- ეფენდი, ეფენდი ბუირუმ. ველქომ ეფენდი, ველქომ. ვერ აი იუ ფრომ?! იტალი?! ფრანცე?! ნოუ?! ისლანდ?! ნოუ?!... ჯორჯია?! ოო, იუ არ მაი ბესტ ფრენდ. აი ლავ ჯორჯია. ბიჯო, მოდი ბიჯო...
დღეს ისევ სტამბოლში დაგაბრუნებთ. მახსოვს დაგპირედით დიდ ბაზარში გავისეირნებთ მეთქი. ხო და აბა სტამბოლი ამ ბაზრის გარეშე იგივეა რაც ბათუმი ზღვის გარეშე. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვასრულებ ჩემს დანაპირებს
თუ წესით და რიგით უცხო ქვეყნის კულტურას მუზეუმების გადაბჟღვიალებულ ვიტრინებში ეცნობა ადამიანი. ბაზარი, კონკრეტულად კი აი ასეთი, გამორჩეული, ჭრელი და თითქმის ყოვლის მომცველი, თავისუფლად შეიძლება მუზეუმის გვერდით მოიხსენიო. აქ ყველაფერი მაცდურად ელვარებს, ბზინავს და გიხმობს. მიუხედავად იმისა გიყვარს თუ არა ასეთი (მეტწილად) ზიზილ-პიპილოები. აქ მათი სიმრავისა თუ აღმოსავლური ბაზრის მაგიის წყალობით ძალაუნებურად ჩერდები და თავში გამუდმებით გესმის რაღაც ხმა - ეს ნახე რა კარგია, ეს ხომ უნდა გქონდეს სახშლი?! აბა როგორ?!
გარდა ამისა ამ ნივთის შეძენის აუცილებლობაში დიდი ძალისხმევით, ხელებით, ფეხებით და ლამის ხუთი ენიდან ამოკრეფილი სიტყვებით აუცილებლად დაგარწმუნებთ დახლის გამყიდველი. ნებისმიერი აბსურდული ნივთი, რომელზედაც საკმარისია შენიშნოს რომ თვალი გაგექცა უკვე გაპრიალებულ-გაწმენდილს გტენის ხელში და ხოტბას ასხამს ცალკე შენს გემოვნებას და ცალკე ამ ნივთის საოცარ ხარისხს. თან იმასაც გიმტკიცებს რომ იაფად გაძლევს, თორემ იქით, უფრო ძვირდება ამის ფასი. არ გინდა, არაფრად არ გინდა, მაგრამ მიდი და დააჯერე რომ არ გინდა.
ძნელია თავის დაღწევა, მაგრამ ლილოზე და ჩვენებურ "ხოფზე" წლების მანძილზე გამობრძნედილი ფრაზა "ჯერ გავივლი, სხვაგან ვნახავ. მანამდე გადამინახეთ" აქაც მეტ-ნაკლებად ჭრის. ხოდა ასე "გადამინახეს" ლამის ნახევარი ბაზარი.
ეს მოგწონთ? აბა ეს? ეს თუ არა ეს მოგეწონებათ! დამაცადეთ, მეორე მაღაზიაში მაქვს თქვენი მოსაწონი ნივთი და ახლავე გადმოგირბენინებთ - ბიჭო, მიდი გაიქეცი, ნივთი მოიტანე.
და დარბიან პატარა ბიჭები რიგიდან დირგში. არის გადაძახილ-გადმოძახილი. მიპატიჟება გადმოპატიჟება
სტამბოლის ბაზარი ლამის სტამბოლის თანატოლია. აქ, თაღოვანი ჭერის ქვეშ აბრეშუმის გზის გასაყარს ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი. აბრეშუმი, ოქრო, ვერცხლი, ფარჩა, დენთი, რკინა, ნელსაცხებელი და სუნელები. აღმოსავლური ხალიჩასავით ჭრელი, უცნაური, ჩახლართული და ლამაზია აქაურობა. ერთი შეხედვით მრავალ ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ მაინც ერთ ენაზე მეტყველი ბაზარი და ამ ენას გამყიდველისა და მყიდველის ენა ქვია.
გარდა ჩვეულებრივი გამყიდველებისა აქ უხვად ნახავთ ოსტატებს თავის შეგირდებთან ერთად. არის მაღაზიები რომლებიც უკვე თაობებია აქ შრომობენ და თავიანთ ნახელავს თავადვე ჰყიდიან. მეთუნუქეები, ოქრომჭედლები, ფაიფურის და მინანქრის ოსტატები. თუმცა მე ყველაზე მეტად ბრების ოსტატმა დამაინტერესა. ამაზეც მერე მოგიყვებით და განახებთ კიდეც. როგორც ხედავთ, კიდევ ერთი მოგზაურობა გელით სტამბოლის ბაზარში.
მანამდე კი შეგვიძლია იქვე, თაღოვანი ჭერის ქვეშ განთავსებულ ჩაიხანაში შევიაროთ და ამდენი ხეტიალისა და ბოდიალისაგან დაღლილებმა არომატული ჩაის ნება-ნება სმით შევიქციოთ თავი. მითუმეტეს რომ მარტო აქ არანაირად არ იქნებით. გვერდით მაგიდაზე მე პირადად იაპონელი წყვილი, ესპანელი დედა შვილი და უკრაინელი სტუდენტები ისხდნენ. ისინიც ნელინელ წრუპავდნენ ჩაის. კიდევ ერთხელ, საღ გონებაზე ათვალიერებდნენ შეძენილ ნივთებს. ერთმანეთს უზიარებდნენ ემოციებს. ინტერნეტში და სოც ქსელებში ტვირთავდნენ ფოტოებს და რაც მთავარია აღიარებდნენ რომ ეს ბაზარი ღირდა აქ დახარჯულ კალორიებად, ენერგიად და საათებად. სამაგიეროდ ნივთი თუ არა აქედან უცილობლად გაგყვებათ სტამბოლის ბაზრის დარი ჭრელი მოგონება.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!