ტაქსების გარეშე. როგორც ხედავთ ისედაც შეიძლება თურმე კაფეში მისვლა. ქუჩაც თავისუფალია და შეჭმული ტროტუარიც ცოტათი უფრო ნაკლებად სადარდოა.
კიდევ ერთი, ულამაზესი ქუჩა ბათუმში ნ.დუმბაძის ქუჩაა. პატარა და მყუდრო ქუჩა ციცქნა ბარების და მათი მოყვარულების თავშეყრის საკმაოდ ცნობილი ადგილი იყო. თავის დროზე აქ ავტომობილის მოძრაობა აკრძალეს. შემდეგ კი შეიცვალა ზემდგომები და მიდგომებიც. ამჯერად ეს ქუჩა ავტომობილებით ყველაზე უაზროდ გადატვირთული ადგილია ბათუმში. რის გამოც მისი ეშხი და სიკოხტავე მთლიანად ჯიპების მუცელქვეშ არის ამოფარებული.
დღეს კი აღადგინეს (დროებით) ძველი აკრძალვა და აი, იხილეთ - როგორი შეიძლება იყოს და როგორი უნდა იყოს დუმბაძის ქუჩა.
ქოლგა - აქსესუარი, რომლის გამოყენებას პიარში ყველანაირად ერიდებოდნენ მაშინ როცა საქმე ბათუმს ეხებოდა (ესაო და წვიმა ნეგატივიაო), დღეს ძალზედ აქტუალურია. ქოლგებ შეკიდული ქუჩები ბათუმის სინამდვილისთვის უკვე აღარაა უცხო ხილი. მაგრამ თვალს მაინც ახარებს
არადა უფრო უკეთესი "სატყუარა" ტურისტების მოსაზიდად რა გინდა სხვა ვიდრე მოვლილი, დალაგებული, მოწესრიგებული და ქვეითთათვის უსაფრთხო ქუჩები.
აღიარეთ რომ კარგია :)
მგონი ეს პირველი ბათუმობა იყო სადაც "ბარიშნებს" და ფაეტონს არ უვლია აკარდეონის მუსიკის თანხლებით რათა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმ აზრისთვის რომ ბათუმი "ძველი ქალაქია". დღეს ამ სიძველეს ერთგვარი ახალი სიცოცხლე შეემატა. ახალი აქცენტი და აზრი და მე ეს მომწონს.
რა ათქმა უნდა ხელნაკეთი ნივთების გარევაჭრობის გარეშე აბა როგორ?! ამ პატარა რიგებს მუშტარიც ბევრი ყავდა და ოსტატიც.
ეს კი ნორჩ კონსტრუქტორთა კლუბის "კუთხეა". როგორ ვოცნებობდი ბავშვობაში ამ კლუბში მოხვედრაზე. მაგრამ იმ ანეკდოტის არ იყოს "მაშინ მოკტა ლენინი"
და რა თქმა უნდა სასულე ორკესტრი. აბა მათ გარეშე როგორ. სასულე ორკესტრი და მეზღვაურები ამ ქალაქისთვის ისეთივე სახასიათო რამაა როგორც ზღვა და ყავა.
მოკლედ ასე მეგობრებო. თუ ბათუმში ხართ - ნუ დაიზარებთ და გამოდით. გაამდიდრეთ თქვენი მოგონებები და ფოტო არქივები ხასხასა ფერებით. თუ აპირებთ ჩამოსვლას - ძალიან კარგი. თქვენაც გერგებათ წილად ამ დღესასწაულის თანაზიარი იყოთ. ხოლო თუ არც ბათუმში ხართ და ვერც ჩამოდიხართ - გადაავლეთ ხოლმე თვალი ბლოგზე ატვირთულ ფოტოებს და იქნებ თქვენც ასევე გეწვიოთ ნანახით გამოწვეული სიხარული როგორც ამ პატარებს.
ბათუმობას გილოცავ ბათუმო
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!