Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ორნამენტებში ჩაქსოვილი ლაზეთი

ორნამენტებში ჩაქსოვილი ლაზეთი

მეგობრებს ხშირად გვიყვარს კამათი, ბჭობა და სხვადასხვა მოსაზრებების მტკიცება-უარყოფა. მათ შორის არის რიგი თემებისა, რომელთა დამცველად ხშირად გამოვდივარ ხოლმე. მათ შორის ყბადაღებული "ქართველებს ზღვა არ გვიყვარს"აა. ხშირად მომწევია იმის მტკიცება რომ საზღვაო ქვეყანა ვიყავით და ის რომ ბევრი ამის თაობაზე არაფერი იციან ბევრმა - ეს ისევ და ისევ არასწორი და არასაკმარისი ინფორმაციის ფლობის გამოა. თუმცა დღეს არა საქართველოს (კოლხეთის) საზღვაოსნო ისტორიაზე, არამედ ერთ საინტერესო აღმოჩენაზე მინდა გიამბოთ, რომელიც ასე თუ ისე კვეთს ზღვის და ძველი, ძირძველი მეზღვაურების თემას. დღეს ლაზებზე, კერძოდ კი მათ მიერ შექმნილ ძალიან ლამაზ სურებზე გიამბობთ.


გზას, რომელზედაც ეს პატარა მაღაზიაა განლაგებული, ლამის ყოველ დღე გავდივარ. გაპრიალებულ ვიტრინაში ფერადი კერამიკისკენ როგორც კი გამექცევა თვალი უმალ სტამბულის ძველი ბაზარი და მისი დახლები მახსენდება ხოლმე. შესაძლოა სწორედ ამ ასოციაციის გამო ჩავთვალე რომ "სტამბოლის საქონელია" და თითქმის ყოველთვის ვაიგნორებდი იმ მოტივით რომ იქაური საქონელი აქ ძვირი ეღირებათქო. თუმცა ეს შეხედულება ერთ მშვენიერ დღეს ნამსხვრევებად იქცა. 

ერთ წვიმიან დღეს, მეგობართან ერთად გზად შევიარე და თვალი გადავავლე მაღაზიის დახლებზე ჩამწკრივებულ ბზინავ კერამიკას. პროდუქციის არაქართულობაში დარწმუნებულმა, გასასვლელი კარებისკენ მიმავალმა სხვათა შორის ვიკითხე ( პირდაპირ თურქული არ ვაკადრე) - ირანულია ეს ხო ?!. პასუხმა უმალ შემომაბრუნა - "არა, ქართულია, აქაური. ლაზები აკეთებენ. "

ხო, არც თქვენ შემცდარხართ - ლაზები. ეს მაღაზია "სუვენირების სახლი" ადგილობრივი პროდუქტს ქმნის და ყიდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული დოქი, სურა, ლანგარი თუ სხვა რამ ნაკეთობა ქართული, ლაზური, ტრადიციული ორნამენტებითაა შემკული და ფერებიც "ჩვენებურია". ტრადიციულ ლაზურ - მცენარეულ ორნამენტებზე, ლაზი ოსტატების ოქროს ხელებზე და მათ გასაოცარ ოსტატობაზე ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, ეთნოგრაფიის ლექციებზე ვისმენდი ქება დიდებას. არა ერთი ფოტო და არტეპაქტი მინახავს იმის დამადასტურებელი თუ როგორ სადად და ჰარმონიულად შეერწყა ლაზური მცენარეული ორნამენტები ოსმანთა იმპერიის საინტერესო არქიტექტურულ დეკორებს. თუმცა ასე შორს წავალთ. ჯობია ისევ დახლებს დავუბრუნდეთ. 


აქ ყველა ნივთი ხელითაა მოხატული. რაც ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, მცენარეულ ორნამენტებთან ერთად ზღვის სიმბოლიკაც არანაკლებ ჭარბობს. თევზი, ყაყაჩო, ვაზი, ტალღები... ერთი სიტყვით (ახლა მოდაშია ) ავთენტურია


სკეპტიკოსების კითხვას "სად ლაზეთი და სად კერამიკა" ისეთივე აბსურდად მივიჩნევ, როგორც ადრე ერთი დეგენერატის მიერ ნათქვამს "სად გვაქვს ქართველებს მითოლოგიაო". ამ მხრივ კიდევ არა ერთი საინტერესო აღმოჩენა გელოდებათ ბატონებო :)












დიდხანს ვათვალიერებდი ორნამენტებით უხვად შემკულ სურებს. აქ კიდე უფრო საინტერესო რამ გვაქვსო გვითხრეს და მაღაზიის სიღრმისკენ შეგვიხმეს. შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა როგორც ნარკოდილერებზე გადაღებულ ამერიკულ ფილმებში. მაღაზიის კარები მოხურეს. ოთახში შავი ფარდა ჩამოაფარეს და ის იყო დახლიდან გამოცურებულ კოკაინს, ან რაიმე სხვა კონტრაბანდას ველოდი... შუქი ჩააქრეს. 


ხო, დავიბენი. მაგრამ ჩაბნელებულ ოთახში ამონათებულმა სურებმა და კერამიკამ უცებ გამომარკვია. არა, ეს არ არის ბანალური ფოსფორი. სპეციალური საღებავია, რომელიც ქურაში კერამიკასთან ერთად იწვება და ინარჩუნებს თავის თვისებებს. თვისებებს სახტად დატოვოს ადამიანი. 




სულ მალე კიდევ ერთი ლაზი ოსტატის ჩამოყვანა სურთ. მსურველთათვის სკოლის გახსნაც სწადიათ და ერთი სიტყვით საკმაოდ საინტერესო, შორს მიმავალი გეგმები აქვთ. მე კი საკუთარი გამოცდილებით გეტყვით. რომ არა ის ფაქტი რომ ეს ლაზური, ქართული, ხელნაკეთი ნივთებია და მაზედ ლაზური ორნამენტებია დატანილი. კვლავაც ცივად ავუვლიდი ამ მაღაზიას გვერდს. ახლა კი თამამად შემიძლია ვურჩიო მეგობრებს და ქალაქის სტუმრებს - ეწვიონ მაღაზიას და შეარჩიონ მათთვის სასურველი, ლაზური ორნამენტებით შემკული ჭურჭელი. 

მისამართი მარტივია. ბათუმი. ორჯონიკიძის 10 და კონსტანტინე გამსახურდიას 10 . სუვენირების სახლი ;) 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]