11-12 მარტის აქციამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. სატელევიზიო და ფეისბუქ ლაივების საშუალებით გაშუქებული მოვლენების წყალობით ადვილად შეიძლება გავყვეთ მოვლენათ განვითარების ქრონოლოგიას და ერთიანად შევკრათ სურათი. ამის თაობაზე ვნებათა ღელვა და გადაბრალება გადმობრალების მცდელობები კიდევ კარგა ხანს იქნება პოლიტაჟიტირებული ადამიანების ხელჩასაჭიდი თემა. კითხვები კი ისევ აქტუალურია. მინდა ჩამოვთვალო რამდენიმე საკითხი, რომელზეც მგონი ღირს ყურადღების შეჩერება
- ყოველთვის ვარ და ვიქნები მომხრე კანონის დაცვის და მისი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი - ადეკვატური სასჯელის. იქნება ეს ელემენტარული მოძრაობის წესი, პარკინგი თუ სხვა რომელიმე მიღებული ნორმატივი.
- ბოლო თვეების მანძილზე გამკაცრებული კონტროლის შემდეგ გზებზე მოძრაობა მნიშვნელოვნად გაადვილდა. ეს ფაქტია და ასეც უნდა იყოს.
- ნებისმიერ შემთხვევაში პოლიციელი ვალდებულია დაიცვას კანონი და კანონ დამრღვევთანაც მოიქცეს ადეკვატურად. ისე, როგორც შეესაბამება მუნდირის ღირსებას. ძალიან ბევრი მოქალაქე უჩივის საპატრულო პოლიციელების მიერ გამოვლენილ აგრესიას.
- არსებობს მოსაზრება რომ პოლიციელებს ხელმძღვანელობა სთხოვს "გეგმის შესრულებას" - დღეში 40 ჯარიმაზე მეტს. რისი გადამოწმებაც რათქმაუნდა შეუძლებელია. მაგრამ რიგი დაუსაბუთებელი და "გაბერილი" ჯარიმებისა ამ მოსაზრებას საკმაოდ კარგად უმყარებს საფუძველს.
- რა დონეზეც არ უნდა გამკაცრდეს კანონი და რა დონეზეც არ უნდა მოვითხოვოთ ჩვენ მისი შესრულება ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ქალაქ დაგეგმარების არასწორი, ანდა სრულად არ არსებული მიდგომის გამო. ქაოტური, არა ადეკვატურად მაღალსართულიანი შენობების და შესაბამისად გამტარიანობა შესუსტებული, ისედაც ქუჩების გამო. საპარკინგე ფართის არ არსებობის გამო ჯარიმებიც და დარღვევებიც გაიზრდება. მითუმეტეს მოახლოვებული ტურისტული სეზონის წინ ქალაქს სატრანსპორტო კოლაფსი ისედაც ელოდება. საამისოდ დროულად უნდა იქნას მიღებული სამშენებლო ნორმატივები. სამშენებლო პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბინადრებისთვის და კომერციული ფართის მომსახურებისთვის საკმარისი საპარკინგე ტერიტორია და შესაბამისად უნდა გაკონტროლდეს ამ ნორმატივის შესრულება. სულ მალე დავდგებით რამდენიმე ქუჩის მხოლოდ საფეხმავლო ტერიტორიად გამოცხადების აუცილებლობის წინაშეც. ურბანული განვითარების გეგმა უნდა იყოს ერთიანი და არა ისტერიული. თუმცა ის ჯერ ბუნებაშიც არ არსებობს
- უნდა გამოვლინდნენ ადამიანები ვინც "თათრის" თემას, რომლის სანდოობა სულ უფრო და უფრო დგება ეჭვს ქვეშ, ხელოვნურად იყენებდა მოსახლეობის გასაღიზიანებლად. ვერ მოიძებნა ადამიანი ვინც დაადასტურებდა რომ თავად მოისმინა ეს ფრაზა. სამაგიეროდ ძალიან ბევრი გამოჩნდა ამ ამბის გამავრცელებელი და სეპარატისტული კუთხით მოსახლეობის შორის შუღლის გაღვივების მსურველი.
- თავიდანვე აქცია არ იყო პოლიტიზირებული. კონკრეტული ინციდენტის გამო სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა მათი თქმით პოლიციელის ძალადობას და ითხოვდა დაკავებული პირების გათავისუფლებას. პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ბევრჯერ სცადეს სხვადასხვა პარტიებმა მათი მოთხოვნისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა. თუმცა ამაოდ. მხოლოდ ზემოთხსენებული "თათრად წოდების" თემა. რომელიც მინდა გითხრათ რომ გაცილებით უფრო ადრინდელია ვიდრე ჯარიმისთვის დაკავებულ მოქალაქესთან დაკავშირებული ინციდენტი. გაცილებით იოლი ამყოლო გამოდგა ვიდრე პოლიტიკური ქვეტექსტები. "ვინც გვაჯარიმებს ისვე გვიძახის თათრებს" ამ კონტექსტში გადაწყვეტილმა საპროტესტო პოზიციამ "გააერთიანა" როგორც კონკრეტული პირის გულშემატკივრები, ასევე პოლიციის გამკაცრებული ჯარიმებით "გაბრაზებული" აქტივისტები. სწორედ მას შემდეგ მოხდა სამმართველოსთან "თათრად მწოდებელი პოლიციის უფროსის საწინააღმდეგო" და "საჯარიმოს გადახდაზე უარის მთქმელი პირის" გულშემატკივართა აქციების "გაერთიანებაც".
- სამმართველოს შენობასთან აგრესიის ტემპერატურა თანდათან მატულობდა. ისმოდა ძალიან ბევრი სეპარატისტული ლოზუნგი და მოწოდება ძალადობისკენ. თუმცა ნებისმიერ მცდელობას აქციის შეკრებილთა მიერ ძალით, მიწოლის გზით სამმართველოს ეზოში შეღწევისა, ეზოს კარებში ჩამდგარი პოლიციის კორდონი წარმატებით აკავებდა. აქციის მონაწილეთაგან სულ უფრო და უფრო ხშირად ისოდა მოწოდება ძალადობისკენ ვიდრე დაკავებული პირების განთავისუფლებისკენ. მას შემდეგაც კი, როცა გახდა ცნობილი რომ დაკავებულები მალევე განთავისუფლდებოდნენ. აქციის მონაწილეთა შორის აგრესია არ ჩამცხრალა. პოლიციის მიმართულებით წყლის ბოთლების სროლა დაიწყეს.
- აგრესიული აქტივისტების მიერ ნასროლი ბოთლების საპასუხოდ პოლიციის სპეცრაზმის ფარებითა და ხელკეტებით გამოყვანილი ჯგუფის "მანევრი" მგონი სამართალდამცავების მხრიდან ერთ-ერთი და კრიტიკული შეცდომა იყო. ქუჩაში ნახევრად გამოსულმა სპეც რაზმა თითქმის დაფანტა აქტივისტთა ჯგუფი. იმის ნაცვლად რომ სამმართველოს კარებთან გამაგრებულიყვნენ. ისინი ქუჩაში გავიდნენ. აქტივისტების მხრიდან განხორციელებული "კონტრშეტევის" შემდეგ კი უკან დაიხიეს და ისევ ეზოში შევიდნენ. სწორედ ამ (ჩემის აზრით) არასწორმა მანევრმა გაუღვივა აკტივისტებს იმედი რომ მათ შეეძლოთ ბოლომდე შეევიწროვებიათ უკუქცეული სპეც რაზმი. სპეცრაზმელების უკან დახევით გაგულისებულებმა უკვე ქვებიც დაუშინეს სამართალდაცველებს. რაზეც ეზოში შევიწროვებულმა სპეც რაზმა რეზინის ტყვიებით და ცრემსადენი გაზით უპასუხა.
- რა თქმა უნდა ძალის გადაჭარბებასა და გამოჩენილ სირბილეს შორის აქციის მონაწილეთა "დაშლასთან" დაკავშირებით არჩევანს ყოველთვის შედარებით მსუბუქ, ადეკვატურ ზომებზე გააკეთებს ნებისმიერი ჭკუათმყოფელი. მაგრამ შესაძლებელი იყო ვანდალურ ქმედებაზე გადასული აქციის ოდნავ დროული ლიკვიდაცია. ეზოში შეკეტილი სპეც რაზმი, რომელთაგან 11 ადამიანი უკვე დაშავებული იყო იძულებული იყო რეზინის ტყვიებით და გაზის კაპსულებით დროდადრო დაეფანტა აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილენი. რაც არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილება იყო რადგან გამოყენებული გაზის რაოდენობა არც თუ ისე ცოტა იყო. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა აქციის მონაწილეებისგან განსხვავებით ცრემლსადენი გაზის ღრუბლებს ვერსად ვერ გაურბოდა.
- არ გამოუყენებიათ აქციის დასაშლელად ხშირ შემთხვევაში აპრობირებული სახანძრო მანქანის წყლის ჭავლი. მეტიც, სახანძრო მანქანა არც მოგიზგიზე ავტომობილებისა და ხეების ჩასაქრობად გამოჩენილა. როგორც შემდეგ ახსნეს, იყო მცდელობა, მაგრამ ეკიპაჟთან მოსალოდნელი აგრესიული ანგარიშწორების შიშით ამ ხერხზე უარი სთქვეს.
- აგრესია გამოვლინდა არა მხოლოდ სამართალდამცავების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. იყო ფიზიკურად ანგარიშსწორების, დევნის ფაქტებიც. ჟურნალისტებმა არა მხოლოდ აქციის მონაწილეთაგან, პოლიციელებისგანაც იგემეს რეზინის არა ერთი ტყვია. თუმცა ვერ ვიტყვი რომ მიზანმიმართულად ესროლეს ჟურნალისტს.
- აგრესიის ტემპერატურის დაწევის მოლოდინში და იმ იმედით რომ აქტივისტები "გამოუშვებდნენ ფუტს" და დაწყნარდებოდნენ. არ განახორციელეს "ზედმეტი" სადამსჯელო ღინისძიებებიც. რამაც (როგორც ამბობენ) თავიდან აარიდა გაცილებით დიდი კონფლიქტი სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის. შესაბამისად ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 23 ადამიანს არ აღემატება. მაგრამ ამავდროულად გაჭიანურებული ოპერაციის შედეგად საგრძნობლად დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და კერძო საკუთრება.
- შედეგად მივიღეთ განადგურებული ინფრასტრუქტურა. 7 დაფერფლილი ავტომობილი. ჩალეწილი მინები. დამსხვრეული შუქნიშნები. ამოყრილი ქვაფენილი და 150 000 ლარად შეფასებული ზარალი რომელიც ისევ და ისევ მოქალაქეებმა უნდა დაფაროს. სანუგეშო ერთია - ამ ღამეს საბედნიეროდ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ შეუწირავს. თუმცა ამის ალბათობას იმ ღამით ვერავინ გამორიცხავდა
- სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა უმრავლესობა(არაოფიციალური მონაცემებით) არ არის ბათუმის მკვიდრი. რაც კიდევ ერთ კითხვის ნიშანს ბადებს.
- მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველი ბევრია. მაგრამ თვითმხილველის პოზიციიდან ვხედავ რომ იმ ღამის აქციას არსებული და ცნობილი პოლიტიკური პარტიები და ფიგურები არ და ვერ მართავდნენ. ეს იყო რაღაც (ვიღაც) სხვა.
ბოლოს კი ამას ვიტყვი. თუ გვინდა ქვეყანა კანონი უნდა კანონობდეს. მოქალაქეც ჩინოვნიკიც და სამართალდამცავიც ერთნაირად, თანასწორად უნდა იცავდეს მას და ისჯებოდეს მისი არ შესრულების შემთხვევაში. სამოქალაქო საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს კიდე უფრო ვიდრე არის ახლა. სწორედ მისი სისუსტის შემთხვევაში მოქალაქე ანგრევს ქალაქს რომელშიც ცხოვრობს და რომლის სადიდებელ სადრეგრძელოსაც სხვამს.
პროვინციული ფაშიზმი ძალიან ადვილად აალებადია. ფრაზები რომლებიც იმ ღაით ისმოდა ბათუმის ქუჩებში ასლან აბაშიძის ზომბილენდის დროს მახსივს. სამწუხაროა მათი ისევ მოსმენა და მითუმეტეს სკანდირება. ამ ძალიან ცუდ "კარტს" როგორც ვხდები ძალიან მარჯვედ გაათამაშებენ მომავალშიც თუ საზოგადოება ვერ და არ გადალახავს ამ ბარიერს, რასაც ლამის კუთხურ ფაშიზმამდე დასული " ჩვენ და ისინი" ქვია.
"აჭარა აჭარლებს", "ჩავკეტოთ ჩოლოქი და მსგავსი მოწოდებები არაფრით ჯობია "თქვე თათრებო"ს ანდა "აჭარა-ც საქართველოა"ს. მანამ და სანამ ეს მოუშორებელი "ც" გვექნება ვერასდროს ვერ ვიქნებით ქართველები. ვიქნებით თათრები, კოწიები, ძაღლზე გაცვლილები და კიდევ მრავალი რამ. მაგრამ დროა ვიყოთ იმაზე მაღლა ვიდრე მავანთა გასათამაშებელ კარტად ქცეულ ვიწრო პროვინციული ფაშიზმი. თუმცა რა კუთხურობაზე უნდა ვისაუბრო. ადამიანს, რომელსაც უყვარს ქალაქი ვერ აიძულებ ვინმეს სიძულვილის მიუხედავად დაანგრიოს, დაწვას და მოშალოს ის. 11-12 მარტის ღამე კი სხვა არაფერი იყო ვიდრე ვანდალობის ზეიმი კანონზე, რომელიც სეპარატიზმის ნავთით ლამის რეალურ, საშიშ ხანძრად გადაიქცა. არადა დაიწყო ის როგორც ადამიანური თანაგრძნობის აქცია.
მე ვარ კოწია, მე ვარ თათარი, მე ვარ ამ ქალაქის, ამ ქვეყნის მოქალაქე და მე ვარ ქართველი - ყოველგვარი ც ს გარეშე. არ გამოვა, აღარ გამოვა, ვერ გავა კუთხური სეპარატიზმი. მორჩა.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!