Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ვაგონი კი მიქრის

ვაგონი კი მიქრის
წევხარ და გრძნობ როგორ ირწევა შენი საწოლი. ხედავ როგო დარბიან ლანდები კედელზე. ყველას სძინავს. ყველას შენს გარდა. წევხარ და გრძნობ რომ შენი ფიქრიც იმ რიტმს აჰყვა ქვემოდან ამომავალ ხმას რომ მოაქვს. დადან დადან....დადან დადან... 

პატარაობისას უცნაური გრძნობა მეუფლებოდა მატარებლის დანახვაზე. რკინის რელსებზე შემდგარი ეს უზარმაზარი, მფშვინავი და უძლეველი მონსტრი იმდენად დიდი მეჩვენებოდა რომ მერჩია მოშორებით ვყოფილიყავი. რკინის საფეხურზე ასვლის, ირიბი დერეფნის გავლის შემდეგ კი სულ სხვა სამაროში ვხდებოდი. ეს მოსრიალე, სარკიანი კარები და ასაკეცი მაგიდები ძალიან მხიბლავდა. განსაკუთრებით კი ზედა საწოლი. ის პირველი იყო სადაც მივძვრებოდი და ვსახლდებოდი, სხვას რომ არ მოესწრო.

როგორ მიყვარდა სათავგადასავლო ისტორიები
 შემდეგ გამცილებელი სთხოვდა ყველას ვინც არ მოდიოდა ჩვენთან ერთად დაეტოვებინა ვაგონი. შემდეგ ფშვნეტის ხმა, ნელი სვლა, მძლავრი ბიძგი და გზა დაიწყო... საოცარი გრძნობაა როცა ოთახი სადაც შენ ზიხარ სადღაც ადგილზე დგას ხოლო, შენ სარკმლიდან ხედავ თუ როგორ ჩნდებიან და ქრებიან დიდი სარკმლის მიღმა სოფლები, მინდვრები, ხეივნები, მდინარეები. დადან დადან....დადან დადან... 

ვაგონი რწევა-რწევით მიგრუხუნებს. შენს ქვემოთ ვიღაც უცნობ ადამიანს სძინავს. საოცარია, ამ ადამიანს შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე არ შეხვდე. ვერც გაიგო და არც დაგაინტერესოს მისმა ამბავმა. მაგრამ კუპეში ის იმდენად ახლობელი შეიძლება აღმოჩნდეს რომ ყველა მისი გასაჭირი, დარდი და სიხარული გაიზიარო როგორც შენი ახლობლის და მოკეთის. თითქოს უნათესავდები და ეს "ნათესაობა"იქამდე გრძელდება სანამდეც მისი ბილეთია გამოწერილი. შემდეგ კი ისევე ქრება როგორც მატარებლის სარკმლის მიღმა ქრებიან ალვის ხეები. დადან დადან....დადან დადან... 

შემდეგ კი ღამე და შენი ფანტაზიები. კუპეს კედგებზე წამით შემოცოცებული ლანდები და ფანჯრის მიღმა, ერთიმეორეზე უფრო გაურკვეველი სილუეტები ათასნაირ ფანტაზიას აღვივებდა. მატარებლის ვაგონებივით ერთი მეორეზე მიბმულ ფიქრის ჯაჭვს კი უეცარი გაჩერება წყვეტდა. მართლა გაურკვეველი წყენა გეუფლება როცა მატარებელი ღამით სადღაც ჩერდება. თითქოს მედიტაციისგან გამოგაღვიზა ვიღაცამ. არადა როგორ გსიამოვნებდა ეს დადან დადან....დადან დადან... 

სარკმლის მიღმა სხვა სარკმლები სჩანან. იმ სარკმლების მიღმა კი სხვა ადამიანები ცხოვრობენ, სხვა ოცნებებით, სხვა მიზნებით შენი ვაგონი კი მიქრის. დადან დადან....დადან დადან... 
ლანდები ერთი მეორეს მიყოლებით ცოცავენ კუპის კედლებზე. ფიქრი ფიქრს მიყვება, მოგონება მოგონებას, ოცნება ოცნებას და შენც იგივე რიტმი გაქვს რაც მატარებელს. უბრალოდ შენი გზა ისეთი სწორი არ არის როგორც ლიანდაგი. დადან დადან....დადან დადან... 
გზა გრძელდება. კიდევ ბევრ ბაქანს ჩაუვლი გვერდს. ბევრ სადგურში შეჩერდები. კიდე ბევრი მგზავრი დაგემგზავრება, ზოგიც ადრე ჩავა, ზოგიც მოგვიანებით. შეიძლება ისეთი ვინმეც ამოვიდეს ვინც ბოლო გაჩერებამდე შენთან ერთად იმგზავრებს. დადან დადან....დადან დადან... 


ღამეა. მალე გათენდება. ვაგონი კი მიქრის.... დადან დადან....დადან დადან... 
ჩაი!?

2 comments:

  1. ”მართლა გაურკვეველი წყენა გეუფლება როცა მატარებელი ღამით სადღაც ჩერდება. თითქოს მედიტაციისგან გამოგაღვიზა ვიღაცამ. არადა როგორ გსიამოვნებდა ეს დადან დადან....დადან დადან...” - 100%-იანია და რატომღაც აქამდე არ მიფიქრია ამაზე.

    პოსტი საყვარელია, ”დადან...დადან” განსაკუთრებით, იმ ”ჩუქ-ჩუქ”-ებს ვერ ვიტან :-)

    ReplyDelete
  2. :) რაღა დროის "ჩუქუ-ჩუქუა" :)
    გაიხარე. დიდი ხანია არ მიმგზავრია მატარებლით და მომენატრასავით!!!

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]