ცოტათი დაუჯერებელი ამბავი კია, მაგრამ ეს ასე იყო.
ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა.
1444 წლის 10 ნოემბერს, ვარნასთან, ოსმალებთან მარცხის შემდეგ მიმოფანტული ჯვაროსნების დასახმარებლად ფილიპე კეთილმა ბურგუნდიელი ადმირალის ჟოფრუა დე ტუაზის მეთაურობით ფლოტი გამოგზავნა.
როდოსის კუნძულზე დისლოცირებული ფლოტი 4 გალერით პატრულირებდა აკვატორიას. დროდადრო თავს ესხმოდა ოსმალურ ხომალდებს და სანაპირო ქალაქებს. თუმცა არც სხვა ქალაქების გაძარცვაზე ამბობდა თურმე უარს. თუ გაიგებდა რომელიღაც პორტში რაიმე საკბილო არისო...
ერთ მშვენიერ დღესაც
აცნობეს ტუაზის, შავ ზღვაში მდებარე პორტში
სახელწოდებით Vaty ( რომელსაც ბევრი ბათუმის ძველ სახელწოდებად, ზოგიც კი საერთოდ ბათუმამდელ
- სხვა ადგილს მოიაზრებს ) აბრეშუმის გზით პორტში ძვირადღირებული აბრეშუმის საკმაოდ დიდი პარტია
ჩამოვიდაო და აღეძრა მადა პატივცემულ ბურგუნდიელს. არადა ეუბნებოდა ტრაპიზონის იმპერატორი
იოანე IV, შეეშვი მაქაურობას, ისინიც ქრისტიანები არიან, თან საკმაოდ ფიცხიო. საკუთარი
გამოცდილებიდან იცოდა - ცოლი ჰყავდა ქართველი, ალექსანდრე პირველის დიდის ქალიშვილი.
მაგრამ ბურგუნდიელმა არ იქნება მასეო, თან ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც დიდად მხარს ეგენი
არ გვიჭერენ, არაფერი უჭირთო - არადა, დაუჯერე კაცს, ცოლი ჰყავს ქართველი, იცის.
ქალაქი ბათომი, როგორც მას შუა საუკუნეებში უწოდებდნენ, ამ პერიოდში XIII საუკუნეში ჩამოყალიბებული გურიის საერისთავო რეზიდენცია იყო. პირველი გურიელი - გურული ერისთავი იყო ვარდან ვარდანისძე, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ავტორის - იოანე მარუშისძის შთამომავალი (X საუკუნის II ნახევრის შუა ხანები).
XIII-XV-ში გურიის
ნავსადგურების გავლით ბათუმსა და ფოთში ვაჭრობა იყო გაჩაღებული გენუელებთან
და ვენეციელებთან, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი სავაჭრო პუნქტებიც კი ჰქონდათ. ასე რომ ნადავლი აქ საკმაოდ დიდი იქნებოდა.
ბურგუნდიელები ბათუმის
სანაპიროზე გამთენიისას გამოჩნდნენ, მაგრამ ჩასაფრებულები - გურულთა რაზმი მოულოდნელად
თავს დაესხა დაუპატიჟებელ სტუმრებს და სასტიკი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ბევრი თავდამსხმელი
დაიღუპა, ჟოფრუა დე ტუაზი ტყვედ ჩავარდა. ზოგიერთმა ბურგუნდიელმა მოახერხა გაქცევა
და ნავებით გემებამდე მიღწევა, სადაც მწუხარების ნიშნად შავი აფრებიც კი აღუმართავთ. თუ საიდან გაიგეს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გვქონდეს. მაგრამ თუ ეს ასეა, ყოჩაღ, კარგი აგენტურული ქსელიც ქონიათ.
თუმცა არსებობს სხვა
ვერსიაც, რომლის მიხედვით ჯვრიანი დროშების შემყურე ქალაქელებმა დიდი ყურადღება არ
მიაქციეს ხომალდებს და თავდამსმხლებმაც წარმატებით გაძარცვეს პორტიც და ქალაქიც. დაგვიანებულმა
გურიელმა კი რიონის შესართავთან, ფოთის გასაძარცვად მიმავალ ბურგუნდიელებს დაეწია და
ხმელეთზე გადმოსულთ გაუმართა ბრძოლა. სადაც დაატყვევა კიდეც მეთაური. ასეა თუ ისე.
პატივცემული ბურგუნდიელი პატანო გურიელის ტყვე
გახდა.
აი, როგორ გადმოსცემს ფრანგი მემატიანე დე ტუაზის დატყვევებისა და გათავისუფლების ამბავს:
"იმ საღამოს მოვიდა ადგილობრივი უფლისწული, სახელად პატანო გურიელი. გამთენიისას ჟოფრუა დე ტუაზი თავისი 200 კაცით ნაპირზე გავიდა. ჯერ არ იყო გათენებული, რომ დაინახა ეს პრინცი საბრძოლველად მზად მეომრებთან ერთად, რადგან ნავები შორს იყო. ბურგუნდიელები იძულებულნი გახდნენ ებრძოლათ, რადგან წინსვლის გზა არ იყო... თავდაპირველად ეს უფლისწული და მისი ჯარი დამარცხდნენ, შემდეგ კი შეიკრიბნენ და ისევ დაიწყეს ბრძოლა... ჟოფრუა ტყვედ ჩავარდა, მას კარგად მოეპყრნენ. მთელი მაისი იყო ტყვეობაში“
ჟოფრუა დე ტუაზის ტყვეობიდან დახსნის საქმეში გენუა, ბურგუნდია და ტრაპიზონის იმპერატორი იოანე IV ჩაერთო. საქმე პაპის კარამდეც მივიდა და იქიდანაც გამოგზავნეს ელჩები . გურიელი დათანხმდა მშვიდობიან განრიდებას და ტყვე ადმირალი გაათავისუფლა. თუმცა აქაც იყოფა ვერსიები. ზოგი ამბობს რომ ტუაზი ხელცარიელი გაუყვა ბურგუნდიისკენ მიმავალ გზასო, ზოგი ამბობს რომ გურიელმა ჩამორთმეული სამი ხომალდიც თან გააყოლა - აქანე მეორედ არ მოხვიდეო.
ასეა თუ ისე. ბურგუნდიელი ადმირალის და ჯვაროსანთა თავხედობის ამბავი შავი ზღვის სანაპიროზე ასე დასრულდა. დამეთანხმებით, საკმაოდ საინტერესო ისტორიაა ფილმისთვის ან თუნდაც წიგნისთვის. ასე რომ, იდეის ბუთი გაგორებულია.
საინტერესოა, მას შემდეგ ქართველების ხელში რამდენი ჩამორთმეული ან საკუთარი გემი/ხომალდი არსებობდა. თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია, ეს კი აქ სრულდება. ჭირი იქა, ლხინი აქა, გაბრაზებული ბურგუნდიელი იქა, ჩვენ კი აქა
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!