Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

FAB LAB BSU და კაი ხალხი

FAB LAB BSU და კაი ხალხი

სტუდენტობა ის შეგრძნებაა, რომელიც სულ მუდამ იღვიძებს, როცა შენს მშობლიურ უნივერსიტეტში გიწევს სტუმრობა. ხო, სტუდენტობა კურსდამთავრებულთათვის უკვე შეგრძნებაა და არა სტატუსი. ვინ როგორ იხსენებს ამ პერიოდს სულ სხვა საკითხია, მაგრამ არის მომენტები როცა გინდა რომ შენი სტუდენტური ცხოვრება არა წარსულს, არამედ დღევანდელობას უკავშირდებოდეს. 

რამდენიმე დღის წინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში FAB LAB BSU - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა. აქ უხვად იყო წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით სამზეოზე გამოტანილი ქმნილებები. სამი დე და ლაზერული პრინტერით შექმნილი ნამუშევრები. ეჰ, ლაბორატორიაა რასაც ქვია. 







"ჩემს დროს რომ ეს ყოფილიყო" ან "ახლა მაინც ვყოფილიყავი საუნივერსიტეტო ასაკის" ... ეს ის ფრაზებია, რომელიც ამ ყველაფრის შემყურეს ძალიან ხშირად მიტრიალებდა თავში. თან ეს არა კომერციული ობიექტი, არამედ უნის ფრთებს ქვეშ არსებული, გრანტით დაფინანსებული ლაბორატორიაა. ხო, ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველა უნივერსიტეტს კი არა სასწავლებელს უნდა ქონდეს. მესმის. მაგრამ უნდასა და არის შორის ხშირად ქართული მწარე რეალობაა.

გამოფენით არ შემოვიფარგლე და ბიჭებს (ლაბორატორიაში მხოლოდ ბიჭები დამხვდნენ და შესაძლოა გოგოებიც ირიცხებიან, ნამდვილად არ ვიცი) ლაბორატორიაში ვიზიტის უფლება დავსტყუე. აქ კიდევ ერთხელ შემშურდა... კარგი სივრცე, დანადგარებისა და ხელსაწყოების საკმაოდ უხვი ჩამონათვალი და რაც მთავარია ენთუზიაზმი, რითაც არანაკლებ უხვად არიან აღჭურვილნი ლაბორატორიის მესვეურები. 






პატარა ექსკურსიასთან ერთად არ დაიზარეს და "მთვარის კლუბის" ლოგოც ამომიწვეს ხეზე. 

გახარებული, კმაყოფილი და დასაჩუქრებული წამოვედი FAB LAB BSU დან. ძალიან მიხარია ასეთი ნოვაციები. მითუმეტეს როცა ეს ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში ხდება. წარმატებები ბიჭებს, ლაბორატორიას და მთლიანად უნის.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]