Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

იმ დეკემბრის სითბო

იმ დეკემბრის სითბო

ბაბუაჩემი იტყოდა ხოლმე, მოვა ბაბუა თოვლი და ანტონას მინგრეული ღობეც ლამაზი გამოჩნდებაო. აქვს თოვლს ეს თვისება, დაფაროს, დროებით მაინც გადაფაროს შემოდგომის გაუთავებელი წვიმებისგან დატოვებული ჭონჭყო და გატიტვლებული არე-მარე. ზოგჯერ მეხსიერებაში შემორჩენილ წლებსაც მშვენივრად ფარავს დეკემბრის თოვლი. ამ თვისების გამო ძალიან გვიყვარდა ორთავეს თოვა. ივსებოდა ეზო, კარ-მიდამო, ქუჩა, ქალაქი და მთელი დუნია საახალწლოდ ფითქინა თოვლში შეფუთული საგულდაგულოდ ელოდებოდა ახლის დასაწყისს.
- თოვს ბაბუ?!
- არა ბაბუ, ცრის ჯერ! ისე არა ჩვენ რომ გვინდა


საახალწლოდ სპეციალურად ირთვებოდა ორი კუთხე. პირველი, ეს საბჭოეთის ეპოქის სიმბოლო - "ზალა" იყო. ყველაზე ვეება, ცივი და წელიწადის უმეტეს დროს უკაცრიელი ოთახი მთელს სახლში. საახალწლო ნაძვის ხეც სწორედ აქ შლიდა სათამაშოებით დამძიმებულ ტოტებს და მედგრად ითმენდა ჩემს საახალწლო ექსპერიმენტებს ნათლის ღებამდე. საახალწლო სუფრაზე მოსახვედრად აქ ელოდნენ თავის ჯერს "ხალადეცი" და გოზინაყი. როგორც ვთქვი ამ ოთახში სიცივე იყო და მაცივრის ფუნქციასაც ასრულებდა ხოლმე. აქ, წელიწადში ერთად ერთხელ იხსნებოდა საახალწლო სათამაშოებით დაძეძგნილი მუყაოს ყუთი, რომელიც მაშინ რატომღაც საოცარი თვალ მარგალიტით და ჯადოსუნური არსებებით სავსე სკივრი მეგონა, ოო, როგორ მიყვარდა მათი სათითაოდ ამოლაგება, გაწმენდა და ნაძვის ტოტებზე სათანადო ადგილის მიჩენა. თითო თითო, ნაბიჯ ნაბიჯ შეკიდული სათამაშოებით ტყეში მოჭრილი ნაძვი საახალწლო ნაძვის ხედ იქცეოდა და ცოცხლდებოდა.

- ახლა რას შვება ბაბუ?!
- ცოტა უმატა, მარა ჯერ არ თოვს ისე...

მეორე კუთხე ეს "კუხნა" იყო. გურიაში ასე ვეძახით ძირითადი სახლის გვერდით მდგარ დამხმარე საკუჭნაოს. სადაც როგორც წესი ბუხარი, ღვინის კასრები, ჭაჭის ბოთლები და დიასახლისების მიერ მოხუფულ-შეკაზმული სანოვაგე მხიარულად თანაცხოვრობენ. ამიტომაც ძალიან უყვართ ასეთი "კუხნები" ბაბუებს. ყველაფერი რაც სწადიათ ხელის ერთ გაწვდენაზე აქვთ. ხო და სწორედ აი ეს "კუხნა" იყო საახალწლო ღონისძიებების მეორე, სათადარიგო ავანსცენა.

გაღუღუნებული ბუხარი მადიანად სანსლავდა წიფელას და თხემლას. ბუხრის თავზე საგულდაგულოდ გამოკობწიავებულ კარალიოკის ჩირს ყოველ ჯერზე თვლით ვიბარებდი, ვამოწმებდი "თაგვს არ წაეღო". არა და ეს თაგვი სწორედ მე ვიყავი, მაგრამ აბა სხვანაირად როგორ გამემართლებია და ამეხსნა ბებიასათვის ჩირის საოცარი გაქრობის საიდუმლო. ბებიაც "იჯერებდა", "მსუნაგია ჩვენი თაგვი, ვიცნობ მაგასო" ამბობდა და მიღიმოდა. ბუხრის თავზე, ვიღაცის ტყვიას ან მადას შეწირული ჯიხვების ყანწების შუაში ბასილის (ბასილას) ბარაქიანი თეთრი წვერი კეკლუცობდა. ხო, ეს ჩიჩილაკი იყო, ჩვენებური, საკრალული ბედნიერების, ბარაქის და სიცოცხლის ხე. ბასილას წვერებში ბაბუაჩემი გულდასმით აწნიდა მოსკოვურ შოკოლადებს, ჩირს, ჩიტივაშლას კენკრებს და ჯანჯუხებს. იქვე, მოქსოვილ კალათაში უხვად იყო ჩირი, მანდარინი, ფორთოხალი, ტყლაპი და რათქმაუნდა თხილი, ბლომად თხილი. და სითბო, ბუხარში აგიზგიზებული შეშით გამთბარი კედლების სითბო. გარეთ კი თოვდა.

- რა ქნა ბაბუა, აღარ დეიწყო?!
- სა წავა ბაბუა, დეიწყებს


ყოველი ახალი წელი ველოდი საჩუქრებს, თუმცა არა, უბრალოდ საჩუქრებს კი არა. აი იმ პროცესს, დილით რომ დგები და ნაძვის ხის ქვეშ ლამაზად შეფუთული საჩუქრები გხდება. ჩემდა სამწუხაროდ ამ კადრის გათამაშება ვერასდროს ვერ მოვახერხე. როგორც წესი საახალწლოდ ან ტანსაცმელს მჩუქნიდნენ, რომელიც საახალწლო სუფრასთან უკვე მეცვა. ან შოკოლადებით და ტკბილეულით სავსე პარკს. ან კიდე სათამაშოს, რომლის შეძენის მოთხოვნით ბარე ორი კვირით ადრე ვიწყებდი "ზახოდებს". სიურპრიზი, როგორც ასეთი მე არ მახსოვდა. ჩვენს დროს ხომ მთავარი მილოცვა მრავალჟამიერის ფონზე შესმული დიდების სადღეგრძელო და პირში ჩატენილი გოზინაყი იყო. არა და ბავშვობიდან მჯეროდა რომ საახალწლოდ სწორედ ის უნდა მიიღო რაც ძალიან, ძალიან გწადია და გჭირდება. ხოდა მეც აღარ დაველოდე მოვლენებს და

საახალწლო სუფრასთან, საგულდაგულოდ გამოწყობილ გამოპრანჭულები დიდის მონდომებით ველოდით თუ როდის შესრულდებოდა თორმეტი საათი და როდის იქუხებდა ტელე ეთერიდან მრავალჟამიერი, მეზობელი სახლებიდან კი ორლულა თოფები. როდის იფეთქებდა საგულდაგულოდ შემონახული შამპანიური, რომელსაც მერე აღარავინ არ სვამდა (გვინოა აგერ, ვის უნდა მაი გაზი?!), როდის დაიცლებოდა მამაჩემის თოფი და ბაბუაჩემის სასმისი. როდის გაიჭრებოდა ყველით დაზიპინებული ხაჭაპური და როდის იტყოდა ბებიაჩემი გადეიღეთ რამეს. აი მაშინ უკვე შეიძლებოდა ჩაგვეთვალა რომ ახალ წელს ახალი სუფრით ვეგებებით. სწორედ აი ასეთ საზეიმო ვითარებაში უნდა მომეწყო პატარა "დღესასწაული" ჩემებისთვის. გარეთ გავედი, დიდი მუთაქის სარჩულში ჩაყრილ ( მუთაქის სარჩული ლამაზი ტომარის ეფექტს ტოვებდა) საგულდაგულოდ შეფუთულ საჩუქრებს დავავდე ხელი და სახლში მეკვლეს სახით შემოვედი.

- რაია ბაბუა აი?!
- საჩუქრები მოგიტანათ თოვლის ბაბუამ.
- უყურე შენ?! აბა გვანახე ერთი, გვანახე.

და მეც ნეტარი სახით მოვხსენი საჩუქრების ტომარას თავი. ხო, ოთხმოცდაათიანები იყო, მე მესამე კლასში და ... მართალია, აბა საიდან საჩუქრების ან ფული ან კიდე შესაძლებლობა. აქ მთავარი პროცესი იყო.
 
ამიტომაც ლამაზად შეფუთულ ფუთებში ყველამ ის ნივთი იპოვა რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა (და თითქმის მთელი დღე ეძებდა) ბაბუამ მისი საყვარელი წვერის საპარსი ელექტრო მანქანა იპოვა და გახარებულმა ჩამოისვა ხელი გაუპარსავ ლოყაზე. ბებიამ სათვალეების ჩასადები ლამაზი ბიღჩა, რომელსაც მთელი დღე ეძებდა. მამაჩემმა "პაიანნიკი" რომლის "დაკარგვაც" დედაჩემმა მის უყურადღებობას დააბრალა და სუნამოს ნახევრად ცარიელი ბოთლი, რომელიც მას ძალიან უყვარდა. 

აი ასეთი იყო ის ახალი წელი. პატარა, უცნაური და სასაცილო სიურპრიზით. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ მახსენდება ის ალალი ემოცია  როცა ფუთიდან მათი ნაცნობი და საყვარელი ნივთები ამოალაგეს და ვხდები. მთავარია გჯეროდეს რომ სასწაული შესაძლებელია და ის შეიძლება სულაც არ იყოს ზე ჯადოსნური და კოსმიური. არამედ უბრალო, ადამიანური, პატარა მაგრამ საამო. იმიტომ რომ დეკემბერია, იმიტომ რომ ამ თვეს ყველაზე მეტად გვჭირდება სითბო და რწმენა იმისა რომ ვიღაცას ჩვენი სითბოც ათბობს, სჭირდება და სწამს

- გათოვდა ბაბუა ბოლო ბოლო?!
- კი ბაბუა ბარდნის


 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]