როცა შესრულებული საქმით კმაყოფილი, ჩეროში შეკიდულ ჰამაკში ნებივრობ და პირს ჩაციებული ნესვითა და საზამთროთ იგრილებ - მგონი დღის არც თუ ისე ცუდი დასასრულია.
გურიაში სტუმრობა არა მხოლოდ ბავშვობაში დაბრუნება, საოცარ ადამიანებთან შეხვედრა და არანაკლებ საოცარ ამბებთან ზიარებაა. ეს გარკვეულ წილად სასიამოვნო ფიზიკური შრომაა, რასაც ქალაქის ჯუნგლებში ნაკლებად თუ ვაწყდებით და თუ ვშრომობთ კიდეც, ისეთი სიამოვნებით არა როგორც საკუთარ ეზოში. ხოდა ასეა ახლაც. სახელმწიფო 118 რომელიც ხან 1905 წლის ქუჩაზე, ხანაც დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს, ყოველთვის მთავაზობს "ახლა რა გავაკეთო" იდეის გენერატორის ამუშავების საშუალებას. ჰამაკში ვიწექი, ჩემთვის, წიგნს ვკითხულობდი. ამ დროს თვალი ეზოში მდებარე საკუჭნაოსკენ გამეპარა. ბავშვობაში ჩემი არა ერთი შტაბი ამიშენებია ამ პატარა სახლის თავზე . ახლაც რათქმაუნდა ისევ იქ იდგა, მაგრამ წლების წინ შეღებილი კედლები ჩამოერეცხა ავდარს და დროს. ჰმ... რატომაც არა ?! გავიფიქრე მე და ის საქმე წამოვიწყე, რაც ძალიან მიყვარს - ფერების შერჩევა. ხო, ხატვა ვისაც ეხერხება დამეთანხმება, არაფერია დიდ ავზში ჩასხმულ თეთრ საღებავში სხვადასხვა ფერების არევაზე უფრო მომნუსხველი საქმიანობა. ამატებ პიგმენტებს, ურევ და ნელნელა ხედავ როგორ იქმნება ფერი. თან მოლბერტისგან განსხვავებით აქ გაცილებით ბეევრი საღებავი გაქვს, რაც თავისთავად კარგია.
თუმცა ეგ რომანტიკა გვერდით რომ გადავდოთ, შებათქაშება, გაწმენდა და გამაგრება არც ისე საამო საქმეა. სამაგიეროდ შემდეგ მიადექი და ღებე. ხო და მივადექი და ვღებე. მოკლედ რომ ვთქვა. დღეს დიდი ღებვის დღე მქონდა. დავიღალე. თუმცა შედეგით კმაყოფილება საამოდ შველის მთელი დღის დაღლილობას.
კარგია. მომწონს. არ ვიცი მომავალში ჰამაკში წამოწოლილს კიდე რა იდეა მომივა თავში, მაგრამ ის რითაც დავიღალე - კარგი გამოდგა. ხო და ასე, ეს იყო გურიაში ჩემი ერთი დღის ქრონიკა.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!