Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ქალაქი ამბობს - არა -ს .17 იანვრის აქცია ბათუმში

ქალაქი ამბობს - არა -ს    .17 იანვრის აქცია ბათუმში

დღეს ბათუმში, ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ბათუმელები სამუშაოების შეჩერებასთან ერთად მესამე (შუა) გაუქმებული ალეას აღდგენასაც ითხოვდნენ. სხვათა შორის გუშინ ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, ამ გაუქმებულ და მიწამიყრილ ალეაზე ბალახის საფარის გადასაგებად საგულდაგულოდ დაჭრილი გაზონიც კი ჰქონდათ მიტანილი. მაგრამ როგორც კი მწვანე საფარის ფოტოები სოციალურ ქსელში აიტვირთა და ამას სათანადო აჟიოტაჟიც მოჰყვა, დღეს დილითვე გუშინ მიტანილი მწვანე საფარი ბულვარიდან გაქრა. თუმცა არავინაა დაზღვეული რომ საფარი იქ მაინც არ დაიგება. რადგან, უკვე მრავალგზის გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, სადაც მთავრობის რიგი წარმომადგენლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ "ალეას აღდგენა მათი პირადი, როგორც ბათუმელის სურვილია" ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი საქმის ან ამ მათი სურვილის განსახორციელებლად მათივე მხრიდან არ გადადგმულა. 


მართალია იყო მცდელობები ბულვარის განვითარების სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის შემმუშავებელ სარეკომენდაციო ჯგუფში მოსახლეობის ჩართვის. მაგრამ ეგ მას შემდეგ გახდება აქტუალური და სარწმუნო, რაც ბათუმის ბულვარს დაუბრუნდება მესამე ალეა. გაიწერება კანონი სამოქმედო, რომელიც ცხადყოფს თუ რა, როგორ და რანაირად უნდა იყოს ნებადართული ან აკრძალული ბათუმის ბულვარში. და რაც მთავარია ეს ყველაფერი დარგის სპეციალისტების მონაცემებზე დაყრდნობით იქნება გაკეთებული და მხოლოდ მერე საჯაროდ განხილული. და არა "ჩემი ხომ გჯერა" ან "იმათმა რა იციან" არგუმენტებით შეთითხნილი.

რიგი "წარჩინებულ ჩინოსანთა" მხრიდან გამოსროლილი "აი, ხომ არის დემოკრატია, მიშას დროს ამასაც ვერ იტყოდით", "ეს ჩვენი დამსახურებაა საჯარო პირი აქციაზე რომ გამოდის" და რიგი სხვა, მიზანს აცდენილი არგუმენტებისა, რომელიც ვერანაირად ვერ "აპრავებს" მათ საქციელს და მით უმეტეს ამგვარ ყოფას. აქციები გრძელდება. ქალაქელები აპროტესტებენ ბულვარის ხელყოფის ფაქტს და მინდა გითხრათ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. 


აქციების პარალელურად ბულვარში სამუშაოები გრძელდება. სავარაუდოდ მესამე ალეაც გაუქმდება და მინდვრის საფარი გადაეგება. მაგრამ როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბრძანა - "როგორც დაიგება ისემც აიგება"


თანამედროვე ისტორია გვთავაზობს არა ერთ საინტერესო ფაქტს იმისა თუ როგორ მონაწილეობენ მოქალაქეები მათივე ქალაქის დაგეგმარებაში. ამის არა ერთი და ორი საინტერესო და გაკვეთილად გამოსაყენებელი მაგალითი გვაქვს. 


მავანმა და მავანმა უნდა გაიგოს და გაიაზროს რომ ქალაქი ეკუთვნის ქალაქელებს და რომ მასზედ ექპერიმენტები დაუშვებელია. მითუმეტეს ისეთი უხეში და ფუჭი, როგორიც ახლა მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში. 


ქალაქში უკვე გროვდება პეტიცია ბულვარში მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე. ასევე არსებობს ონლაინ პეტიციაც სადაც თქვენც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი (ბმული) თუმცა მიუხედავად ამისა სამუშაოები არ ჩერდება. თუ ეს ის დემოკრატიაა რაზედაც ლამის ყოველ შეხვედრაზე ითხოვენ მოსახლეობიდან მადლობის გადახდას - რატომ არ მუშაობს ბატონებო ?! 


ბულვარი ეკუთვნის ქალაქს და ქალაქი ამბობს - არა-ს. გზავნილი მოკლე და მარტივია. თავი დაანებონ ბულვარს. 

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.
მოვითხოვთ:
  1. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.
  2. კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
  3. გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
  4. ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
  5. სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.
ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]