Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დიკლო, თუშური ამბები, თავი მესამე

დიკლო, თუშური ამბები, თავი მესამე

ელიამ გაგვიღიმა და მომდევნო დღეც მზიანი გამოდგა. დილიანად ნოყიერად დავნაყრდით. ცოტაც მოვისვენეთ და ისევ სამოგზაუროდ გავემზადეთ. სიმართლე გითხრათ ჯერ არ გვინდოდა შენაქოდან წამოსვლა. კომფორტულად მოვეწყვეთ. მაგრამ ახლის შეცნობის და ხილვის სურვილმდა დაგვსძლია. ხოდა ჩვენი იაპონური მინივენიც ახალი, ჩვენს მიერ ჯერ არ გავლილი გზებით მიიწევდა წინ - დოკლოსკენ.


დიკლო აწ უკვე საზღვრისპირა ბოლო სოფელია, აწ უკვე იმიტომ რომ სწორედ მასთან გადის ნეიტრალური ზონა, რომელსაც ჩვენი მესაზღვრეები იცავენ.


შენაქოში გვითხრეს რომ დიკლოში დოღი უნდა გამართულიყო. ეს უბრალო შეჯიბრი არ არის, ეს გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი "დატირებისადმი" მიძღვნილი რიტუალია. თავად "დატირებას" ვერ დავესწრებოდით, ეგ წმინდა საოჯახო, ახლო წრისთვის განკუთვნილი ადათია, რომელსაც მამაკაცები ასრულებენ. აი ცხენების ჯირითს კი დიდის სიამოვნებით ვნახავდით. თუმცა ახალ დიკლოში ჩასულებმა ვერც დრო გავარკვიეთ და ჯერ ცხენოსნებიც არსად სჩანდნენ. ამიტომაც, ჩვენივე დრო რომ არ დაგვეკარგა დიკლოს ციხის სანახავად წავედით.


სოფელი უკან მოვიტოვეთ და მთის ფერდობებზე ჩაჭრილ ბილიკებს გავყევით. სოფელში გაგვაფრთხილეს, გზად მეცხვარის სახლი შეგხვდებათ, ცოტა აუარეთ გვერდი, ძაღლებმა არაფერი გავნონო. მეცხვარის ძაღლების ხსენება დიდი ვერაფერი გასაახრი ამბავი იყო. ამიტომაც ცოტათი დიდი წრე დავარტყით და გზა განვაგრძეთ.


მანძილი მშვიდად განვლეთ, გზადაგზა გადავყარეთ ძაღლების მოსაგერიებლად აკრეფილი ქვები და ჯოხები. რამდენიმე ფერდობი და დიკლოს ციხის სილუეტი შორიდან, მაგრამ უკვე კარგად გამოჩნდა.


გზად სალოცავი შეგვხდა, სიმართლე გითხრათ ასეთი სახის საკულტო ნაგებობების მიმართ ერთგვარი სიმპატიაც მაქვს. შეუძლებელია არ მოგხიბლოს მთის მწვერვალზე მშრალი წყობით აგებულმა სალოცავმა. არანაირი პომპეზურობა. სულებთან და ღმერთ(ებ)თან სასაუბროდ ამაზე უკთეს ადგილს იშვიათად ნახავ ადამიანი.


ეს კი მთის ფერდობზე, ნეიტრალურ ზონაში დარჩენილი მიტოვებული ქართული სოფელია. სადაც ამჟამად ლეკები სახლობენ. ქართველებს კი იქ ჯერ არ მიესვლებათ. გზად ქართველი მესაზღვრეები შეგვხდნენ, დიკლოს ციხესთან ერთ-ერთი საგუშაგო ყოფილა მათი. სწორედ მათგან გავიგეთ ამ სოფლების ბედ-იღბალი. დასანანია როცა ასე შორიდან უმზერ შენადყოფილ სოფლებს. მაგრამ იმედია რომ დროებითია ეგ პრობლემა.


ეს კი უკვე დიკლოს ციხეა. ციცაბო ფერდობზე, კლდესთან შეზრდილ ამ ნაგებობასთან მხოლოდ სამხრეთის მხრიდან მიმავალი ვიწრო ბილიკით თუ მოხვდებით. ეს ციხეც იყო და საცხოვრისიც. მართალია დღემდე მტრისა და დროის ძალისხმევით ცოტა რამ შემორჩა ძველი დიდების, მაგრამ ნანგრევების, კედლების, კოშკების და მორღვეული გალავნის მიხედვით ჩანს რომ კარგად ნაგები და ძლიერი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. 


სადღაც იქ, ქვემოდ ღელესავით მოსჩანს ხევში ჩაკარგული მდინარე.


ციცაბო ფერდობების წყალობით ციხე თითქმის მიუდგომელია. მშრალი წყობით აგებული კედლები კი დღემდე იწვევენ აღტაცებას. ხუმრობა საქმეა ამ ციცაბო ფერდობზე კედლის აღმართვა?! 



ციხის ეზოში შემოსასვლელი დაბალი კარიბჭე. ძნელია აქ დაუპატიჟებლად შემოსვლა.


როცა ხმლით და მშვილდით მიდიხარ ასეთი ციხის ასაღებად...თუ გინდ თოფით. შენც თავზე ხელაღებული ვაჟკაცი უნდა იყო. ვაღიაროთ.



დიკლოს ციხიდან დანახული ახალი დიკლო.


როგორც ვთქვი დიკლო ყველაზე განაპირა სოფელი იყო, ხოლო ციხე, თავისი სტრატეგიული მდებარეობით მშვენივრად ართმევდა ხეობის გუშაგის როლს თავს. სწორედ ამ ხეობით იყო შესაძლებელი დაღესტანთან ურთიერთობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც თუ კეთილმეზობლური იყო. 


ციცაბო ფერდობზე გაყოლებული გალავანი და სათვალთვალო კოშკების ნანგრევები.


დიკლოს ციხესთან დაკავშირებით ერთი ასეთი ლეგენდაა. უფრო სწორედ დიკლოს დაცემასთან დაკავშირებით. მთელი თვრამეტი დღის მანძილზე 16 ვაჟკაცი აკავებდა თურმე ხეობაში შემოჭრილ  მტრის 10 000-იან ლაშქარს. ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მომხდარა. ვიღაცა იტყვის ციფრი გადამეტებული ხომ არ არისო, ჩვენ ხომ გვიყვარს ქართველებს გადამეტებები. მაგრამ როცა იქ ახვალთ, თავად დარწმუნდებით რომ ეს ძნელად, მაგრამ შესაძლებელია. ეგ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგი მებრძოლი და ვაჟკაცი ხარ. როგორც ჩანს დიკლოელებს არც ერთი აკლდათ და არც მეორე. უბრალოდ, ცოტანი აღმოჩდნენ.

სწორედ მას შემდეგ, რაც გიკლო დაეცა სოფელმაც ადგილი იცვალა. უფრო სწორედ სხვა ფერდობზე აღორძინდა. წლების მერე მტერიც ნაკლებად შემოდიოდა, თავდაცვაც იმდენად აღარ იყო საჭირო. შესაბამისად ხალხმაც იოლად მისასვლელი ადგილი ირჩია. ძველი დიკლო კი ლეგენდად იქცა. თუმცა ამ ლეგენდას ყოველთვის შეავლებ ხელს როცა ამას მოისურვებ და ეწადი.

ლაკი, მესაზღვრეთა ერთგული მგობარი. ერთი ნაბიჯითაც არ გვშორდებოდა
ციხეზე ყოფნას და გალავნის ქვემოდ გადაშლილი ხედებით ტკბობა ნამდვილად კარგი რამაა. აქ თავს სულ სხვანაირად გრძნობ, სიმაღლის შიშიც ქრება. მაგრამ დრო თავისას ითხოვდა, ჩვენაც გამოვემშვიდობეთ იქაურობას და უკან მიმავალ ბილიკს დავადექით.


სოფელში უკვე ბლომად დაგვხდნენ ცხენოსნებიც და ცხენებიც. აი ახლა სულ სხვანაირი იყო სოფელი. ვერ ვიტან სიტყვა ავთენტურს, ამიტომაც ვიტყვი - ახლა გავდა სოფელი სოფელს. ძირძველ ყაიდაზე ნაგები სახლების ეზოში უსაბლო ცხენები ნებაზე ძოვდნენ ბალახს.


ზოგისთვის უკვე შეესხათ ლაგამიც და უნაგირიც. მალე დატირება, მერე კი დოღი გაიმართებოდა.



დოღის მერე კი ბაზრობაც მზად იყო მსურველის მისარებად. ვინ თქვა მთის ერთფეროვნება. ბებიების ნაქსოვი წინდების და ხელთათმანების შემყურე ხდები რომ აქაც ბარზე არანაკლებ უყვართ ფერებთან თამაში.



დოღის დაწყებამდე მთაში ამოსულთ სისხლმა უყივლა და ერთი ორჯელ ლაღად გააჭენეს ცხენი. მათ დანახვაზე ჩვენაც მოგვინდა ცხენზე ამხედრება.. მაგრამ დრო...


და ისევ დროის უკმარისობაზეც წუწუნი. ძველმა დიკლომ იმდენი დრო მოგვპარა რომ ახალში გასაჩერებელი უკვე აღარ დაგვრჩენოდა. ამიტომაც ნაჩქარევად მოვავლეთ ყველაფერს თვალი და დოღის დაწყებამდე, გულდაწყვეტილებმა გამოვემშვიდობეთ იქაურებს. ჩავჯექით მინივენში და დავადექით ისევ სხვა მთებისკენ მიმავალ გზას. გზად ხშირად გვხდებოდნენ დიკლოში მიმავალი,  ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდები. ჩვენ კი იქ მივემართებოდით სადაც ჯერ არ ვყოფილვართ და ეს ძალიან მოგვწონდა.


2 comments:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]