Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"ბერეგი" აწყვეტილი ღუზა და ყავა ქვიშაზე

"ბერეგი" აწყვეტილი ღუზა და ყავა ქვიშაზე
„ბერეგი“ ეს ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია ბათუმელებისთვის. მართალია მისმა „ევოლუციამ“ და ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების გამრავლებამ  მისდამი ინტერესი ცოტაოდენ გაანელა. მაგრამ თავისი „რაღაცნაირი“ ქვიშაზე მოდუღებული ბათუმური ყავის და სპირტ ნარევი (ზოგჯერ) ლუდის გვარი გემო მაინც ააქვს.


მართალია დღეს ამ რესტორანს, რომელიც ასლან (იმის არა) სმირბას „ძალისხმევის“ დროს კაპიტნის სახლიდან პატარა კაფედ, შემდეგ პატარკაციშვილის ჯადოსნური ჯოხის მოქნევის შედეგად დიდ, სამ სართულიან რესტორნად და ახლა, აი ამ წუთას, თურქი რეჟისორის ერთერთი ფილმის სამოქმედო სცენად არის ქცეული. საკმაოდ დიდი ასოებით აწერია „სანაპირო“ ... მაგრამ მერე რა, ტოპონიმი ძალიან ჯიუტი რამაა და ამ ადგილსაც ჯიუტად შემორჩა „ბერეგი“. ბერეგი და მორჩა. დღეს რომელიმე ბათუმელს რომ უთხრა სანაპიროზე ვარ და გამოდიო შესაძლოა ვერც მიგიხვდეს სად ხარ. ახსენე „ბერეგი“ და ყველაფერი დღესავით ნათელი იქნება.

ეს შარშანდელი "არგონავტების" მიერ ჩაშვებული "ღუზაა". "ოქროს საწმისი ხომ არ გაქვთ კიდე ერთი ცალიო" - ჩვენებმა  - ოქროს საწმისი არა და ... აგერ გივი მოვა ახლა სიხარულიძე და 25 სანტიმეტრი "ოქროს სტანდარტი" აქვსო... ღუზა დატოვეს და ისე წავიდნენ.

ბერეგზე, ქვიშაზე მოდუღებულ ყავაზე ირჩეოდა რუსეთ თურქეთის ომიდან მოყოლებული ბარე ახლადნელი ტანმოკლე პუტინას დიდი პოლიტიკა. აქ წყდებოდა რიგი შეყვარებული გულების „ყოფნა-არ ყოფნის“ საქმეებიც და რაღათქმაუნდა, ზაფხულობით სწორედ აქ ისწავლი გუშინ შეკვეთილი აჭარული ხაჭაპურის ხვალ მოტანილ გემოს.

როგორც გითხარით თავის დროზე ეს ერთ-ერთი კიარადა, ლამის ერთადერთი ადგილი იყო სადაც ზღვის შორიახლოს ნებანება შეგეძლო გემრიელად დაგელია ან ყავა, ან ლუდი. გესაუბრა, დაგესვენა და იოდ და (ზოგჯერ არც თუ საამო სურნელ) ნაყლაპი წასულიყავი სახლისკენ.

ეს ცნობილი მეზღვაური ძაღლია:)
ერთადერთი რაც ძველ „ბერეგელებს“ არ მოსწონდათ ეს ტურისტული სეზონი იყო. რატომ? ეს წყნარი და „სკუჩნი“ (როგორც ეძახიან) ადგილი ერთ დიდ სასადილოდ იქცევა. სკამების გრიხინი, მაგიდების მიჩოჩება მოჩოჩება. ოფიციანტების დაქანცული, ბრაზნარევი და „რაჯანდაბა გინდა“ მზერა. „რავა ყველა ერთად მოზვავდით თქვე დამშეულებო“ - შეფ მზარეულის ქურაზე გადარიჯული სახე და რაღათქმაუნდა ფასები... რატომ ფასები!?

ერთ მაგალითს გეტყვით. მე როდესაც აქ (ბერეგზე) ვინმესთან ერთად ყავას ვსვამდი (ადრე) ყოველთვის (მაქსიმუმ) 1.50 ვიხდიდი. ხოლო თუ კი სხვა ვინმე მმასპინძლობდა იგივე ყავაზე, რატომღაც ეს ფასი ხან 3 ლარზე, ხანაც ოთხზე ადიოდა.. სიმართლე გითხრათ ამ ნახტომების საიდუმლო დღემდე უცნობია ჩემთვის.

კიდე ერთი ისტორია მახსენდება. შუა (გაგანია) აგვისტოა. ძლივს ვნახეთ მოედნის შუაში თავისუფალი მაგიდა. სკამებიც ვიშოვეთ და ვსხედვართ ბედნიერი, ოფიციანტის მომლოდინე და ცივი ლუდით მოსალოდნელი ტკბობით განათებული სახეებით. აგვიარს, ჩამოგვიარს. აგვიარს ჩამოგვიარს... ასე გაგრძელდა ბარე ნახევარი საათი. ოფიციანტი მაინც ვერ გამოვიჭირეთ... ბოლოს გზაზე გადავეღობე და ალალად ვკითხე -„კი მაგრამ, ჩვენთან მოსვლას არ აპირებ?!“ - ოფიციანტმა გადმოგვათვალიერა (შეგვაფასა- აგვწონა) და ... აი ეს იყო ყველაზე მოულოდნელი და მოჭრილი პასუხი რაც მიმიღია ცხოვრებაში - ნწ - თქვა მან და გზა განაგძო....

არა, მერე კი მოვიდა და ლუდიც მოგვიტანა, აქ გვიცნობდნენ სახელებით (იყო დრო). მაგრამ ის მოჭრილი „ნწ“, რომელზედაც პასუხიც ვერ მოვიფიქრე. ახლაც მახსოვს.დღეს აქ თანაბრად ისმის როგორც თურქული, ასევე ინგლისური, ქართული და მეგრულიც J

საოცარია. ზიხარ, ლუდს სვამ და შენს წინ. დაახლოებით 3 მეტრში, ყურეში დელფინი დაცურავს. აი რა ხიბლი აქვს ბერეგს... აქ სივრცეა, აქ პორტია, აქ გემებია. ზიხარ, შეჰყურებ ამ „საცხაიდან“ ჩამოსულ საზღვაო ქალაქებს და ძალაუნებურად შენც მიდიხარ სადღაც შორს... თუმცა არ მიდიხარ. მიცურავ და თან მიყვები პორტიდან გამოსულ რომელიმე გემს.

ყავა ქვიშაზე. ბათუმური ლუდი. ხაჭაპური, კიტრისა და პამიდვრის სალათა.... შენს გვერდით მოლივლივე ზღვა და რაღაცნაირი ... „ბერეგული“ განწყობა... ახლაც ნაცნობი ოფიციანტი მოვიდა - ამდენხანს რატომ დაგვივიწყეო... რავიცი... რავიცი... სამაგიეროდ ხომ გაგიხსენეთ და ახლა აქ ვარ.. ხოდა ჩემი ხაჭაპურიც მოვიდაა.....

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]