Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შენაქო - თუშური ამბები, თავი მეორე

შენაქო - თუშური ამბები, თავი მეორე

უღელტეხილ გადავლილთ, დაქანცულთ და დათანგულთ უკვე კარგახანია გვაღელვებდა კითხვა - სად ვჩერდებით. მართალია გვითხრეს კიდეც შენაქოშიო. მაგრამ ეგ სახელი იმდენად მრავლისმთქმელი იყო თუშეთში პირველად ჩამოსული ადამიანისთვის, როგორც ქლორის ქიმიური ფორმულა პირველკლასელისთვის. მაგრამ... რამდენიმე მოსახვევი, ასახვევი, ციცაბო აღმართ დაღმართი და - შენაქო.
როგორ არ უნდა აქო და ადიდო ეს სოფელი, თუნდაც იმიტომ რომ სწორედ აქ მოგვეცა საშუალება თითქმის 7 საათიანი მგზავრობის შემდეგ პირველად გადმოგვეყარა ჩვენი ბარგი ბარხანა და ავტომობილის სავარძლის ნაცვლად ჩვენი კარგად ნაჯანგუნები "დაბრძანდი" ჰამაკში ჩაგვესვენა. სხვა რამ კომპლიმენტი დაღლილ თავში ჯერ არ მოდიოდა. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯერ...


ჭკუაზე მოსასვლელად რამდენიმე წუთიც საკმარისი აღმოჩნდა. როცა გონს მოვეგეთ საოჯახო ტიპის სასტუმრო "შენაქოში" აღმოვჩნდით. ბარგი მივალაგეთ, სული მოვითქვით და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სოფელს გავეშურეთ.


ისევე როგორც მთის სხვა სოფლები შენაქოც მთის ფერდობზე შეფენილი, არც თუ მრავალრიცხოვანი სახლებით მჭიდროდ დაკომპლექტებული პატარა სოფელია. პატარა სოფელი, მაგრამ დაღლილი მგზავრისთვის დიდი სამოთხე

ესეც მთისთვის დამახასიათებელი ქვით ხურვა. საბედნიეროდ, სვანეთის დარად აქაც ბლომად მოიპოვება კედლების მშრალი წყობისთვის და გადასახურად ვარგისი კლდის ქანები. რაკიღა თუშეთი ნაკრძალად გამოცხადდა, კანონინის მიხედვით აქ მხოლოდ ტრადიციული, მშრალი წყობით ნაშენი სახლ-კარი იქნება ნებადართული. ძველი განახლდება, შიფერი, თუნუქი და ბრიზენტი - წარსულს ჩაბარდება.

 ეს კი მთის ფერდობზე შეფენილი ზამთრის სამოსახლოა. ქარისგან დაცული ფერდობი ზამთრობით იფარავდა მთას შემორჩენილ თუშ მეცხვარეებს და მათ ოჯახებს.

გასახარი ტენდენციაა, სახლებს მეორე სიცოცხლე უბრუნდება, ჩარაზული კარები იღება, ფანჯრებში შუქი ,კერაში ცეცხლი ინთება, სიცოცხლე ბრუნდება. 




 თუში ბებო, სავარაუდოდ შვილიშვილებს ზამთრის წინდის მოსაქსოვად უმზადებს მატყლს.

 ესეც დიდი სახლის პატარა დიასახლისი




როგორც ყველა სოფელს, შენაქოსაც აღმოსავლეთით, სოფლის მოედნის განაპირას სალოცავი აქვს. აი ასეთ მომენტებში შენს თვალწინ გადის საქართველოს ისტორიის, ბარისგან განსხვავებით ძალზედ კარგად შემონახული, ვერ შებღალული ტრადიციების, ტრანსფორმირებული და შერწყმული სიცოცხლის ხაზი. გვერდიგვერდ დგანან მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში ნაგები ეკლესია და თუშთ სალოცავი, სადაც ხატის დღეობებს დღემდე იხდიან.


ძალიან მახარებს ყოველივე ამის ხილვა და განცდა. თითქოს ხელით ეხები შენს წინ გადაშლილ ცოცხალ ისტორიას. წინაპართა სალოცავებს.




და კიდევ ერთი. უფრო სწორედ პირველი დეტალი, რითაც მთამ საკუთარი ადათისადმი პატივისცემა მოგვთხოვა. სალოცავისკენ მიმავალი გზა მამაკაცებისთვის ცალკე ბილიკით იყო გამოყოფილი, დიაცთათვის კი ცალკე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას რომ აქ, თუშეთში ქალი რამენაირად დაჩაგრული იყო. ამაზე უფრო ვრცლად მერე ვისაუბრებთ. მანამდე კი - შენაქო.


ეს კი სოფლის ბალღებია, სალოცავის ფერდობზე "დეესპეთ" გაკეთებული "ციგებით რომ სრიალებენ. 

ეს კი ჩვენი სასტუმრო, რომელსაც ასევე შენაქო ქვია. ფერდობზე შეფენილი, სამ სართულიანი თუშური სახლი ძალიან ლამაზი და კომფორტული ვერადით. სადაც თუში გოგოები საღამოობით ჩონგურს აკვნესებდნენ და ამ ერთგვარი შოუპროგრამით ცდილობდნენ ჩვენს გართობას. მინდა გითხრათ - საკმაოდ კარგადაც.


ესეც ჩვენი დიასახლისი. ქერა, მწვანეთვალება ქალბატონი. აი ის იერი, მთიელთ რომ შვენის. სწორედ ამ ქალბატონის წყალობით საღამოს საკმაოდ ნოყიერი და გემრიელი ვახშამი გველოდა. 

 ვახშამამდე კი ტკბილეულით, გავლილი გზის შთაბეჭდილებებით, თუშური სასიყვარულო ბალადების სმენით და ცხენების თვალიერებით ვირთობდით თავს.

 კი, ცხენი ის აუცილებელი რამაა რაც აქ უნდა გყავდეს. თან აი ასეთი, ქორფა ბედაური


 სამახსოვრო ფოტოც


და გრილი, საამო საღამო, ნოყიერი ვახშმის შემდეგ შეპარული რული და ტკბილი, თუშური სიზმრები. ხვალ კი ახალი დღე, ახალი სანახები და თავგადასავალი გველოდა. 


2 comments:

  1. ეს არის სამოთხე დედამიწაზე, აქ ავდივარ საკუთარ სახლში ყოველ ზაფხულს. მიხარია რომ ამაზეც დაწერეე.... ჩემი სოფელუი

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ნამდვილი სამოთხეა. ძალიან ლამაზი სოფელი და გარემო. :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]