რამდენიმე დღის წინ ერთმა ჯგუფმა აღმაშენებლისეული დროშით ძველი ბათუმის ქუჩები დაიარა, შეძახილებით დააფრთხო წარმოსახვითი მაჯლაჯუნები, მტერი უკუაქცია და ამაყად გაემგზავრა ლიხს იქით. მანამდე ბათუმის მერიაც დალაშქრეს და ქალაქის თავს მეფე დავითის ძეგლის აღმართვა სთხოვეს, სთხოვეს რა, მოსთხოვეს , თან დერეფნებში შეძახილებით „ნუ იქნები თურქის მონა“. რათქმაუნდა აქციის მიზეზი თურქი ოკუპანტის დაშინება იყო, საქართველო ქართველებისთვის, არ უნდა იმუშაოს ქართველმა სექს მუშაკად სხვა ეროვნების წარმომადგენლის საროსკიპოში და ასე შემდეგ. დაახლოებით ამ შეძახილებით მოძრაობდნენ ქალაქის ქუჩებში. გვეუბნებოდნენ დავითის დროშას ვერ გაშლითო - აჰა გავშალეთო - იძახდნენ. გაშალეს დროშა უკუიქცა მტერი. თუმცა ეს კონკრეტული მტერი, თურქეთი, უფრო სწორედ სხვა სჯულის მტერი თორე ერთმორწმუნე რომ დღეში ოცი რუსული ჩექმის სიდიდეზე მოხოხავს - ეგ არაფერი, ქვეყნის ოცდახუთი პროცენტი რო აქვს მითვისებული - ეგ არაფერი, აფხაზეთში ეკლესიებს რომ მიადგნენ ეგეც არაფერი - თურქული ბარები კი... ოო თურქული ბარებიოოო?!
მგონი სწორად მახსოვს - აღმაშენებლის დროშა ქვეყნის ავის მოსურნეთა რისხვა იყო, მიუხედავად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და ენისა. ანუ ყველა იმ მტრის, რომელიც ქვეყანას ავს უქადდა. აქ კი რატომღაც მხოლოდ ისლამის მიმდევრებს ვუფრიალებთ. არა მგონია დიდ დავითს ასე გაემიჯნა მტერი. მაგრამ ეგ ხომ არავის აინტერესებს. მთავარია ქულების დაგროვება, მრწამსის და რელიგიის სახელით სხვაზე ეპატაჟური გალაშქრება. ვისთვისაც ჯვარი უცხოა - აი იმათზე. თორე ჯვრიანი მეზობელი რომ განადგურებს ეტაპობრივად - მაინც ერთმორწმუნეა, ძმაა, უფროსი, ვაწყენინეთ და რამე...
კაცმა რომ თქვას არც არაფერი დაშავებულა, დაიარეს ქუჩები საქართველოს გაუმარ ჯოს იყვირეს და წავიდნენ. მთავარი აქ სხვა მომენტია. მერიასთან მათი ურთიერთობის.
ჩვენს ქალაქში წლიდან წლამდე მატულობს ძეგლების რაოდენობა, ზოგი იდეის მატარებელია, ზოგსაც რაღაც უნდა დააბრალო, ზოგსაც რა ელანდება მათი შემხედვარე და ზოგს რა. თუმცა არის ქალაქისთვის ღირებული ძეგლებიც, საბედნიეროდ მათი ხვედრითი წილი გაცილებით დიდია. ქალაქს რამდენიმე ხნის წინ ბათუმის ბულვარისა და მწვანე კონცხის სულის ჩამდგმელის, მებაღე იასონ გორდეზიანის ძეგლი შეემატა. ძალიან საჭირო და აუცილებელი სიმბოლო ძეგლი ქალაქისთვის. ამ ქალაქს აქვს თავისი ისტორია და ამ ისტორიის ცოდნაც და გაცოცხლებაც აი ასეთი ძეგლების სახით ძალიან აუცილებელია. როგორც ვიცი იგეგმება კიდევ ბათუმის ერთ-ერთი კოლორიტის - ბოცორიას ძეგლის დადგმაც. ხო, გაცოცხლებული უნდა იყოს ასეთი პატარა ურბანული ისტორიები ამ ქალაქში. მაგრამ არის ძეგლები, რომლებიც თავიანთი დიდების დღეს უკვე წლებია ელიან. ბათუმში დაკვირვებული თვალი წააწყდება მცირე ზომის გრანიტის ქვებს წარწერებით - აქ აღიმართება . ასე ელის თავის დროს გამსახურდიას ძეგლი, 9 აპრილის ტრაგედიის მონუმენტი და კიდევ რამდენიმე მოლოდინის რეჟიმში მყოფი პერსონა თუ მოვლენა. თუმცა არის ერთი, რომლის არ არსებობა ბათუმში ნამდვილი დანაშაულია - ეს გენერალ მაზნიაშვილის ძეგლია. დიახ, მისი აღმართვის იდეაც იყო, მოიწონეს კიდეც და გავაკეთებთო ასე თქვეს. მაგრამ როდის, სად და რანაირად - ჯერ არ ვიცით.
ისევ მარშს დავუბრუნდეთ - ერთი ამბავი გამახსენა ამ ყველაფერმა
ხო, ამ მარშის შემყურე ერთი ამბავი გამახსენდა: ჭიჭიკია ქუთაისში, შუა მოედანზე ზის და რკინას რკინაზე ურტყამს. რას შვებიო ეკითხება ბიჭიკია. ლომებს და ვეფხვებს ვაფრთხობო. რას ამბობ ბიჭო, რა უნდა ლომს და ვეფხვს შუა ქალაქშიო. ხო და რომ ვაფრთხობ მაგიტომ არ არიანო - უპასუხა ჭიჭიკიამ
ხო და კი დავაფრთხეთ თურქეთი. ფაქტია. ახლა კი რეალობას დავუბრუნდეთ - „ნუ იქნები თურქის მონა“ს ძახილით გამოთხოვილი (მნიშვნელობა არააქვს ვისი) ძეგლის „იძულებით“ დადგმაზე - ბოდიში. ჯერ გენერალი მაზნიაშვილი ელოდება თავის ჯერს. ხოდა ისა, ძვირფასო მერია - ისმინეთ, გაიხსენეთ და შეასრულეთ - ქალაქს ეს ნამდვილად სჭირდება.ქალაქმა თავად იცის რა და როდის უნდა გააკეთოს. ჩვენთვის პრიორიტეტული მაზნიაშვილის ძეგლია და არა ბუა თურქეთის აჩრდილით დაფეთებული, ყიჟინა შემორტყმული მერიისთვის გამოძალული აღმაშენებელი. ჯერ მაზნიაშვილი დავდგათ, მერე, როცა აღმაშენებლის დროშიან თურქთმოძულეებს რუსის მიერ ოკუპირებულ საზღვართან ვიხილავთ - ვიმსჯელოთ ბაგრატიონებზე, თურქების გაძევებაზე და გაბრწყინებაზეც.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!