Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მიდის, გილოცავთ ხალხო

მიდის, გილოცავთ ხალხო

 



ალბათ იშვიათია წელი, რომლის წასვლა ასე გეჩქარება. ერთი სული გაქვს როდის შეიცვლება რიცხვი და მეამიტად გგონია რომ 2020-ის ნაცვლად შენს კალენდარზე ამონათებული 2021 რეალურად შემოვგთავაზებს მხოლოდ ახალს, კარგს, პოზიტიურს და არაფრის დიდებით არ გაგაკარებს იმ ცუდსა და ავს რაც მისმა წინამორბედმა დაგვმართა. კარგია თუ ასეთი შემართებით შეხვდები ციფრების ცვლილებას - განწყობა მართლაც ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს.

ძველზე რა ვთქვათ ?! წლის დასაწყისში გულის ფანცქალით ვუყურებდით ციფრებს, ინფიცირებულთა რაოდენობას ვაჯამებდით. წლის ბოლოსთვის კი ეს ჩვეულ სტატისტიკად იქცა. საშინელია ამას რომ ეგუები. უფრო სწორედ კი არ ეგუები, ყური ეჩვევა... მაგრამ, მოდით თავი დავანებოთ ამ ყველაფერს და 2020დან, როგორც უხარისხო კულიჩიდან, ის თითოოროლა ქიშმიში გამოვჩხრიკნოთ.

ანუ, რა მოხდა კარგი - 


ახალმა მოცემულობამ ჩვეული პრობლემების ახლებურად მოგვარების გზების პოვნისკენ გვიბიძგა. გვიბიძგა რა, გვაიძულა რომ გვემოქმედა. მართალია ჩემს სამსახურეობრივი ყოფას ეს არანაირად არ შეხებია, მაინც ისე ვმუშაობდი როგორც ჩვეულებრივ - უკოვიდო ეპოქაში. მაგრამ იყო ნიუანსები, რომელმაც ცოტათი მაინც შეცვალა ჩემი დღის წესრიგი

მინიმუმამდე დავიდა სეირნობისთვის გამოყოფილი დრო.


გაცილებით მეტი დრო მიაქვს იმ ადამიანს, რომელსაც ისედაც, უაპელაციოდ ეკუთვნის სრული  24/7 ზე. ლილი. ხო, ბლოგში ხშირად არ ვწერ ჩვენს შესახებ. რადგან წერას დრო უნდა, ამ დროს კი საოცარი ფასი დაედო. ჯობია მასთან ურთიერთობაში დავხარჯო ვიდრე ურთიერთობის  აღწერაში. ერთად -ერთი რასაც ვასწრებ, ეს ფოტოები და მოკლე ვიდეოებია, რომელსაც სოც ქსელში ვაზიარებ. ძალიან სწრაფად იზრდება, ძალიან სწრაფად გადის დრო და ამის შეგრძნებაში არა მხოლოდ წამოზრდილი და ატიტინებული ლილი, ეს ფოტო და ვიდეო მასალაც მეხმარება. მართლა სწრაფად გადის დრო. იზრდება ლილი და ვიზრდები მეც, როგორც მამა, როგორც ბავშვის მშობელი და როგორც მეგობარი.



 სამუშაო რუტინასთან ერთად იყო შვებულების გარკვეული პერიოდი, როცა ქალაქიდან გაქცევა მოვახერხეთ. კი, ეს კარგი იყო. ცოტა, მაგრამ კარგი

ამბობენ, თვითიზოლაციაში ადამიანთა ნაწილმა თაროზე შემოდებული იდეების რეალიზაცია დაიწყოო, უფრო სწორედ სიტუაციამ განაპირობა მათი ეს ქმედებაო. რაკი არც თვითიზოლაცია შემეხო და არც დისტანციური მუშაობის „სიამტკბილობა“, სხვების მიერ სიტუაციებით განპირობებული შემოქმედებითი წვის ლუსტრაციის შემდეგ, მეც გადავწვიტე რომ რაღაც უნდა მექნა. ასე იშვა „აგუკა


აგუკა

"აგუკა" ინტერიერის დეკორის ხისგან ნაკეთი პატარა ნივთებია. თავიდან უბრალოდ დროის გასაყვანად ვჩხირკედელაობდი. შემდეგ დაგროვდა, დაგროვდა და ელენეს რჩევით მათ რეალიზაციაზეც დავიწყე ფიქრი. არასდრო არ გამიყიდია არაფერი. მითუმეტეს ცემი დახატული ან გაკეთებული. ერთად-ერთი რაც გავყიდე ნახატი იყო და ისიც საქველმოქმედო კონცერტზე. ეს კი, პატარა სახლები და შუქურები... ვეჭვობდი. დრიფტვუდი Driftwood არტი ცალკე მიმდინარეობაა სადაც ზღვის მიერ გამორიყული ხეებისგან ამზადებენ დეკორს. ჩვენთან ეს ნაკლებად პოპულარული თემაა. მაგრამ ვცადე, გადავუღე ფოტოები, გავაკეთე ფეიჯი ფეისბუქში და... ერთ კვირაში ჩემი თაროები დაცარიელდა. ძალიან გამიხარდა, საამოა ის ფაქტი რომ ეს პატარა შუქურები და ფერადი უბნები მარტო ცემთვის არ გამოდგა მოსაწონი. მეტიც, მწერენ რომ კიდევ უფრო ბევრი უნდა დავამზადო, რაგდან ხშირად ფეიჯზე მოწონებული ნივთი უკვე გაყიდული ხდებოდათ.  მაგრამ ამას მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებ და ისიც გურიაში. ბინაში მათი კეთება წარმოუდგენელია.


რაც შეეხება სიტყვა „ აგუკას“ ეს ლილის მიერ მოგონილი სიტყვაა, რაც ხელში აყვანას ნიშნავს. აი, ასე, ხელებ აწეული მომადგება და მეუბნება - მამა, ოდი, აგუკა-აგუკა. ხოდა ეს ნივთებიც ასეთივე საყვარელი და ხელში ასაყვანია (ჩემთვის მაინც)


დიჯიტალ არტი


კიდევ ერთი გატაცება, უფრო სწორედ ახირება ეს დიჯიტალ არტია. ხატვით ყოველთვის ვხატავდი, ძირითადად პატარა ჩანახატებს რომლებიც საკმაოდ მომიმრავლდა ჩემს სკეჩბუქში. ვხატავდი ყავითაც, აკრილითაც, ზეთის საღებავებითაც. თუმცა ყველაზემსუბუქი და საამო აკვარელთან მუშაობა იყო. იყო, იმიტომ რომ ამ პროცეს დროსთან ერთად სივრცეც უნდა. სივრცე, სადაც ვიღაც არ დაიწყებს ცეცებას თავისი პატარა ხელებით და არ ამოგიხოხდება მუხლებზე კითხვებით - მამა, ლასობი?!. 

მოკლედ, გარკვეული პერიოდით ფუნჯები და საღებავები ყველაზე მაღალ თაროზე ისვენებენ. მათ ნაცვლად კი ჯერ ვაკომის გრაფიკული პლანშეტი იყო. ახლა კი, ისევ ელენეს მეოხებით, აიპადი და კალამია. ანუ, თითქმის ყველაფერი გავაციფრულე. ციფრული ფერწერის სამყაროში მოგზაურობა კი ლილის დაძინების შემდეგ იწყება. ალბათ ამიტომაც ხატვის ძირითადი იდეები ზღაპრებიდან ან ზღაპრისკენ მიმავალი იდეებითაა შთაგონებული. ამ ახირებამაც გარკვეული მოწონება დაიმსახურა, რამაც კიდევ ერთი, გაცილებით მაღალ თაროზე შემოდებული იდეა გამახსენა. დეიდა მართას ამბავი, რომელსაც იმედია მალე. მინიმუმ იმ წელში მოგიყვებით.



აი, ასეთი გამოდგა 2020 დან ამოხეკილი პატარა ქიშმიშები. ყველანაირად შევეცადე ნეგატივი ამეშორებია, ჩამონათვალში მაინც. რაც შეეხება ახალს - მოდი ასე ვქნათ. ეს იყოს მომავალი წლის პირველი დეკადის გეგმა მინიმუმი. ხო, სისულელეა გეგმები. ეს ამ წელმა ნათლად დაგვანახა. მაგრამ , რა ვიცით რა ხდება. ჯობია გქონდეს, იყოს, მოტივაციისთვის საჭიროა. ბედნიერი ახალი წელი და ყოლისფერი კაი ჩვენ.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]