Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ამბავი ლაზი ტერორისტისა და პირველი ველორბოლისა ბათუმში. 1916.03.04

ამბავი ლაზი ტერორისტისა და პირველი ველორბოლისა ბათუმში. 1916.03.04
ველოსიპედი ბათუმის სინამდვილის ისეთივე განუყოფელი ნაწილი გახდა როგორც ყავა, ან ზღვა. თუმცა რიგი გარემოების გამო გადაადგილების ამ ფრიად საამო, ეკოლოგიურად სუფთა და პრაქტიკულ საშუალებას ესოდენ დიდი ყურადღება ბოლო წლებია მივაქციეთ. კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც ბათუმში ნაციონალებმა კარუსელთან ერთად ველობილიკებიც გააკეთეს. თუმცა მინდა გითხრათ რომ ველოს, ველოსიპედისტებს და ზოგადად ველო შეჯიბრებს ბათუმში ლამის ასწლოვანი ისტორია გააჩნია. ისტორიაცაა და ისტორიაც. თუ დროს დამითმობთ საკმაოდ საინტერესო ამბავს გაიგებთ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მეც სრულიად შემთხვევით მომითხრეს. შემდეგ მოვძებნე და .. ინებეთ. ჰოლივუდი ისვენებს. 

ესე ამბავი ბრიტანელთა და რუსი ქართველთმოძულე ჩინოვნიკისა 


სანამ ამ პოსტის მთავარ მოვლენაზე ვისაუბრებთ, ზოგადად მოვხაზავ იმ დროინდელი ბათუმი სოციალურ-პოლიტიკურ კონტურებს. უფრო კარგად რომ გახდეს გასაგები რა ხდებოდა იმ დროს ქალაქში და რატომ. 

ქალაქში ბრიტანელები "იდგნენ", ქალაქის საბჭოს თავკაცი თეთგვარდიელი, ქართველთმოძულე კადეტი მასლოვი გახლდათ. რომელსაც ისე "ვუყვარდით რომ დრო და დრო მასთან სერვერ-ბეგ ქვაბლიანელი აფარებდა, რომელიც ე.წ. "სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის ოსმალური რესპუბლიკის დევნილ მთავრობას" ხელმძღვანელობდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბათუმი ოსმალებს დარჩენოდათ.
რაც შეეხება ქართველებს - ბათუმში ყველაზე მეტნი მენშევიკები და სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები) იყვნენ; მეზობლად - ლაზისტანის ყოფილ სანჯაყში არალეგალურად ისევ მოქმედებდა "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი", რომელიც ჯერ კიდევ 1915 წელს შეიქმნა, მაგრამ 1918 წლის მარტში, ლაზისტანში შემოსულ ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში მისი წევრების დიდი ნაწილი და მეთაურები განადგურდნენ. ვინც გადარჩა, ტყეს შეაფარა თავი და ძველ ხელობას - ფირალობას დაუბრუნდა. 1919 წლის დასაწყისში, ხოფელი პატრიოტის, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის თაოსნობით, ეს ხალხი ისევ შეიკრიბა და საქართველოსთან შეერთებისათვის დაიწყო ბრძოლა.

ქართველთ მოძულე მასლოვი ძალიან ბევრს ამოუვიდა ყელში. ამიტომაც მისი მოშორება განიზრახეს. თუმცა მის მოკვდინებაში ხელის გასვრა მასლოვის ბრიტანელებთან მეგობრობის გამო ბათუმელ მეამბოხეებს არ სურდათ. თან ბრიტანელები ბათუმის საქართველოსთან მიმერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდნენ და ეს ამბავი ძალიან ცუდად მოუბრუნდებოდათ. ამიტომაც დახმარებისთვის ლაზებს მიმართეს. ბათუმიდან რამდენიმე კაცი ლაზეთში გადავიდა და ქალაქ ხოფაში ჰელიმ ჩოხატაროღლისა და მის ხალხს დაუკავშირდა. პასუხმაც არ დაუგვიანა და საგანგებო, საიდუმლო დავალებით ბათუმში სულ მალე 5 ადამიანი ჩამოვიდა. ხუთივე სახელგანთქმული ფირალი, განსაკუთრებით კი - რასიმ კოსტოღლი, რომელსაც რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე "წითელი ცირკულარით" ეძებდნენ, რადგან 1905-1906 წლებში "სოჭის ქართული რესპუბლიკის" დამცველთა რიგებში იყო. შეთქმულები მოემზადნენ, მასლოვის ლიკვიდაციის გეგმა დათქვეს და "ფორთოხალიც" დაუმზადეს. ( ასე ეწოდებოდა ხელნაკეთ ყუმბარას, რომელსაც მასლოვის სული უნდა გაეგზავნა გამჩენთან )

მოკლედ ასეთი სიტუაცია სუფევდა ჩვენს პატარა ქალაქში და მგონი დროა ჩვენს მთავარ თემას დავუბრუნდეთ. იკითხავთ ალბათ - ველო რა შუაშიაო. ხოდა ...

ესე ამბავი ლაზი ტერორისტისა და "კეტი ცხენისა"


ბრიტანეთი აბა რისი ბრიტანეთია სადაც ჩავა თავისი კვალი რომ არ დაატყოს. ხოდა აქაც, ჩვენს ლამაზ ქალაქში 1916 წლის მარტის 4-ში "რეჯიმენტის" მესვეურებმა ველო რბოლის გამართვა განიზრახეს. ქალაქში ჩაყენებულ სიქჰ ჯარისკაცებს ქუჩების გასუფთავება უბრძანეს და ველორბოლისთვის მზადება დაიწყო.

ფირალებმა შეიტყვეს ეს ამბავი. ველოსიპეტის შესახებ ცხენზე უბადლოდ მოჯირითეებს დიდი არაფერი სცოდნიათ. გარდა ერთისა -რასიმ კოსტოღლისა. "ეგ იგივე დოღია, ოღონდ კეტი ცხენებითო" დიახ, ველოსიპედი ეს "ჩვენებურად" კეტი ცხენი გახლავთ. თუმცა ველოსთვის მაშინ ფირალებს არ სცხელოდათ. მასლოვი ყავდათ საიქიოს გასამგზავრებელი. დროც მოვიდა ველორბოლის სანახავად გამოწკიპულ მასლოვს, რომელიც ღონისძიებაზე თანმხლებ პირებთან ერთად ეტლით მიემართებოდა. დღევანდელი გამსახურდიას ქუჩაზე, სომხურ ეკლესიასთან ჩასაფრებული ფირალები დაესხნენ თავს. მემედ-ალი ჭერკეზოღლიმ ეტლს თვითნაკეთი ბომბი ესროლა. მაგრამ ბომბი არ აფეთქდა. მასლოვმა " იყნოსა " რაც მოხდა და სროლა ატეხა. მასლოვს იდჰი ჯარისკაცებიც წამოეშველნენ. ფირალებმა საპასუხო სროლა გაუმართეს. მასლოვი მკლავში დაჭრეს კიდეც. თუმცა ამ ორმხრივ სროლას 5 ფირალიდან ოთხის სიცოცხლე შეეწირა.

გადარჩა მხოლოდ ერთი რასიმ კოსტოღლი, რომელიც გაიქცა და ერთ ერთ სახლს შეაფარა თავი. ეს სახლი კი ვიღაც ბრიტანელს ქონია ქირით აღებული. თავად იმ დროს სახლში არ ყოფილა. რასიმი არ ჩქარობდა, ელოდა სანამ ქუჩაში მიწყნარდებოდა სიტუაცია. ამასობაში კი სახლის მეპატრონეც წამოადგა თავზე. აი აქ შეხვდა ერთმანეთს ბრიტანული სტილი და ქართული ჟინი. რასიმმა ბრიტანელი გაკოჭა და ტანისამოსი გახადა.

ბედი ხან გიმუხთლებს ხან კი გაგიღიმებსო. ხოდა ახლა ზუსტად ეს მომენტი იყო. ეს ღრმად პატივცემული ბრიტანელი არც მეტი არც ნაკლები - ველო რბოლოს მონაწილე ყოფილა. ველოც, ანუ "კეტი ცხენიც" იქვე, ოთახში ყოლია მომზადებული. რასიმმა მისი სამოსი ღიღინით მოირგო, ყაბალახის ნაცვლად კეპიც დაიხურა, "კეტი ცხენს" ხელი დაავლო და ასე ევროპულ ყაიდაზე გამიწკიპული გავიდა ქუჩაში.

რათქმაუნდა აზრადაც არ ქონია ველორბოლაში მონაწილეობა, მაგრამ ვინ აცადა. სიდჰმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც ბათუმის ქუჩები გადაკეტილი ქონდათ, რასიმი ველომრბოლელად სცნეს, ეგონათ გზა შეეშალაო და ველოტრეკთან ლამის მიდენეს. სხვა გზა არ იყო... დაყვა ნებას

გაზეთი "ბატუმსკი ვესტნიკი" წერდა. ერთმა ველო მრბოლელმა ორჯერ დაარტყა წრე სარბიელს. დაწინაურდა და ყველას რომ ეგონა - არიქა და გამარჯვებულიც ესააო, უეცრად გეზი იცვალა და სოფელ ანგისას მიმართულებით წავიდა -ო .პოლიციამაც კი სცადა მოძებნა. მაგრამ ამაოდ. აი ასე დაუსწრებლად მიანიჭეს მას მეორე ადგილი. პირველი კი ბრიტანელმა ჯერემი ბერნსმა დაისაკუთრა.
შესაძლო ის კეპიანი მამაკაცი სწორედ რასიმი იყოს. ფოტო შოთა გუჯაბიძის ალბომიდან

ის უცნობი "ბრიტანელი ჯენტლმენი" კი მას შემდეგ აღარავის უნახავს. სამაგიეროდ რასიმმა ნახა მასლოვი სტამბულში და აუსრულა დანაპირები. გამოასალმა სიცოცხლეს.

აი ასეთი იყო ბატონებო ბათუმში, ლამის საუკუნის წინ გამართული ველორბოლის, პირველი ლაზი ველომრბოლელის, იღბლიანი ტერორისტისა და ველოს ბათუმური, დაუჯერებელი ისტორია. ამ ისტორიისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავის მხრივ რომან ხალვაშს და პირველწყაროს მიხეილ ლაბაძეს. რომ არა ის, დღემდე ეს ისტორია შესაძლოა არც მე და ვერც თქვენ ვერ გცოდნოდათ.

Sportall.Ge

ასე რომ, სამომავლოდ თუ კი ვახსენებთ ბათუმს და ველოს. პირველი (ბედის ირონიით) ველომრბოლელი ლაზი ფირალი რასიმ კოსტოღლიც მოვიგონოთ.

1916 წლის 4 მარტი
პირველი ველორბოლა ბათუმში

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]