მოსიარულე ხეები თუ ადრე მხოლოდ ზღაპრული სამყაროს კუთვნილება იყო, დღეს თამამად შეგვიძლია ვსთქვათ რომ - ზღაპარი გაცხადდა, ან ზღაპარში ვცხოვრობთ. მწვანე კონცხის მიდამოებში მაცხოვრებლებს ფანჯრის მიღმა ჩავლილი ტანმაღალი ხის ფოთლების შრიალი ისეთივე ყოველდღიურ მოვლენად მიაჩნიათ, როგორც მამლის ყივილი ან მზის ამოსვლა.
თუ ადრე აქ ბალახობიდან შეგვიანებულ ძროხებს დაეძებდნენ, დღეს მეზობლები ერთმანეთს სულ სხვა კითხვით მიმართავენ:
- ჩემს ტიტას შენკენ ხომ არ ჩამოუვლია?!
- არ ვიცი, ჩემი მაგნოლიაც არ ჩანს და სადმე ერთად იქნებიან. თუ ნახავ გამაგებინე.
რა თქმა უნდა, შენობის, სახლის, გემის, თვითმფრინავის და კიდევ ათასი ვეება რამის, მათ შორის ხის გადაზიდვის პროცესი გვინახავს "დისქოვერის" (ან სხვა) არხზე. მაგრამ ნამდვილად არავინ ელოდა ეს მსვლელობა ასეთი ინტენსიური თუ იქნებოდა. თან ერთი მიმართულებით
გურიისკენ მუჰაჯირად წასულ ხეთა ჯარს, ხეთა რიგს შავი ზღვის ბრიზი აწ უკვე შეკვეთილის მისადგომებთან ხრის რკალად. თავად შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გაშენების იდეა ძალიან კარგი რამაა. მაგრამ არის რიგი სხვა გარემოებებიც, რის გამოც აღნიშნული პროცესი ამოთხრილი ხეებისგან დარჩენილი უზარმაზარ ორმოებთან ერთად კითხვის ნიშნებიც რჩება.
გასაგებია სადღაც, ყანის ბოლოს მდგარი ხისთვის დენდროლოგიური პარკის შუაგული უფრო სასურველი რომ იქნებოდა ( ვიზუალურად ) მაგრამ მწვანე კონცხის სერპანტინებზე იმ სიმწვანის და სილამაზის გამოხშირვა, რომელსაც ყოველ ზაფხულს ყველა აქ ჩამოსული თუ მაცხოვრებელი ყოველ ავლა ჩამოვლაზე შენატრის. დიდად კარგი იდეა არ უნდა იყოს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ხეების ამოთხრით გამოწვეულ ეროზიულ პროცესებს.
შემდეგ, რამდენად კარგად და ხარისხიანად ხორციელდება "მუჰაჯირ ხეთა" მიგრაცია...
გასაგებია ისიც რომ ავტო ბანის პროექტის დასრულების შემდეგ მწვანე კონცხის და ციხისძირის სერპანტინები მხოლოდ ახლო-მახლო მდებარე ვილების და მწვანეში სასეირნოდ მოცლილთა სტუმრობის ამარა დარჩება. მაგრამ ხეთა სიმრავლე და სიმწვანე არც არსებულ გარემოს წყენდა ამ ხნის განმავლობაში და არც მომავალში იქნებოდნენ იქაურლები მათი ჩრდილით გულნაკლულები. ხო, ამ მიდამოებში საკმაოდ მოხშირდა ნაჯახების ბზრიალი. მართლა ბევრი კარგი ადგილია მიგდებულ ასათვისებელი. დიდი სიამოვნებით ჩავდებდი მაქ ინვესტიციას რომ მქონდეს... ამიტომ ამ მხრივ ამ მიდამოების გამოცოცხლება არ მიკვირს. პირიქით მიხარია კიდეც. მაგრამ ბათუმში გატუტუცებული ბარების შემხედვარე ტროტუარზე ვეღარ გაუვლია ადამიანს და ვშიშობ იქაც ისე არ გატუტუცდნენ რომ მწვანე კონცხის ან ციხისძირის სერპანტინები მხოლოდ ვიღაცეების კუთვნილებად გამოაცხადონ. თუმცა ეგ კიდევ სხვა თემაა.
-ხეები მიცურავენ
-სად?!
-შორს
-რამდენი ?!
-ჯერ ვითვლით
არა და ეგ ხეები მაქაურობასაც მშვენივრად მოუხდებოდა მათ გარშემოც რომ სათანადო ინფრასტრუქტურა გაშენებულიყო. რისი პოტენციალიც, დამეთანხმებით ალბათ ამ მიდამოებს მართლაც რომ აქვს. თან ძალიან ძლიერი. თუმცა სანამ ამ "დაკონსერვებულ" პოტენციალს მოადგება მზის შუქი. მანამდე ხეები მიდიან. სადაც ვერ მიდიან ფეხქვეშ გზას უგებენ. რამდენჯერ ინატრა ჭაობის მოსახლეობამ, ეგ სასწაულთმოქმედი გზათმფენი ხე ჩვენს ქუჩაზეც ჩამოატარეთო. მაგრამ ამაოდ. ხოლო სადაც ჩაიარა, სხვა ხეებმა არ შეუშალოსო - უნიჭო პარიკმახერის ხელით მთელს გაყოლებაზე ჩამწკრივებულ მდგომიარე ხეებს ნანეტი ააჭრეს. დგანან ახლა შეკრეჭილბი და ელიან ახალ მუჰაჯირს. ხეები კი მიდიან.
მთავარია რაღაც ოქროს შუალედი დავიცვათ, ეს ტან მაღალი ხეები ისე არ გავანაწყენოთ რომ სიარულ შესწავლილებმა ტოლკინისეული ვენდეტა არ ჩაიდონ გულში.
ციხის ძირის მოსახლეობის თქმით ღამ-ღამობით, თორმეტი საათის შემდეგ ქუჩაში იძულებით გადარგულ ხეთა სულები დაძრწიან.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!