23.12.2015

"შარმ ელ შეიხი ჩაზნექილი სკამების" ნაცვლად ?! ანუ რა ელის ბათუმის ბულვარს


" ჩვენ გვაქვს კონცეფცია, არა, ჩვენ არ გვაქვს კონცეფცია. ეს არ არის პროექტი ეს მხოლოდ იდეაა, არა, კონცეფცია ახლა იწერება,  ახლა უნდა დავწეროთ და ჩამოვაყალიბოთ. ამ ვიდეოში ნაჩვენები ხედები რატომ არ მოგწონთ?! კი, ასე უფრო უკეთესი იქნება. ეს კარგია. არა, რაც ამ ვიდეოშია ეს არ არის დამტკიცებული ჯერ. "

დაახლოებით ასეთი, თითქმის ურთიერთ გამომრიცხავი ფრაზები ისმოდა იმ კითხვათა ნიაღვრის მიღმა რაც დღეს ბულვარის სამომავლო განახლებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მომხსენებლებს "დააყარეს".  ვიდეო რგოლი, რომელიც თავდაპირველად დიდი ზარ-ზეიმით და დიფერამბებით იქნა პრეზენტირებული საკმაოდ მოზომილ პრეზენტაციაზე და შემდეგ ამაყად, არანაკლებ აღტკინებული ტექსტის თანხლებით განთავსებული სოციალურ ქსელში, აღმოჩნდა რომ არა კონცეფცია, არამედ იდეა იყო. კონცეფცია როგორც ასეთი ახლა უნდა შემუშავდეს. დადგინდეს და მხოლოდ მერე იქცეს სამოქმედო კანონად, რომელიც განსაზღვრავს რა უნდა იყოს ბულვარში, რანაირად და როგორ. ასევე იმას თუ რა არ უნდა იყოს.

საკმაოდ საინტერესო ფაქტია - ჯერ არ არსებულ კონცეფციაზე აგებული იდეის (რომელიც ვიდეო რგოლში იყო წარმოდგენილი ) პრეზენტაცია და ლამის იმის მტკიცება რომ ეს კარგია.

მით უმეტეს მაშინ როცა საუბრობენ რომ "ეს ბულვარის რეკონსტრუქციაა და უნდა შენარჩუნდეს ავთენტურობა" მაგრამ იქვე დასძენენ რომ ავთენტური ბულვარში ლამის აღარაფერი აღარ დარჩა და ძირითადად "შესანარჩუნებელი"ც კოლონადების გარდა აღარაფერია. იგივე ავთენტურობის კონტექსტში სუბტროპიკულ გამწვანებას რანაირად ჩაამატეს იაპონური საკურა და ბაღი თავისი "ჩანჩქერებით" ჩემთვის ახლაც ამოუცნობი განტოლებაა. ცხადია რომ ამ ვიდეო რგოლში შექმნილი ბულვარი რადიკალურად განსხვავდება არსებულისაგან და აქ სიტყვა "რეკონსტრუქცია" სწორედ იმ საკურას ხესავით ყვირის.

საქმე არ ეხება მხოლოდ ბანალურ "მომწონს ან არ მომწონს". განვმეორდები და ვიტყვი. ცალკე აღებული ეს პროექტი ძალიან კარგია. დიდი სიამოვნებით გავისეირნებდი ასეთ ხეივანში, ლაბირინთებში, იაპონურ ბაღებში და ასე შემდეგ ოღონდ სადმე სხვაგან. მაგალითად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ან სულაც გონიოში. ვერავინ ვერ იტყვის რომ ამ ტერიტორიებს ათვისება არ სჭირდება. მაგრამ არა ბათუმის ბულვარში.
საუბარი იმის თაობაზე რომ "დღევანდელი ბულვარი ჩარევას საჭიროებს" არ ამართლებს ჩარევის ამგვარ ფორმას. კი, ძალიან ბევრი რამ არსებულიდან ბულვარში არ უნდა არსებობდეს და ბევრიც გამოსასწორებელია. მაგრამ ჩარევის შედეგად ჩვენ მოვლილი ძველი ბულვარი უნდა მივიღოთ და არა ბათუმის ახალი ბულვარი.

ძირითადი საშიშროება რასაც ბათუმელების უმეტესობა გრძნობს ეს არ არსებული კონცეფციის და კანონის არ ქონის (რომელიც ბულვარში ასაშენებელი და არსებული შენობა-ნაგებობების სტატუსს განსაზღვრავს . რა უნდა იყოს და რა არა) არ არსებობის გამო გამოწვეული ვაკუუმია და ის საშიშროება, მავანმა და მავანმა ( მაგალითად ისეთმა მსხვილმა კომპანიამ როგორიც გახლავთ METRO ) ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არ მოინდომოს სასტუმრო, ან მსხვილი სარესტორნო, ან რაიმე მსუყე ბიზნეს იდეის განხორციელება მიმდინარე "რეკონსტრუქციის" დროს. ქართული რეალობა გვასწავლის რომ ასეთი არა ერთ გზის მომხდარა და ამის განმეორება არანაირად არ გვინდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ქსელში ტრიალებს ალტერნატიული პროექტი. განსხვავებული იმ ოფიციალურისაგან. რომელშიც კარგად ჩანს კორტების ტერიტორიაზე და უნივერსიტეტის წინ წამოჭიმული 3 სართულიანი, საკმაოდ დიდი ზომის შენობა-ნაგებობები. მართალია გვარწმუნებდნენ რომ "ეს მხოლოდ იდეა იყო და არანაირად არ უწერია ამ იდეას განხორციელება" მაინც არსებობს შიში იმისა რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცას ეს "იდეა" მოეწონება და განახორციელებს ისევ და ისევ "ბულვარის სამომავლო განვითარების" ნათელი ლოზუნგებით. ამის რეგულაცია კი ბულვარის კონცეფციას და კანონს შეუძლია, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს. მაგრამ არსებობს რგოლი. ანუ "სტენკა დადგმულია" მაგრამ

ბულვარის კონცეფციის არ ქონამდე ბევრი ეჭვი იქნება და ვარაუდი. თუმცა საკითხავია როგორი იქნება ჩამოყალიბებული და მიღებული კონცეფციაც. რადგან არ ვართ დაზღვეული იმისაგან რომ რომელიმე მსხვილი, სოლიდური მოთამაშის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ დიდ ფულს ჩადებს "ქალაქის განვითარებაში" ბულვარის განვითარების ხედვა სამომავლოდ არ შეიცვლება და "ბულვარის ტურისტებისთვის უფრო მეტად საინტერესო ობიექტად გადაქცევის მიზნით" აქ არ დაიწყება დღეს რადიკალურად მიუღებელი ბულვარისთვის აუტანელი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობები როგოც ამჟამინდელი კორტების ტერიტორიაზე. რომელსაც მდებარეობას უკვე უწუნებენ და თვლიან რომ ბულვარს "ხლეჩს". ან სულაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის წინ მდებარე ტერიტორიაზე. რომლის განვითარების "ახალი გეგმის" ერთ-ერთ მუშა ვერსიაში ორი, საკმაოდ მსხვილი შენობა ფიგურირებს.

12 საკმაოდ მოზრდილი ზომის შენობა-ნაგებობა რომელიც კორტების ტერიტორიაზეა განლაგებული
 რომელიც საბედნიეროდ "ოფიციალურ რგოლში აღარ ფიგურირებს"
უნივერსიტეტის წინ მდებარე სკვერი და ირგვლივ გაშენებული ორი სამ სართულიანი შენობა

მართალია "კონცეფციის" ( რომელიც ჯერ არ შემუშავებულა) ავტორები ამბობენ რომ რეალური და განსახორციელებელი მხოლოდ ის "ოფიციალური ვერსიაა" რომელიც ასე წარმატებულად ტრიალებს სამთავრობო გვერდებზე. მაგრამ როგოც უკვე ვთქვით დაზღვეული ასეთი მოთამაშის გამოჩენის და დიდი ინვესტიციის შემთხვევაში  გადახედილი და გადასწორებული "განვითარების კონცეფციისაგან" სამწუხაროდ დაზღვეული არ ვართ. ჯერ არ ვართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გაიწეროს დიდი სახეცვლილებების დაწყებამდე

თუმცა სახეცვლილებებს ბულვარი უკვე განიცდის. ნელ-ნელა ქრება სასეირნო ალეის შუა ზოლი და მის ადგილს მწვანე მოლი იკავებს. მწვანე ჯერჯერობით, თუმცა შემდეგ განვავრცობთო და სულაც არ იყო ეს ზოლი საჭიროო. აქო შეყვარებულები ისხდნენ სევდიანადო. ნუ... 

სევდიანად ჯდომას "განახლების შემდეგ"  სავარაუდოდ ამ გაუმქებულ ზოლზე აღმოცენებულ კაფეებში შევძლებთ. ან კაფეში ყავით. ან კაფის წინ. სადაც უკვე სიმწვანის და ფიჭვნარის ნაცვლად შუაში გამოჭენებული "მსუბუქი " კაფის და მისი სტუმრების ცქრით გავერთობით. აქვე საინტერესოა ის ფაქტი თუ რამდენად იქნება დასასვენებლად გამოსული ადამიანისთვის, ვისაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა სურს, ბარის წინ სხდომა და ბარის სტუმრების ცქერა. 

კაფე, რომელის ბულვარის ალეას შუა ზოლის ნაცვლად იქნება



საქილიკო გამოდგა შენიშვნა მეტწილად მომატებულ საკურას ხეებსა და ჭრელ ფერებზე, რომელიც ბათუმის ბულვარს არ ახასიათებდა. თუ არ მოგწონს სიჭრელე ამ მოცემულ პროექტში - ესე იგი მოგწონს მხოლოდ ორი ფერი. ნუ, ლოგიკა და აქო...



შუა ალეა საკურას ხეებით,

არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი. რომელიც ცალკე აღებული ძალიან საინტერესოა და კონკრეტულ ლოკაციაზე მშვენიერიც იქნებოდა. მაგრამ რა ესაქმება მათ ბათუმის ძველ ბულვარში.., ამაზე პასუხი არ მიმიღია თუ არ ჩავთვლით პასუხად " აბა ეს ჯობია?!"ს

ან რატომ უნდა გავდეს ბათუმის ბულვარი შარმ ელ-შეიხს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ეზოს თავისი ჩანჩქერებით, იაპონური ბაღებით და ქვიშნარით. როცა ეს ყველაფერი (კი ლამაზია მაგრამ) არანაკლები სიკოხტავით განთავსდებოდა ახალ ბულვარში. მით უმეტეს ეს უკანასკნელი ასეთ დატვირთვას მშვენივრად აიტანს. 




იმ "დამამსხვრეველი არგუმენტით" მოთამაშეებს , რაც "აბა ეს მოგწონთ" ით ფიგურირდება ვეტყვი.

ნამდვილად არ მომწონს დღევანდელ ბულვარში, სანაპირო ზოლზე გაშენებული სავაჭრო ქალაქი და მათ გაყოლებაზე განთავსებული მოღობილი "ბუნგალოები" რომლებსაც ასევე არაფერი ესაქმება ძველ ბულვარში.

ნამდვილად არ მომწონს არსებული კაფეების კონცეპტი და ხარისხი. თუმცა ეს სენსიტიური თემა კონკრეტულად მფლობელებთან ერთადაა გასავლელი და გადასაჭრელი

არ მომწონს აუთვისებელი ტერიტორიების არსებობაც. თუმცა მათი გამოყენების ნაცვლად ათვისებულის გადაკეთების ფაქტს (სასეირნო შუა ალეის გაუქმებას) ვაწყდებით თან იმ მოტივით რომ ხალხის ნაკადის გადმონაცვლება მოახდინონ.

საბოლოო შედეგი ასეთია. ვიდეო, რომელიც ტრიალებს მხოლოდ იდეაა. კონცეფცია და ხედვა არ არსებობს. სამაგიეროდ დაწყებულია ბულვარში "სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო" სამუშაოები რომელიც იდეით ამ კონცეფციის ნაწილია და რომელიც, ჩემის აზრით კონცეფციის შემუშავებამდე უნდა შეჩერდეს.

კონცეფციის ჩამოყალიბებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა ნიუანსი და მცირედი დეტალი. კანონის დონემდე უნდა იქნეს აყვანილი სამომავლო განვითარების გეგმა, რომელიც სპეციალისტების მიერ იქნება შედგენილი და არ იქნება აცდენილი ბათუმის ძველი ბულვარის საერთო სურათს. თავიდანვე მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს სასტუმრო ობიექტების, დიდი სარესტორნო ლოკაციების არსებობის ალბათობა


პ.ს სქრინები, რომელიც ამ პოსტშია გამოყენებული არის "რეკონსტრუქციის" ერთ-ერთი ვერსიის ვიდეოდან ამოღებული. სავსებით შესაძლებელია რომ ეს ვერსია ვერსიადვე დარჩეს. თუმცა იმ არსებულ, "ოფიციალურ" ვერსიაშიც (სადაც ეს შენობები საბედნიეროდ არ არსებობს) კიდევ არა ერთი საკამათო დეტალია. დიდი იმედი მაქვს რომ სამომავლოდ, კონცეფციის დამუშავებისას და მასზედ მუშაობისას მაქსიმალურად გაითვალისწინებენ იმას რომ ბათუმის ბულვარი საჭიროებს მოვლას და არა გადაშენებას, დაშენებას და გარდაქმნას. 

ანალოგიური პროექტები ისეთ სენსიტიურ ლოკაციაზე როგორიც ბათუმის ძველი ბულვარია ასე არ უნდა კეთდებოდეს და მით უმეტეს მათი განხორციელება "კუდიდან" არ უნდა იწყებოდეს, ჯერ ვიდეო, მერე განხილვა და მერე კონცეფცია.

ხოლო სანამ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდება, კარგი იქნებოდა თუ დროებით შეჩერდებოდა ბულვარში ამჟამად მიმდინარე სამუშაოები და გაკეთდებოდა ის მინიმუმი, რაც სჭირდებოდა დღევანდელ ბულვარს. კერძონს ამოყრილი ასფალტის საფარის შეცვლა ქვაფენილით. ( და არანაირი  ალეების გაერთიანება )

მეტად საგულისხმო ფაქტია. არსებული (არ არსებული) კონცეფცია მეტწილად ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსწონთ :) 

ფაქტია რომ ამ თემას კიდევ არა ერთხელ დავუბრუნდებით. იმიტომ რომ ეს ბათუმის ბულვარია , ეს ჩვენი ბულვარია

Post a Comment

2 комментария:

  1. სასტუმროს მეპატრონე თუ მენეჯერია შემსრულებელი და იმიტომ გავს შარმ ელ შეიხს.... მარა კაი კიდე საზოგადოებრივი ტუალეტების დირექტორმა არ გააკეთა მაი პროექტი თორე მერე გენახა შენ......

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არც სასტუმროს ეზო უნდა იყოს ბულვარი და არც სხვა ვინმე ინვესტორის ხუშტური. ბათუმისაა ეგ ბულვარი და ბათუმელების

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!