Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩვენ "ძლიერ" გვიყვარს ბათუმი ?!

ჩვენ "ძლიერ" გვიყვარს ბათუმი ?!

რათქმაუნდა, როცა განსხვავებული სასმისით სამშობლოს, ქვეყნის, ღელე-ღურდანის და კიდევ რაიმე ჩვენთვის "წმინდა" და გაკერპებულის სადღეგრძელოს ვსამთ, ჩვენზე დიდი, ჭეშმარიტი, ალალი და მართალი პატრიოტი მაქსიმუმ ის შეიძლება იყოს ვისთანაც ალავერდს გადავდივართ. შემდეგ ბრტყელ სადღეგრძელოში წარმოთქმულ "ჭეშმარიტებას" კოცნით დავადასტურებთ და ... ბახუსის შემდეგ ისე იოლად ჩამოვდივართ იმ უსპეტაკესი კვარლცხბეგიდან სადაც წინა საღამოს, შარავანდმოსილნი და ალკოშევსილნი ვიდექით რომ არც კი გვახსენდება ის ზეამაღლებული პასუხისმგბლობა რომელიც იმ სადღეგრძელოებში ჩვენ თვითონ მივანიჭეთ ყოველ ადამიანს. მათ შორის გვავიწყდება რას ნიშნავს "გიყვარდეს ქალაქი სადაც ცხოვრობ"

არა, მე არც კაცთმოყვარეობაზე, არც რელიგიაზე და არც პოლიტიკაზე არ მინდა ვისაუბრო. მე უბრალოდ ადამიანობაზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვსთქვა. აი იმ ადამინობაზე - რამაც წესით ცხოველებთან შედარებით სულ მცირე ერთი საფეხურით მაღლა უნდა დაგვაყენოს! წესით.

მტვრევის, მსხვრევის, ძალადობის სურვილი ეტყობა თავიდანვე დევს ჩვენში. ძალიან ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო რაც ბათუმში გააკეთეს და შემდეგ, ჯეელებმა, რომლებმაც არ იციან სად და რაში დახარჯონ მოჭარბებული ენერგია - გაანადგურეს. თან ამის მომკითხავიც აღარავინაა!

შარშან, ანბანის კოშკთან ერეკლე წულაძის მიერ შექმნილი საინტერესო სკულპტურა დაიდგა, "მე შენ და ბათუმი". ასე თუ ისე ყველას მოგვეწონა და ვაღიარეთ რომ ბათუმთან ეს ყველაფერი იდეურად ყველაზე უფრო ახლოს დგას. ძალიან ბევრს გადაუღია აქ ფოტო. თავიდან დაცვაც იცავდა. ვკითხე კიდეც, რაა აქ დასაცავითქო - თურმე ნურას უკაცრავად.


ვიღაცეებმა სავარაუდოდ ჩათვალეს რომ აუცილებელი იყო თავიანთი კორექტივები შეეტანათ ამ ყველაფერში. "სკამები საზურგის გარეშე უფრო მოსახერხებელია, ლარნაკში ჩაწყობილი ყვავილები კი აშკარად ამახინჯებდნენ სურათს" - ხოდა... ახლა არც საზურგებია და არც ყვავილები. ამის გამკეთებელი აშკარად კმაყოფილია თავისი ქმედებით. ქალბატონის ჩანთასაც დიდი სიამოვნებით წაიღებდნენ, მაგრამ საფუძვლიანადაა ჩაბეტონებული "სამწუხაროდ".

თუმცა ყვავილების ქურდობა მხოლოდ ამით არ დასრულებულა. ბათუმის ბულვარის დამაარსებელ, ფრანგ მებაღე მიხეილ დალფონსაც შეუმსუბუქეს შრომა და მის ხელთპყრობილი ვარდი გაუქრეს. ცოდოაო ეტყობა ეს კაცი, მაინც ამდენი იშრომა და ახლა მაინც დაისვენოს ყვავილებისგანო. დალფონსს ვარდი არც ბულვარში შეარგეს და არც კაფე "ძველი ბულვარის" წინ. იქაც წაართვეს. მას შემდეგ "ძელი ბულვარის" ადმინისტრაცია ყოველ დღე ახალი, ნამდვილი ვარდით უამებს გულნატკენ მოხუცს გულს.


ეს კი ბათუმში, ტურისთული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ზეიმის ერთ-ერთი დეკორაციაა, ნებისმიერი მსურველი მივიდოდა, შეჰყოფდა თავს და გადაიღებდა ფოტოს... მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთ საშალო სტანდარტულზე გაცილებით დიდი თავი აქვს, ან სულაც ორს სურდა ამ ქალბატონის სხეულის მორგება...


ჭანჭიკებ მოშვებული სკამები ბულვარში, ჩალეწილი ღამის განათებები ბილიკების გასწვრივ, ჩამომდნარი და დაღვენთილი მწვანე სანაგვე ურნები ( აღარ არსებობენ) .


ამ "ჭიაკოკონას" ავტორი კი დარწმუნებული ვარ არაერთგზის იქნებოდა სამშობლოს და ბათუმის სიყვარულის სადღეგრძელოს ავტორი. სუფრაზე ხომ ყველას ფრთები გვაქვს! ეს ქუჩაში გვემართება რაღაც - ველურდებით.

ეს არა მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებს ეხება, საჭეთმყრობლებიც, თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებით სწორედ იმ ტროტუარებს, პანდუსებს და გადასასვლელებს ხერგავენ, რომელთა კეთილმოწყობაზე, გადაადგილება შეზღუდული ადამიანებისთვის ქუჩაში მეტი კომფორტის შექმნაზე და უსაფრთხოებაზე კანონებს კანონებზე ღებულობენ და მერე კამერების წინ კეკლუცობენ მიღწევებით. ქვეითები კი იძულებულნი არიან ტროტუარებზე აყუდებული ჯიპების გვერდის ასავლელად ქუჩაში მოსიარულე ავტომობილებს ლამის შეუვარდნენ ბორბლებში... ნუ ეს ისე. ლირიული გადახვევა.

ვერა და ვერ დაიმახსოვრა ჩვენმა ზემდგომმა რომ ქართველებს არ გვჭირდება რაღაც სათუთი და ნაზი, უნდა გაგვიკეთოთ რაღაც მონუმენტური, რასაც ძვრასაც ვერ ვუზამთ, ვერ ჩამოვფრქნით, ვერ ჩამოვთვლით, ვერ მოვამტვრევთ. რაიმე დიდი, მასიური და მოსიარულე. აი ისეთი, როგორიც ალი და ნინოა. შემოღობილი რომ არ იყოს ვერც ალი გაგვექცეოდა და მითუმეტეს ვერც ნინო და ვერც მედეა, კარგად გადაგვირჩა იმოდენა სვეტზე როა შემოსკუპული. ილიას მართალია ძალიან უჭირს, მაგრამ ნელინელ შეეჩვია მის სავარძელზე პულივიზატორით მიწერილ ო. ჭილაძის ფრაზებს, თუმცა მართლა ვერ ხვდება რატომ ფიგურირებენ ჭილაძის გვერდით სვასტიკები, გულები და თანამედროვე სლენგის ამსახველი წარწერები.

მოკლედ ასე, როცა მორიგ ჯერზე დააპირებთ ბათუმის სიყვარულის სადღეგრძელოს დალევას. იმდენი მაინც დალიეთ რომ ეს სიყვარული სუფრიდან ქუჩაში გამოგყვეთ. 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]