შემდეგი ნაბიჯი ეს თოვლში გადადგმული ფეხის ხმაა. აი ის ყრუ და ჩუმი ხრშიალი (ხო, დაახლოებით ასეთი ხმა აქვს) რაც ახალ თოვლზე დადგმულ ფეხს მოჰყვება. ეს ძალიან მნიშვნლოვანი ტესტია საიმისოდ რომ გამოავლინო თოვლი კარგია თუ ცუდი. ცუდი აი ის თოვლია, სველი და ჭონჭყლო, არც გუნდის კეთებას და არც თოვლში სიარულს რომ არ გარგებს ნორმალურად. კარგი კი აი ის არის, შენს ფეხ ქვეშ რომ ხრშუიალებს და ღამის განათებების ჩუქზე ასიათას ციცქნა კრისტალებით რომ ციმციმებს.
შემდეგ გუნდა, ეს პირველი შეხება და კონტაქტი თოვლთან. ორივე ხელით სიამოვნებით რომ სრეს და აგუნდავებ. თან გსიამოვნებს როცა გემორჩილება, მოყვება, კეთდება. მერე კი ნებისმიერი სამიზნე, თუ გინდ ბოძი, ხე, ავტომობილი, მეგობარი ან სულაც ჰაერი და შორეთი. ძლიერი მოქნევა მკლავის და სივრცეში გაჭრილ გუნდას შენი მზერაც მიჰყვება თან. ბოლომდე უყურებ სანამ არ მიასკდება ან სადმე არ გადაიკარგება. შემდეგ კი თოვლში კოტრიალის სეზონი შეგიძლია გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადო.
ერთად ერთი სულიერი არსება რომელსაც შენსავით, შესაძლოა შენზე მეტადაც უხარია ახალ თოვლში ნავარდი ეს შენი ძაღლია. ცქმუტავს, კრუსუნებს, ყეფს, ფიფქებს უჭერს, ვიღაცას ან რაღაცას ემალება, წრეებს გირტყამს და შენთან ერთად კოტრიალებს გაუკვალავ თოვლში. გაბრწყინებული თვალებით ისიც გეუბნება - ნახე - თოვს, თოვს, თოვს. კატას? კატას სულ კუდზე ჰკიდია. მთავარია ოთახში თბილოდეს და სახლის ბინადრები არ ხმაურობდნენ ზედმეტად მის სახლში.
შემდეგ გახსენდება რომ ძალიან ბევრი რამ შეგიძლია გააკეთო. ააგორო უზარმაზარი გუნდები და გააკეთო თოვლის კაცი, ბებო ან ბაბუ. ან სულაც სამივე. შეგიძლია დატოვო მთელი ღამით, ან თოვლის ადნობამდე. ან იანცო, ომი გამოუცხადო, გუნდები დაუშინო, მოუგო და მერე თავიდან ააგო უფრო დიდი და უფრო კარგი ვიდრე პირველი. შემდეგ შეგეძლო სადმე ფერდობი მოგეძებნა და ციგით, ან სულაც უციგოდ ისე ლაღად და ხარხარით გესრიალა რომ დაგუბებულ, თეთრ სიჩუმეში შენი სიცილი ვერცხლის წკრიალივით გაისმოდა. შემდეგ უბრალოდ გერბინა, ვიღაცას დადევნებოდი ან გაქცეოდი, გეცინა და შემდეგ აუცილებლად, აუცილებლად უნდა წაქცეულიყავი თეთრს, ფუმფულა თოვლში.
წევხარ თოვლში პირაღმა და გესმის თოვლის ყრუ ხმა, ჩუმი, თითქმის შეუმჩნეველი, სხვა გარე ხმების მომგუდველი მდუმარება. გრძნობ როგორ გადნება თოვლის ფანტელის პატარა კრისტალები სახეზე. იყურები მაღლა ჩანაცრისფრებულ, მაგრამ მაინც ნათელ ცაში და მზერით ირჩევ შორეთიდან მოფარფატე ფიფქს. აი ახმა ამ პაწაწინა ფიფქის საოცარ ცეკვას აყოლებ მზერას და ისიც ცეკვავს თავის უკანასკნელ ცეკვას ასიათასობით მასავით მოფარფატე ფიფქებთან ერთად.
შენც უყურებ და ამ ფიფქებთან ერთად შენი ოცნებაც იწყებს თოვას. მოგონებები, ქურთუკის მკლავებში გაცმულ თასმაზე აქეთ იქიდან შებმული ხელთათმანები (რომ არ დაგეკარგოს) და გათოშილი თითები. ნაძვის, ფიჭვის სურნელი და მოდუღებული კაკაოს გემო. სადღაც შორიდან რომ გეძახდა ბებო "გეყო ამდენი კოტრიალი, მოდი დალიე ცხელი სანამააო" თეთრ პურზე სქლად გადასმული ლეღვის ჯემი ან საგანგებოდ შენთვის ამორჩეული კეკლები კაკლის მურაბიდან. სახლში აგიზგიზებულ შეშის ღუმელზე საგანდებოდ დამწვარი ვაშლის ნათალა - კაი სუნი იცის ნენა. და ფელამუში. ბავშვობას სწორედ ფელამუშის გემო აქვს.
შემდეგ კი შედიხარ სახლში. ზღურბლთან გულდაგულ იფერთხავ თოვლს. გრძნობ რომ ოთახში უჩვეულოდ ცხელა. მაგრამ ეჩვევი, ლღვები, ამას ყურების ოდნავ საგრძნობი ჩხვლეტისებური ტკივილით გრძნობ. იმავეს გრძნობ ხელის თითებშიც და რაღაცნაირად გსიამოვნებს კიდეც. ნელინელ გამოდიხარ თოვლშეყრილი ეიფორიიდან და ეგ კმაყოფილება მთელი ღამე ფონად მიყვება შენს სიზმრებს. დაწოლის წინაც უცქერ ფანჯრიდან თოვას და მიუხედავად "დიდების შეფასებებისა" გულის სიღრმეში მაინც გწადია რომ ისევ ითოვოს. კარგად, ბარაქიანად და ხვავრიელად რადგან დილით გადათეთრებული ეზოს ხილვა ყველაზე გემრიელი საჩუქარია ზამთარში.
კარგი იყო ბავშობაში მოგზაურობა.კითხვის დროს თვალწინ დამიდგა ყველა თოვლთან დაკავშირებული ბავშობის მოგონება.გამახსენდა ჩემი გურული ბებოს შეგონება არ გაცივდე ნენა.თოვლისგან გამოწვეული სიჩუმე. გამახსენდა და მომენატრა ბავშვობა... მადლობა რომ გაახსენეთ ბავშობა.
ReplyDeleteგაიხარე. ამბობენ კიდე აპირებს გათოვებასო და ვნახოთ ;) იქნებ ისევ მოგვიწიოს წელს ბავშობაში გასეირნება :)
Deleteმესამეჯერ თუ გათოვდება იმ დღესვე მოვდივარ ჩემს ბათუმში, ჩემს ბავშობაში :)
ReplyDelete