Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Summer. ზამბახისფერი ზღვა

Summer. ზამბახისფერი ზღვა

ჯდები, არა... უბრალოდ კი არ ჯდები, ესვენები სავარძელში. ფეხებზე იკიდებ დარიგებებს რომელიც ბავშვობიდან ჩაგესმოდა ყურში - რომ სკამზე უნდა იჯდე და არა იწვე. ფეხებზე იკიდებ, თუმცა მანამდეც, მთელი დღის განმავლობაში ფეხებზე გეკიდა ყველაფერი ერთი უბრალო მიზეზის გამო - ცხელოდა. გახურებულ, აშიშხინებულ ასფალტზე, გრანიტზე და მარმალილოზე ნავალ, შემომდნარ კედებში მიკროტალღოვანი ღუმელივით გიცხვება ფეხები და ის შეგძღნება - როცა გგონია რომ შენი ფეხები არასდროს ყოფილა ასე მძიმე და ცხელი. მაგრამ სამაგისოდაც არ "გცხელა" იმიტომ რომ ცხელა და როგორც იქნა პირველად დღის განმავლობაში ჩაესვენე სავარძელში...

Listen or download Imogen Heap Hide and Seek for free on Pleer
ახლადშეკოწიწებულ ბუნგალოს ჯერ კიდევ ნედლი ხის სუნი სდის. მზის გულზე ჯერ ვერ გამომშრალი სელი საამოდ შრიალებს ბრიზის ყოველ მობერვაზე - ინაბები, გახსენდება ეს სუნი, სუნი და დიდი, მოუთიბავი, კალიებით აშრიალებული, მზით გახურებული მინდორი სადღაც შორს, ბავშვობის ქვეყნიდან. თვალებსაც კი ხუჭავ და კიდევ უფრო ეშვები...

- რაიმეს დალევთ?! 
ოფიციანტი - ან ყველაზე უდროო დროს მოდის, ან უფრო ხშირად ვიდრე არასდროს. ახლაც მისი ხმა გიფანტავს შემოპარულ რულს და შენც ძალაუნებურად ოდნავ სწორდები სავარძელში, აზრზე მოდიხარ. კარგადაც იცი რასაც შეუკვეთავ, მაგრამ ოფიციანტის დასასჯელად მაინც სვამ კითხვას 

- რა ლუდი გაქვთ ?!  
ოფიციანტი ჩაისუნთქავს და დაზეპირებულ სიტყვებს ნაძალადევი ღიმილით ჩაგიმარცვლავს. ყურადღებას არც აქცევ, უბრალოდ სანამ ის ლაპარაკობს, შენ საბოლოოდ გამოდიხარ ძილბურანიდან

- ცივი ხოა ?! 
ეს ისე, სათადარიგო კითხვაა, თავის დასაზღვევი. მერე რძესავით გამთბარი ლუდის უკან მობრუნება რომ გაგიადვილდეს. დასტურის შემდეგ კი მაინც იმას უკვეთავ რაც თავიდანვე გინდოდა. 

წავიდა, ცოტა ხნით კიდევ შეგიძლია გახიდე ბავშობის ქვეყანაში. მაგრამ არა. მუსიკას რთავენ ... თუ უწევენ ?! არ მოგწონს... ცხელა.. ფეხები ...

დგები და მიდიხარ ზღვის ნაპირზე, კედებს ჩვეული მოძღაობით იშორებ და გახურებულ კენჭებზე დგები... დათანგული ფეხის გულები კიდევ უფრო გიხურდება, ჩქარობ... ზღვისკენ მიდიხარ... ზღვა წყნარია.. მასაც ცხელა... ტალღებამდე არ მიდიხარ, ჯერ იქ ჩერდები სადაც სვეი, პატარ-პატარა კენჭები იწყება. ჩერდები და შენს გახურებულ ფეხებს კენჭებში მალავ. ცივი სისველე... შვება...

რამოდენიმე ნაბიჯი წინ და ... ტალღა...

რამოდენიმე წუთი დგეხარ ასე "ფესვებ გადგმული" და შენი სხეული მთლიანად ისრუტავს ნესტს, სისველეს, სიგრილეს. ივსები

- თქვენი ლუდი!
ცოტათი ნაწყენიც ხარ რომ ისევ გამოგაფხიზლა. მაგრამ ამჯერად ცივი ლუდის სიგრილე ფარავს შენს "წყენას". კედებს არც იცვამ, ხელით მოგაქვს, ახლა უკვე მზის გულზე გავარვარებული კენჭებიც აღარ გწვავენ ისე აუტანლად ფეხი სგულებს. ისევ ეშვები სავარძელში...

ისევ ფეხებზე იკიდებ "სწორად დაჯდომის თეორიას"
ისევ გსიამოვნებს ახლად აკოწიწებული ბუნგალოს ჯერ არ გამხმარი ნედლი ხის და სელის სურნელი..

წელიწადის ეს დრო იყო. მზით გადახრუკულ, მოუთიბავ მინდორში რო დასდევდით ზაფხულს. გსიამოვნებდათ ფეხქვეშ გაქელილი სელის შრიალი და თქვენი სირბილით შეწუხებული კალიებისა და პეპლების დევნა. ნემსიყლაპიებთან თავგამოდებული შეჯიბრი სისწრაფეში... შორს, შორს გაქცევა და მერე მოწყვეტით, ხელებგაშლილი, ბალახებში ჩაწოლა. ჩამოვარდნილი სიჩუმის, ყელში მობჯენილი გულის ბრაგუნის და სადღაც შორს გადახისზნული ჭრიჭინების სმენა. თავზე კი უძირო. უზარმაზარი ზამბახისფერი ცა... თვალებს ლულავდით და გვეგონათ რომ ცა ასე უფრო ლურჯი და ღრმა ხდებოდა... ცოტაც და თვენს  თავზე ცის ნაცვლად ლივლივა ზღვა ჩნდებოდა, ნელინელ ლურჯდებოდა და გიახლოვდებოდათ. რაც უფრო დიდხანს უცქერდი, მით უფრო ახლოს მოდიოდა თქვენთან... ბოლოს ბალახსეც კი ეჭიდებოდით, დედამიწას რომ არ მოწყვეტილიყავით და ცაში არ ჩავარდნილიყავით....

- დაიმატებთ რამეს ?!

როგორ გაოცებდა ცაზე თეთრი ქულა ღრუბლების გამოჩენა. თან ყველას რაღაც გამორჩეული საინტერესო ფორმა ქონდა. დაობდით კიდეც რომელი რას გავდა. ბოლოს, როცა წოლა მოგბეზრდებოდა და ფეხზე წამოდგებოდით. ხმელი ბალახის საფარიდან ამოსულებს გრილი სიო დაგივლიდათ. წამით გაირინდებოდით, სხეულს შეუშვერდით და როგორც კი მიწყნარდებოდა ... დაედევნებოდით. დიდხანს ირბნდით, სანამ ბოლოს ხმელეთი არ შემოგელეოდათ და თვენს წინ ტალღები არ გაიზლაზნებოდნენ... სულ რამოდენიმე წამით შეყოვნება და დამაყრუებელი ყიჟინით გადაეშვებოდით იმ ზღვაში, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ თავზე დაგცქეროდათ... გადაეშვებოდით და დიდხანს, სანამ სუნთქვა გეყოფიდათ მივცურავდით ყვინთვით. ბოლომდე, გაძლებამდე.. სანამ ფილტვები არ შეგვეკუმშებოდათ... ბოლოს ამოვყვინთავდით, ხარბად ჩავისუნთქავდით ჰაერს და ... ახლა უკვე წღვის ზედაპირზე იწექით და ისე უცქერდით ზამბახისფერ ცას თქვენს თავზე

- ინებებთ რამეს კიდევ ?!
დგები. არც არაფერს ეუბნები და ყიჟინით გარბიხარ ზღვისჯენ. ტალღებში თავით ეშვები და მისცურავ.. სანამ ფილტვები არ შეგეკუმშება და სანამ გამძლეობა გეყოფა... შემდეგ კი ამოყვინთავ, ხარბად ჩაისუნთქავ ჰაერს, ზღვის ტალღებზე წვები, თვალებს ლულავ და ... შენს თავზე ზამბახისფერ ზღვას ისე უღიმი როგორც მაშინ... ბავშვობის ქვეყანაში


ბავშვობა ჩვენი სამშობლოა, ამიტომაც გვახსენდება მაშინ, როდესაც სულს სიმშვიდე და მოსვენება უნდა. სამწუხაროდ ჩვენ ის ემიგრანტები ვართ, რომლებიც ვეღარ მოახერხებენ ამ სამშობლოში ხელმეორედ დაბრუნებას. გაუგებარი მიზეზით ჩვენ სამუდამოდ გამოვედით იქედან, ზოგი ადრე, ზოგიც გვიან. ახლა ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე წუთიანი, მოგონებების ტურისტული ვიზით შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ და ისიც ძალიან იშვიათად. 

4 comments:

  1. მხოლოდ ზღვისპირა ქალაქებში დაბადებულებს შეგიძლიათ ასე წერა, ასე გადმოცემა სელის სურნელის და იმ შეგრძნების რომელსაც მასთან შეხებისას განიცდი. ჩვენ, დანარჩენები ასეთ გამომხატველობას მოკლებულნი ვართ, თქვენი ტექსტები ზღვის სასიამოვნო სურნელით არის გაჟღენთილი.

    ReplyDelete
    Replies
    1. შესაძლოა ზღვის სიახლოვეც თავის როლს თამაშობს. სიმართლე გითხრათ გამიძნელდება სხვაგან - ამ სივრცის გარეშე ცხოვრება. თუმცა ამბობენ მთებს სულ სხვა ზღაპარი აქვსო :) გაიხარე

      Delete
  2. zgva... gushindeli dgis mere menatreboda metad.. da axla tqveni postit gavcure...<3

    ReplyDelete
  3. და გუშინ რა მოხდა ასეთი ?

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]